კვირა ციფრებში: რეკორდები და ტიტულები

AutoSharing Option
ამ კვირის სტატისტიკურ მიმოხილვაში მიუნხენის "ბაიერნის", "ამერიკას", "ლაციოს", ბელგრადის "პარტიზანის" და "ფოლა ეშის" წარმატებებზე ვისაუბრებთ...

83 - წელი ტიტულის გარეშე. სწორედ ამდენი ხანი ელოდა ჩემპიონობას ლუქსემბურგის კლუბი "ფოლა ეში", რომელმაც ერთი ტურით ადრე, კონკურენტ "ჟენესს" 5:1 მოუგო და ჩემპიონობა ნაადრევად გაინაღდა. იმ პერიოდში, როდესაც "ფოლა ეში" ვერაფერს იგებდა, "ჟენესმა" საკუთარი 28 ტიტულიდან 27 მოიგო. ახლა "ფოლა ეში" 5-გზის ჩემპიონია, წინა 4 გამარჯვება კი 1918-30 წლებში მოიპოვა. 83 წელი ყველაზე გრძელი უტიტულო პერიოდი სულაც არ არის. ჩრდილოეთ ირლანდიის კლუბი "კლიფტონვილი" ჩემპიონატს
1910-დან 1998 წლამდე, 88 წლის განმავლობაში ვერ იგებდა, ხოლო შვეიცარიის "სენტ გალენს" 96-წლიანი პაუზა ჰქონდა, სანამ 2000 წელს არ გაჩემპიონდა.

6 - საჩემპიონო ტიტული ზედიზედ. ბელგრადის "პარტიზანმა" ოთხშაბათს აუტსაიდერი "სმედერევო" 2:0 დაამარცხა და კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდა. ეს ჩემპიონობა "პარტიზანისთვის" განსაკუთრებით საამაყოა, რადგან გუნდი ტიტულების რაოდენობით (25) თავის მოსისხლე მტერს, "ცრვენა ზვეზდას" წამოეწია. აღსანიშნავია ისიც, რომ იუგოსლავიის დაშლის შემდეგ "პარტიზანი" ქვეყნის ჩემპიონი 14-ჯერ გახდა, "ცრვენა ზვეზდა" კი მხოლოდ 7-ჯერ.

5 - გამარჯვება იტალიის თასზე ბოლო 16 წლის განმავლობაში. რომის "ლაციომ" კვირას ფინალში "რომა" დაამარცხა და ამ პერიოდში (ბოლო 16 წლის განმავლობაში) იტალიის თასის ყველაზე წარმატებული გუნდის სახელი მოიპოვა. ტურნირის 91-წლიან ისტორიაში, რომაული გუნდები ერთმანეთს ფინალში პირველად დაუპირისპირდნენ. სულ კი ეს ფინალებში მესამე დერბი იყო.

პირველად ტურინული დაპირისპირება შედგა ("იუვენტუსი"-"ტორინო" 1938 წელს), მეორე კი მილანური ("მილანი"-"ინტერი", 1977 წელი). "ლაციალემ" გამარჯვება სენად ლულიჩის გოლის წყალობით მოიპოვა და იტალიის თასის მფლობელი მეექვსედ გახდა.

დამარცხებულებს თავის დამშვიდება იმით შეუძლიათ, რომ "რომა", "იუვენტუსთან" ერთად, კოპა იტალიას ყველაზე ტიტულოვანი გუნდია (9 გამარჯვება). გარდა ამისა, კლუბს "ბიანკოჩელესტისთან" ურთიერთშეხვედრებშიც უპირატესობა აქვს: 57 მოგება 43-ის წინააღმდეგ.

4 - მწვრთნელს აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა (თასი) ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად. ამ საპატიო კლუბის ბოლო წევრი იუპ ჰაინკესი გახდა, რომელმაც 1998 წელს ლიგა მადრიდის "რეალს" მოაგებინა, წელს კი მიუნხენის "ბაიერნს". 68 წლის სპეციალისტმა ერნსტ ჰაპელის ("ფეიენოორდი" და "ჰამბურგი"), ოტმარ ჰიტცფელდის (დორტმუნდის "ბორუსია" და "ბაიერნი") და ჟოზე მოურინიოს ("პორტუ" და "ინტერი") მიღწევა გაიმეორა.

"ბაიერნის" რიგებში 6-მა ფეხბურთელმა შეძლო მესამე ცდაზე ფინალის მოგება. წინა ორი წაგებული ფინალების მონაწილენი იყვნენ: მარიო გომესი, ფილიპ ლამი, თომას მიულერი, არიენ რობენი, ბასტიან შვაინშტაიგერი და დანიელ ვან ბუიტენი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კვირა ციფრებში: ბომბარდირები და ტიტულების ჰეთ თრიქი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული