კონფედერაციის თასი ციფრებში

AutoSharing Option
16 ივნისს ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში სტარტს კონფედერაციის თასის მორიგი, მე-9 გათამაშება აიღებს.

გუნდების განაცხადთან და მცირე პრევიუსთან ერთად, რამდენიმე საინტერესო სტატისტიკურ ინფორმაციასაც მოგაწვდით, რომელიც ყველა მონაწილე გუნდს ეხება...

7 - ყველაზე მეტჯერ კონფედერაციის თასზე ბრაზილიის ნაკრებს აქვს ნათამაშები. ეს ტურნირი მათთვის რიგით მეშვიდე იქნება, თანაც "სელესაოს" 1997 წლის შემდეგ არცერთი კონფედერაციის თასი არ გამოუტოვებია.

ბრაზილიას ეს ტურნირი ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული (სამჯერ, 1997, 2005 და 2009 წლებში), ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული (28),
ყველაზე მეტი მატჩი აქვს მოგებული (18) და ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი (64). ამის გარდა, "სელესაომ" კონფედერაციის თასის სამი ტიტული სამ სხვადასხვა კონტინეტზე მოიგო: 1997 წელს საუდის არაბეთში, 2005 წელს გერმანიაში და 2009 წელს სამხრეთ აფრიკაში.

2 - შუნსუკე ნაკამურამ და ჰიდეტოში ნაკატამ კონფედერაციის თასის ორ გათამაშებაში მოახერხეს გოლის გატანა. სხვა არცერთ იაპონელ ფეხბურთელს ასეთი რამ არ გაუკეთებია. ნაკამურამ 2003 წელს სამი, ხოლო 2005 წელს ერთი გოლი გაიტანა; ნაკატამ 2001-ში და 2003-ში თითო-თითო ბურთი გაიტანა.

1 - მექსიკა კონკაკაფის ერთადერთი წარმომადგენელია, რომელმაც კონფედერაციის თასი მოიგო. 1999 წელს მათ ფინალში ბრაზილია დაამარცხეს, ანგარიშით 4:3. ამ შეხვედრაში დაფიქსირდა ტურნირი რეკორდი - "აცტეკაზე" მატჩს 110 000 მაყურებელი დაესწრო

57 - სამშაბათს, ჰაიტისთან გამართულ მატჩამდე, იტალიის ნაკრებს ბრაზილიაში ბოლოს 57 წლის წინ, 1956 წლის 1 ივლისს ჰქონდა ნათამაშები. მაშინ, იტალიამ მასპინძლებთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში 0:2 წააგო. იქამდე, "სკუადრა აძურამ" ორი მატჩი 1950 წლის მუნდიალზე ჩაატარა - შვედეთთან 2:3 წააგო, პარაგვაის კი 2:0 მოუგო.

18 - ესპანეთის ნაკრების 18 წევრი, რომელიც 2009 წლის კონფედერაციის თასზე მონაწილეობდა, ერთი წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 2009 წლის ტურნირზე, "ფურია როხამ" 1/2 ფინალში აშშ-სთან 0:2 წააგო და 35-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა. ეს შედეგი ბრაზილიის მსოფლიოს რეკორდის გამეორება იყო - "სელესაომ" ამდენი წაუგებელი მატჩი 1993-1996 წლებში ჩაატარა. ესპანეთის სერია კი 2007 წელს, მანჩესტერში, ინგლისთან მოპოვებული გამარჯვების (1:0) შემდეგ დაიწყო.

16 - ურუგვაი კონფედერაციის თასს 16-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. 1997 წელს, ურუგვაიმ ჯგუფში სამივე თამაში მოიგო, მაგრამ 1/2 ფინალში ავსტრალიასთან 0:1 წააგო. ერთადერთი გოლი ჰარი კიუელმა, 92-ე წუთზე გაიტანა და მატჩიც იქვე დასრულდა, რადგან მაშინ "ოქროს გოლის" წესი მოქმედებდა.

3 - ტაიტი ოკეანეთის მესამე წარმომადგენელია, რომელიც ამ ტურნირზე ითამაშებს. სხვა ორი გუნდი, რა თქმა უნდა, ავსტრალია (სანამ 2006 წელს აზიაში გადავიდოდა) და ახალი ზელანდია არიან. ტურნირზე მონაწილეობის უფლება ტაიტიმ 2012 წლის ოკანეთის ერთა თასის მოგებით მოიპოვა. ფინალურ შეხვედრაში მათ ახალი კალედონიის ნაკრებს 1:0 მოუგეს. მატჩის ერთადერთი ბურთი სტივი ჩონგ ჰუმ გაიტანა.

0 - ნიგერია ერთია იმ ორი ნაკრებიდან, რომელსაც კონფედერაციის თასზე ჯერ მარცხი არ განუცდია - აფრიკელების ანგარიშზე ერთი მოგება და ორი ფრეა. მეორე დაუმარცხებელი გუნდი არის დანია - 2 მოგება და 1 ფრე.

საერთოდ, ნიგერიას სულ ერთი გოლი აქვს გაშვებული - მესამე ადგილისთვის მატჩში, "სუპერ არწივებს" მექსიკელმა რამონ რამირესმა გაუტანა, მატჩი 1:1 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში გამარჯვება მექსიკას დარჩა.

4 - თუ ერთ წუთს მაინც ითამაშებს, ურუგვაელი ანდრეს სკოტი ტურნირის ისტორიაში მეოთხე ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდება. რეკორდსმენი ტუნისელი ალი ბუმნიჟელია, რომელიც 39 წლის და 2 თვის იყო, მეორე ადგილზეა ლოთარ მათეუსი - 38 წელი და 4 თვე, მესამე პოზიციას კი იაპონელი რუი რამოსი იკავებს - 37 წელი და 10 თვე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული