მონაწილე ქვეყნები
ფინალური საგზურებისთვის (7 პლუს მასპინძელი) 52-მა ევროპულმა ქვეყანამ 2011 წლის მარტიდან დაიწყო. ჯგუფური საკვალიფიკაციო ეტაპის 10 ჯგუფის გამარჯვებული და 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი პლეი ოფში გავიდა, სადაც გაირკვა კიდევაც 7 მონაწილის ვინაობა: ინგლისი, გერმანია, იტალია, ჰოლანდია, ნორვეგია, რუსეთი და ესპანეთი.
საქართველოს გზა
კენჭისყრისას საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მეოთხე კალათში იყო. გუნდი მე-5 ქვეჯგუფში მოხვდა ესპანეთთან, შვეიცარიასთან, ხორვატიასთან და ესტონეთთან. როგორც ხედავთ, არ გაგვიმართლა - ესპანეთი გრანდი და მოქმედი ჩემპიონია, შვეიცარიას ჩინებული თაობები მოსდის და ეს გუნდი ბოლო ჩემპიონატის ფინალისტი იყო, ხორვატია კი ყოველთვის სერიოზული ძალაა.
საბოლოოდ, "ფურია როხიტამ" პირველი ადგილი მოიპოვა, ხოლო შვეიცარია საუკეთესო მეორეადგილოსანთა შორის მოხვდა და ორივე ეს გუნდი გავიდა პლეი ოფში (იქიდან კი მხოლოდ ესპანეთი მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე).
საქართველოს ნაკრებმა 8 თამაშში მხოლოდ 10 ქულა მოაგროვა და მესამე ადგილზე გავიდა. ჩვენებმა 1 ქულით ხორვატებს აჯობეს, 9-ით - აუტსაიდერ ესტონელებს. არადა, ყველაფერი როგორ საიმედოდ იწყებოდა! ოთარ გაბელიას გუნდმა ივო შუშაკისას 1:0 მოუგო ხორვატიაში. გამარჯვების გოლი ბრწყინვალე შორეული დარტყმით თორნიკე თარხნიშვილმა გაიტანა.
2011 წლის 1 სექტემბერს ამას მოჰყვა ცივი ქუთაისური შხაპი - ესპანეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა 7:2 გაგვანადგურა. ლუის მილიას გუნდიდან თავი გამოიჩინეს დღეისათვის უკვე ჩამოყალიბებულმა ვარსკვლავებმა - "ბენფიკას" როდრიგომ ჰეთ თრიკი შეასრულა, ორი გოლი ისკოს ანგარიშზეა, რომელიც მაშინ "ვალენსიიდან" "მალაგაში" გადავიდა, ხოლო მალე შეიძლება "რეალის" ვარსკვლავი გახდეს. თითო გოლი "ბარსას" მარკ ბარტრამ და სერხიო კანალესმა გაიტანეს.
აქვე ვიტყვით, რომ დავიდ დე ხეას კარში ერთი გოლი ინიგო მარტინესმა ჩაჭრა, ერთიც ნიკა კვეკვესკირის ანგარიშზეა.
ოთხ დღეში საქართველო ესპანეთს ეწვია და უფრო ნორმალური ანგარიშით, მაგრამ მაინც უიმედოდ დამარცხდა - 0:2. ორივე გოლი სერხიო კანალესმა გაგვიტანა. ცხადზე ცხადი გახდა, რომ საქართველო ევროსაგზურს ვერ შეწვდებოდა, ოთარ გაბელიას ნაცვლად კი მწვრთნელი სოსო ჭედია გახდა, რომლის გუნდიც შინ 0:1 დამარცხდა შვეიცარიის ნაკრებთან. ჭედიას გუნდი სულაც განადგურდა შვეიცარიაში - 0:5. ამ მატჩში "გრასჰოპერის" სტივენ ცუბერმა ჰეთ თრიკი შეგვისრულა.
დანარჩენი სამი მატჩი საქართველომ 2012 წელს გამართა უკვე ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით და გაცილებით უკეთაც ითამაშა, თუმცა უკვე ძალიან გვიანი იყო: ჩვენებმა ჯერ ესტონეთში იმარჯვეს 2:1 თორნიკე ოქრიაშვილისა და ლევან ყენიას გოლებით, შემდეგ შინ ხორვატიას დაუზავდნენ - 1:1 (დავით სხირტლაძე) და ბოლოს "მიხეილ მესხზეც" მოუგეს ესტონეთს - 2:1 (ნიკა ძალამიძე და ლაშა პარუნაშვილი).
გახსოვდეს პალესტინა!
ისრაელში, მოგეხსენებათ, ხშირად იძაბება სიტუაცია. ამიტომაც უეფას სარეზერვო მასპინძელი შემზადებული ჰყავდა - ინგლისი. საბედნიეროდ, ეს საჭირო არ გახდა, რადგან ისრაელში ახლა სიმშვიდეა და ფეხბურთის თამაშიც შეიძლება.
სხვათა შორის, ჩემპიონატის გამართვას სხვა მხრივაც ემუქრებოდა ჩაშლა - ევროპის მუსლიმანურმა კავშირებმა პეტიციაც კი შეაგროვეს მიშელ პლატინის სახელზე, არ გაემართათ ჩემპიონატი ისრაელში. დიდი ყურადღება მიიქცია "სევილიას" ყოფილი ფეხბურთელის, ფრედერიკ კანუტეს მიმართვამაც, რომელსაც ცნობილი ფეხბურთელები აწერდნენ ხელს. ჩამოვთვლით რამდენიმეს: დემბა ბა, იასინ ბრაიმი, პასკალ შიმბონდა, პაპის სისე, აბუ დიაბი, ალუ დიარა, პაპე დიოპი, ედენ აზარი, სილვან მარვო, მბაიე ნიანგი, მომო სისოკო, მუსა სოუ და სხვები.
მაგრამ ერთ ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი: დიდიე დროგბამ (რომელიც პეტიციის სიაში ეწერა) განაცხადა, რომ მას ხელი არ მოუწერია ამ დოკუმენტისთვის.
ევროპის ჩემპიონატი 4 სტადიონზე გაიმართება: "ბლუმფილდზე" (თელ ავივი), "ტედიზე" (იერუსალიმი), "ჰამოშავაზე" (ფეთაჰ თიკვა) და ქალაქ ნეთანიას მუნიციპალურ სტადიონზე. "ტედის" გარდა, სტადიონები 15 ათას მაყურებელსაც არ იტევს, თუმცა ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის საკმარისია.
ისტორიული ექსკურსი
მოკლედ ვიტყვით, რომ წინა, 2011 წლის ჩემპიონატზე, რომელიც დანიაში გაიმართა, ესპანეთმა ფინალში 2:0 დაამარცხა შვეიცარიის ნაკრები. ამ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი "ბარსელონელი" ტიაგო ალკანტარა გახდა, რომელსაც კვლავ უწევს ასაკით თამაში. მთლიანად ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ორი წლის წინ ხუან მატა დაასახელეს, ბომბარდირი კი ადრიან ლოპესი გახდა. მოკლედ, ჩემპიონატმა "როხიტას" სრული ტრიუმფით ჩაიარა.
პირველი ახალგაზრდული ჩემპიონატი - 23-წლამდელთა "ჩელენჯ კაპი" 1967 წელს გაიმართა და ბულგარეთმა მოიგო. უეფას ეგიდით 21-წლამდელთა ჩემპიონატი კი 1978 წლიდან იმართება. მას მერე ყველაზე მეტჯერ ჩემპიონი იტალიის ახალგაზრდული ნაკრები გახდა - 5-ჯერ. შემდეგ მოდის ესპანეთი - 3. 2-2-ჯერ იზეიმეს ინგლისმა, საბჭოთა კავშირმა და ჰოლანდიამ.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს (ისევე, როგორც ჩვენს დიდ გუნდს) ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არასოდეს უასპარეზია.
ტურნირი
8 გუნდი ორ ჯგუფადაა გაყოფილი: A ჯგუფში ისრაელი, ნორვეგია, ინგლისი და იტალია ითამაშებენ, ხოლო B ჯგუფში: ესპანეთი, ჰოლანდია, რუსეთი და გერმანია. რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი უფრო ძლიერ ჯგუფად მოჩანს. 15 ივნისს ნახევარფინალები გაიმართება, ხოლო 18 ივნისს იერუსალიმში ჩემპიონის ვინაობას გავიგებთ.
გუნდები
თითქმის ყველა გუნდს ჰყავს უკვე ჩამოყალიბებული საერთაშორისო ვარსკვლავი და არა ერთი, თუმცა მაინც გამორჩეულია ესპანელთა შემადგენლობა - ხულიენ ლოპეტეგის იმდენად ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყავს, რომ "როხიტა" უმთავრეს ფავორიტად მიიჩნევა. აქვე გაგაცნობთ ყველა მონაწილის განაცხადს.
ინგლისი
მწვრთნელი: სტიუარტ პირსი
მეკარეები: ჯეკ ბატლენდი, ჯეისონ სტილი, დეკლან რადი.
მცველები: ნათანიელ კლაინი, ადამ სმიტი, სტივენ კოულკერი, ანდრე უისდომი, კრეიგ დოუსონი, ტომ ლისი, ჯეკ რობინსონი, ჯეისონ ლოუ, ნათანიელ ჩალობა.
ნახევარმცველები: ჯორდან ჰენდერსონი, დენი როუზი, ჯოშ მაკიჩრენი, უილფრიდ ზაჰა, თომას ინსი, ჰენრი ლენსბერი, ჯონჯო შელვი, ნათან რედმონდი.
თავდამსხმელები: ნათან დელფუნესო, მარვინ სორდელი, კონორ უიკჰემი.
გერმანია
მწვრთნელი: რაინერ ადრიონი
მეკარეები: ბერნდ ლენო, ოლივერ ბაუმანი, ტიმო ჰორნი.
მცველები: ტონი იანტშკე, შტეფან ტესკერი, ლასე სობიეხი, შკოდრან მუსტაფი, მატიას გინტერი, სეად კოლაშინაკი, ოლივერ სონგი, ანტონიო რუდიგერი
ნახევარმცველები: სებასტიან რუდი, პატრიკ ფუნკი, სებასტიან როდე, ლუის ჰოლტბი, კრისტიან კლემენსი, კრისტოფ მორიტცი, ემრე ჩანი.
თავდამსხმელები: კევინ ვოლანდი, პენიელ მლაპა, სებასტიან პოლტერი, პატრიკ ჰერმანი, პიერ-მიშელ ლასოგა.
ისრაელი
მწვრთნელი: გაი ლუზონი
მეკარეები: ბორის კლეიმანი, ბარაკ ლევი, არი იანკო.
მცველები: ელიაზერ დასა, ოფირ დავიდადზა, იდო ლევი, ბენ ვაჰაბა, ედი გოტლიბი, ტალებ ტვატა, ოფერ ვერტა, ომრი ბენ ჰარუში.
ნახევარმცველები: მარვან კაბჰა, ისრაელ ცაგური, ნირ ბიტონი, ეიალ გოლასა, სინტაიეჰუ სალალიჩი, აჰად აზამი, ომრი ალტმანი, ოფირ კრიფი.
თავდამსხმელები: მოჰამად კალიბატი, მუნას დებური, ორ ბარუჩი, ალონ ტურგემენი.
იტალია
მწვრთნელი: დევის მანგია
მეკარეები: ფრანჩესკო ბარდი, სიმეონე კოლომბი, ნიკოლა ლეალი.
მცველები: ჯულიო დონატი, კრისტიანო ბირაგი, მარკო კაპუანო, ლუკა კალდილორა, მატეო ბიანკეტი, ვასკო რეგინი.
ნახევარმცველები: მარკო ვერატი, ალესანდრო ფლორენცი, ლუკა მარონე, ანდრეა ბერტოლაჩი, ფაუსტო როსი, მარკო კრიმი.
თავდამსხმელები: ჩირო იმობილე, ლორენცო ინსინიე, მანოლო გაბიადინი, მატია დესტრო, ნიკოლა სანსონე, ალბერტო პალოსკი, რიკარდო საპონარა, ფაბიო ბორინი.
ჰოლანდია
მწვრთნელი: კორ პოტი
მეკარეები: იეროენ ზოეტი, მარკო ბიზოტი, ნიკ მარსმანი.
მცველები: რიკარდო ვან რეინი, სტეფან დე ვრეი, ბრუნო მარტინს ინდი, დელეი ბლინდი, მაიკ ვან დერ ჰოორნი, ბრამ ნიუიტინკი, პატრიკ ვან აანჰოლტი.
ნახევარმცველები: ხორდი კლასი, კევინ სტროოტმანი, ადამ მეჰერი, კელვინ ლეერდამი, ლეროი ფერი, მარკო ვან ხინკელი, ტონი ტრინიდად დე ვიენა.
თავდამსხმელები: ფლორიან ჯოზეფზოონი, ლუკ დე იონგი, ოლა ჯონი, ჯორჯინიო ვინალდუმი, დანიელ ჰოესენი, მემფის დეპაი.
ნორვეგია
მწვრთნელი: ტორ ოლე სკულერუდი
მეკარეები: არილდ იოსტბიო, ორიან ჰასკიოლდი, გუდმუნდ კონგსჰავნი.
მცველები: მარტინ ლინესი, ტომას როგნე, სტეფან სტანდბერგი, ვეგარ ჰადენსტადი.
ნახევარმცველები: ჰარმეეტ სინგჰი, ვალონ ბარიშა, მარკუს ჰენრიკსენი, ჰავარდ ნორდტვეიტი, იანიკ-ერიკ დე ლანლაი, ანდერს კონრადსენი, მაგნუს ეიკრემი, სტეფან იოჰანსენი, აბდისალამ იბრაჰიმი.
თავდამსხმელები: ომარ ელაბდელაუი, იო ინგე ბერგეტი, მარკუს პედერსენი, ჰავარდ ნილსენი, ფრედერიკ ბერგი, ფლამურ კასტრატი, ჯოშუა კინგი.
რუსეთი
მწვრთნელი: ნიკოლაი პისარევი
მეკარეები: ნიკოლაი ზაბოლოტნი, სტანისლავ კრიცუკი, ალექსანდრ ფიტცოვი.
მცველები: გეოგრი შენნიკოვი, ნიკიტა ჩიჩერინი, ტარას ბურლაკი, სერგეი ბრიზგალოვი, მაქსიმ ბელიაევი, ივან კნიაზევი.
ნახევარმცველები: იბრაგიმ ცალაგოვი, იური კირილოვი, სერგეი პეტროვი, ოლეგ შატოვი, რომან ემელიანოვი, მაქსიმ გრიგორიევი, შოთა ბიბილოვი, ალექსანდრ ზოტოვი, ალან ძაგოევი.
თავდამსხმელები: ალექსანდრ კოკორინი, ფიოდორ სმოლოვი, მაქსიმ კანუნიკოვი, პაველ იაკოვლევი, დენის ჩერიშევი.
ესპანეთი
მწვრთნელი: ხულიენ ლოპეტეგი
მეკარეები: დავიდ დე ხეა, დიეგო მარინო, ხოელი.
მცველები: მარტინ მონტოია, ნაჩო, მარკ ბარტრა, მარკ მუნიესა, ალვარო, ალბერტო მორენო, დანიელ კარვახალი.
ნახევარმცველები: ასიერ ილიარამენდი, ინიგო მარტინესი, სერხიო კანალესი, კოკე, ტიაგო ალკანტარა, ნაჩო კამაჩო, პაბლო სარაბია, ისკო.
თავდამსხმელები: როდრიგო, კრისტიან ტელიო, ალვარო მორატა, იკერ მუნიაინი, ალვარო ვასკესი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"