ბრაზილია-იაპონია 3:0 - ნეიმარი იწყებს, ბრაზილია იგებს [VIDEO]

AutoSharing Option
კონფედერაციათა თასის მე-9 გათამაშება მასპინძლების და იაპონიის ნაკრების მატჩით გაიხსნა. შეხვედრა დედაქალაქ ბრაზილიაში, მანე გარინჩას სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა.

68 000-მდე გულშემატკივარმა, რომელმაც სტადიონი თითქმის ბოლომდე გაავსო, საკუთარი ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება იხილა.

შეხვედრის მესამე წუთზე მარსელომ საჯარიმოსკენ ჩააწოდა, სადაც ბურთს ფრედი დახვდა და მან თავით ნეიმარს დაუგდო - "ბარსელონას" ახალწვეულმა კი კარისკენ გაგზავნა და საკმაოდ ლამაზი გოლი გაიტანა.

კონფედერაციის თასის ისტორიაში ეს მესამე ყველაზე სწრაფი გოლი იყო.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიას კონფედერაციათა თასზე ანგარიშის გახსნის შემდეგ თამაში წაგებული არ ჰქონდა (17
მოგება და 2 ფრე). ეს სასიამოვნო ტრადიცია ამჯერადაც გაგრძელდა, თუმცა მეორე ბურთი "სელესაომ" მხოლოდ მეორე ტაიმში გაიტანა - დანი ალვეშმა ბურთი საჯარიმოს მისადგომებისკენ გაგზავნა, სადაც მას პაულინიო დახვდა და ნეიმარზე არანაკლებ ლამაზი დარტყმით ანგარიში 2:0 გახადა.

საინტერესოა, რომ ნეიმარმა და პაულინიომ იაპონიის ნაკრებს გოლები უკანასკნელ შეხვედრაშიც გაუტანეს, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში გაიმართა. მაშინ ბრაზილიამ 4:0 მოიგო - ნეიმარმა დუბლი შეასრულა, თითოჯერ კი თავი პაულინიომ და კაკამ გამოიჩინეს.

მიუხედავად საკმაოდ ძლიერი შემადგენლობისა, იაპონელებს საკმაოდ უჭირდათ და ჟულიო სეზარის შეწუხებას ძალიან იშვიათად თუ ახერხებდნენ. საბოლოოდ, მასპინძლებმა დიდი ანგარიშით იმარჯვეს. მესამე ბურთი ცვლილებაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა შექმნეს - ოსკარმა მეკარესთან პირისპირ ჟო გაიყვანა, ვინც ნაკრებში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებული ნეიმარი, რომელმაც მცირე დაზიანება მიიღო და74-ე წუთზე ლუკას მოურათი შეცვალეს, კმაყოფილი იყო:

"ბედნიერი ვარ, რომ გოლი გავიტანე. ყოველთვის ვამბობდი, რომ საკუთარი თამაშის გაუმჯობესება მსურს და მინდა, რომ გუნდმა ერთი ორგანიზმივით იმოქმედოს. ტრავმა სერიოზული არაა და მომდევნო შეხვედრისთვის მზად ვიქნები"
.

ბრაზილიამ ამ ტურნირზე ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა, დაუმარცხებელი სერია კი 9-მდე გაზარდა.

მომდევნო ტურში ლუიშ ფელიპე სკოლარის გუნდი იმ მექსიკას ხვდება, რომელმაც მათ ბოლო მარცხი აგემა (2005 წელს). იაპონიის ნაკრების მეტოქე კი იტალია იქნება.

მატჩის შემდეგ
ლუიშ ფელიპე სკოლარი (ბრაზილია):
"დღევანდელმა შეხვედრამ აჩვენა, რომ გუნდი ნელ-ნელა უმატებს. სწრაფი გოლი ძალიან დაგვეხმარა, ამის შემდეგ კი დრო რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალის გაუმჯობესებას დავუთმე. დარწმუნებული ვარ, რომ ყოველდღე მოვუმატებთ და თამაშს მხოლოდ და მხოლოდ გავაუმჯობესებთ. ნეიმარი? ადრეც არაერთხელ მითქვამს, რომ ის ფანტასტიკური ფეხბურთელია. ის, შესაძლოა, ახლა ფორმაში არ იყოს, მაგრამ ნეიმარი ნამდვილი ვარსკვლავია და ამაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გუნდია. დღეს ჩვენი თავგანწირვა, ცივსისხლიანობა და ფიზიური მომზადება მომეწონა"
.

ალბერტო ძაკერონი (იაპონია):
"ახლა ანალიზისთვის საუკეთესო დრო არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენმა გუნდმა ყველაფერი ის ვერ აჩვენა, რაც ამ მატჩისთვის მოვამზადეთ. პირველი მატჩის და მეტოქის ფაქტორმა ჩვენზე ცუდად იმოქმედა. მათ საკუთარი კედლებით მაქსიმალურად ისარგებლეს, ჩვენ კი ისე კარგად ნამდ
ვილად ვერ ვითამაშეთ, როგორც შეგვეძლო".

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი
ნეიმარი (ბრაზილია)
"ბარსელონას" ახალწვეული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ბრაზილიის ნაკრებს, მთლიანობაში, მიუხედავად სამი გოლისა, განსაკუთრებული შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია, მაგრამ ეს ტურნირის პირველი მატჩი იყო და დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევია; თანაც, სკოლარიმაც აღნიშნა, რომ მისი გუნდი თანდათან მოუმატებს. ვნახოთ...

ნეიმარმა კი კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი პირველი გოლით შეიტანა, რომელიც ძალიან ლამაზი და ამავე დროს, მნიშვნელოვანი გამოდგა. ფორვარდმა "სელესაოს" რიგებში 21-ე გოლი (35-ე შეხვედრაში) გაიტანა.

74-ე წუთზე, როდესაც მის ნაცვლად მოედანზე ლუკას მოურა გამოდიოდა, სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა "სანტოსის" ყოფილი ფეხბურთელი ოვაციებით გააცილეს. არადა, "სანტოსის" მაისურით თავისი უკანასკნელი მატჩი ("ფლამენგოს" წინააღმდეგ) ნეიმარმა სწორედ ამ არენაზე ჩაატარა და მაშინ მანე გარინჩას სახელობის სტადიონზე შეკრებილი პუბლიკა 21 წლის ფორვარდს 90 წუთის განმავლობაში უსტვენდა.

კონფედერაციათა თასი. A ჯგუფი. I ტური
ბრაზილია-იაპონია 3:0
გოლები: 1:0 ნეიმარი (3), 2:0 პაულინიო (48), 3:0 ჟო (90+3)

ბრაზილია (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - დანი ალვეში, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მარსელო - პაულინიო, ლუის გუსტავო - ჰალკი (75. ერნანესი), ოსკარი, ნეიმარი (74. ლუკას მოურა) - ფრედი (81. ჟო)

იაპონია (4-2-3-1): კავაშიმა - უჩიდა, იოშიდა, კონო, ნაგატომო - ჰასებე, ენდო (78. ჰოსოგაი) - ჰონდა (88. ინუი), კაგავა, კიოტაკე (51. მაედა) - ოკაზაკი

გაფრთხილება: ჰასებე
კუთხური: 4-0; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 14-10 (9-6); ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 67 423

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


სატურნირო მდგომარეობა
1. ბრაზილია 1 1 0 0 3-0 3
2. იტალია 1 1 0 0 2-1 3
3. მექსიკა 1 0 0 1 1-2 0
4. იაპონია 1 0 0 1 0-3 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული