კვირა ციფრებში: სწრაფი გოლები და გერმანული რეკორდები

AutoSharing Option
დღევანდელ მიმოხილვაში მანუელ ლანსინის და თეო უოლკოტის სწრაფ გოლებზე და მიუნხენის "ბაიერნის", მიროსლავ კლოზეს და ფრანკ დე ბურის მიღწევებზე ვისაუბრებთ...

43 - წამი იყო გასული "სუპერკლასიკოს" დაწყებიდან, როდესაც მანუელ ლანსინიმ "ბომბონერა" შოკში ჩააგდო, "რივერ პლეიტი" დააწინაურა და "ბოკა"-"რივერის" დაპირისპირებათა ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა. ლანსინიმ 7 წამით გააუმჯობესა პაბლო ლედესმას მიღწევა, რომელმაც 2007 წელს "რივერის" კარი 50-ე წამზე აიღო. ლედესმა ამჯერადაც "ბოკაში" ირიცხება და ახალი რეკორდის დამყარების მომენტში ის მოედანზეც იყო. საბოლოოდ, მასპინძლებმა ანგარიში კი გაათანაბრეს, მაგრამ მოგება ვერ მოახერხეს.
"ბოკა ხუნიორსმა" ჩემპიონატში ზედიზედ მე-11 მატჩი ვერ მოიგო, რაც კლუბის ახალი ანტირეკორდია.

20 - წამში მოახერხა თეო უოლკოტმა გოლის გატანა, რომელიც გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. "არსენალმა" "ქუინზ პარკს" 1:0 მოუგო, უოლკოტი კი ამ სეზონის პრემიერლიგის ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი გახდა. ასევე, ეს გოლი "არსენალის" ისტორიაშია ყველაზე სწრაფი - უოლკოტმა რობინ ვან პერსის აჯობა, ვინც 2011 წელს "სანდერლენდს" გოლი 29-ე წამზე გაუტანა.

მეორე დღეს მოიგო "არსენალის" კონკურენტმა "ჩელსიმ", რომელმაც სტუმრად "მანჩესტერ იუნაიტედს" 1:0 სძლია. "იუნაიტედმა" ლონდონელთა კარში გოლი ვერ გაიტანა და შეწყვიტა 66-მატჩიანი სერია, რომლის დროსაც "ოლდ ტრაფორდზე" მინიმუმ ერთი გოლი მაინც გაჰქონდა. უკანასკნელად, საკუთარ მოედანზე სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა 2009 წელს ვერ გაიტანა.

7 - უპასუხო გოლის გატანით მიუნხენის "ბაიერნმა" "ბარსელონას" ორმატჩიან დუელებში ყველაზე დიდი მარცხი აგემა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში ასეთი სხვაობა არასდროს დაფიქსირებულა. საპასუხო შეხვედრაში მიუნხენელებმა კარში სულ ორჯერ დაარტყეს და 3:0 მოიგეს. ამ მარცხით დასრულდა "ბარსელონას" საშინაო წაუგებელი სერია, რომელიც 21 შეხვედრას მოიცავდა.

"ბაიერნი" გახდა პირველი გუნდი "დანდი იუნაიტედის" შემდეგ, რომელმაც "ბარსელონას" პლეი ოფში ორივე თამაში მოუგო. შოტლანდიელებმა ეს 1987 წელს გააკეთეს. ასევე, ასეთი ანგარიშით "ნოუ კამპზე" "ბარსას" ბოლოს 2002 წელს, "სევილიასთან" ჰქონდა წაგებული.

ბავარიელთა ფინალში გასვლით მივიღეთ ისტორიაში პირველი გერმანული ფინალი ჩემპიონთა ლიგაში და მეორე ევროტურნირებზე - 33 წლის წინ ფრანკფურტის "აინტრახტმა" უეფას თასის ფინალში მიონხენგლადბახის "ბორუსია" დაამარცხა და ამ პრესტიჟულ ტიტულს დაეუფლა. სხვათა შორის, "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი მაშინ იუპ ჰაინკესი იყო.

5 - გოლი 40 წუთში. მოროსლავ კლოზემ კარიერის ყველაზე პროდუქტიული მატჩი კვირას ჩაატარა. "ლაციომ" "ბოლონიას" 6:0 მოუგო, კლოზე კი რომაული გუნდის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ერთ შეხვედრაში ხუთი გოლის გატანა შეძლო. სერია A-ს ერთ შეხვედრაში 5 გოლი ბოლოს 27 წლის წინ "რომას" ყოფილმა ფორვარდმა, რობერტო პრუცომ გაიტანა.

იტალიის ჩემპიონატის რეკორდი სილვიო პიოლას და ომარ სივორის ეკუთვნით. ორივე ამ ფეხბურთელმა ერთ შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. პიოლამ ეს "პრო ვერჩელეში" თამაშის დროს, 1933/34 წლების სეზონში მოახერხა, სივორიმ კი 1960/61 წლების სეზონში, როდესაც "იუვენტუსში" ირიცხებოდა.

აქვე აღვნიშნოთ, რომ ბოლო გოლი კლოზეს 15 დეკემბერს ჰქონდა გატანილი, "ლაციოს" კი უკანასკნელი 8 მატჩიდან 6-ში მეტოქის კარი აღებული არ ჰქონდა.

3 - საჩემპიონო ტიტული ზედიზედ - ფრანკ დე ბური ჰოლანდიის ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა. "აიაქსის" ახალგაზრდა დამრიგებელი გახდა მესამე მწვრთნელი, ვინც ამსტერდამელებს საჩემპიონო ჰეთ თრიქი შეასრულებინა. აქამდე ასეთი რამ რინუს მიხელსმა (1966, 1967, 1968) და ლუის ვან გაალმა (1994, 1995, 1996) მოახერხეს.

გარდა ამისა, დე ბური გახდა ისტორიაში მეორე მწვრთნელი გუს ჰიდინკის შემდეგ, რომელმაც სამწვრთნელო კარიერის პირველი სამი წლის განმავლობაში სამი საჩემპიონო ტიტული მოიპოვა. ჰიდინკმა თავის დროზე ზედიზედ სამი ტიტული "პსვ ეინდჰოვენს" მოაგებინა (1987, 1988, 1989).

ასევე, დე ბური გახდა მეორე ადამიანი ჰოლანდიის ჩემპიონატების ისტორიაში, ვინც ფეხბურთელის და მწვრთნელის რანგში, მინიმუმ, 3-3 ტიტული მოიგო. ტყუპისცალის გარდა, ასეთი რამ მხოლოდ რონალდ კუმანმა მოახერხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კვირა ციფრებში: ციხესიმაგრე, ანტირეკორდები და 14 წლის დებიუტანტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული