იტალია-მექსიკა 2:1 - სუპერპირლო [VIDEO]

AutoSharing Option
მართალია, ისე დამაჯერებლად ვერა, როგორც ბრაზილიის ეროვნულმა გუნდმა, მაგრამ იტალიამაც მოიგო და პირველი ტურის შემდეგ A ჯგუფში ყველაფერი ლოგიკურად დალაგდა.

"სელესაოს" და "სკუადრა აძურას" 3-3 ქულა აქვთ, მომდევნო ტურში მეტოქეებს გაცვლიან და თუ იქაც მოიგეს, ნახევარფინალურ საგზურებს ნაადრევად გაინაღდებენ...

მიმოხილვა
მატჩი იტალიელთა უპირატესობით წარიმართა, რაზეც სტატისტიკური მონაცემებიც ნათლად მეტყველებს. ჩეზარე პრანდელის შეგირდები დროის უდიდეს ნაწილს მეტოქის ნახევარზე ატარებდნენ და ბუნებრივია, მომენტებიც მეტოქეზე მეტი შექმნეს.

იტალიელთა თავკაცმა 4-3-2-1 ტაქტიკა აირჩია, ერთადერთ გამოკვეთილ ფორვარ
დად მარიო ბალოტელი გაამწესა და მოედნის სიღრმიდან კლაუდიო მარკიზიოსა და ემანუელე ჯაკერინის ტანდემი დაახმარა... თუმცა ყველაზე მეტად ბალოტელის მაინც ანდრეა პირლო ეხმარებოდა, რომელმაც პირველ ტაიმში დიდებულად გაიტანა და მთლიანობაში, ბრწყინვალედ გაისარჯა.

პირლომ დაახლოებით 30 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი პირდაპირ "ცხრიანში" გაიტანა, 1:0. ეს 27-ე წუთზე მოხდა, დაახლოებით 7-8 წუთში კი აპენინელებმა მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცეს...

ანდრეა ბარცალიმ
საკუთარ საჯარიმოში უხეში შეცდომა დაუშვა, ბურთი მეტოქეს ჩააბარა და შემდეგ აკრძალული ხერხით შეაჩერა - უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად "ჩიჩარიტომ" აქცია, 1:1...

მეორე ტაიმში იტალიელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა - თამაში მთლიანად მექსიკელთა ნახევარზე გადავიდა, რამაც შედეგი 78-ე წუთზე გამოიღო: იტალიელთა სამსვლიანი კომბინაციის შემდეგ ბურთი მარიო ბალოტელიმდე მივიდა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში სამ მცველს აჯობა და ძლიერი დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა, 2:1.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



აღსანიშნავია, რომ გატანილი გოლი ბალოტელიმ კვლავაც კუნთების დემონსტრირებით აღნიშნა, მაისურის გახდისთვის კი ყვითელი ბარათი მიიღო.

დარჩენილ წუთებში იტალიელებმა ბურთი დაიჭირეს და მექსიკელებს შანსი, პრაქტიკულად, არც მისცემიათ. "სკუადრა აძურამ" უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო და დიდი ნაბიჯი გადადგა ნახევარფინალისკენ.

საუკეთესო ფეხბურთელი
დიდი სამუშაო შეასრულა მარიო ბალოტელიმ და რომ არა ერთი ფეხბურთელი, ის უდავოდ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იქნებოდა... თუმცა, ის ერთი ფეხბურთელი არსებობს და მისი სახელი ანდრეა პირლოა.

"იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების საყრდენმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ეროვნული გუნდისთვის მოთამაშეების შერჩევისას პასპორტში ყურება არაა გამართლებული. წლებთან ერთად, პირლოს საშემსრულებლო ოსტატობა ემატება, მისი თამაში კი ნამდვილი ხელოვნებაა.

ანდრეამ მთელი შეხვედრის განმავლობაში უდირიჟორა გუნდს და ის გოლიც დაიმსახურა, რომელიც პირველი ტაიმის შუაწელს გაიტანა. თანაც, რა გოლი - დაახლოებით 30 მეტრიდან უძლიერესი დარტყმით ბურთი ცხრიანში ჩაჭედა. ბრავო, პირლო...

ჩეზარე პრანდელი (იტალია):
"საწყის წუთებში შეგირდებს მღელვარება შევატყვე, თუმცა შემდეგ გაიხსნენ და ძალიან კარგი მატჩი ჩაატარეს. გამოჩნდა, რომ ფიზიკური მომზადების მხრივ, ყველაფერი რიგზეა, რამაც მეტად გამახარა. საოცრად ითამაშა ანდრეა პირლომ, მისმა გარჯამ "მარაკანაზე" შეკრებილი 80 ათასამდე ქომაგი აღაფრთოვანა. მარიო ბალოტელი? - "ბასტა", კუნთების დემონს
ტრირება მას სასტიკად აეკრძალება".

კონფედერაციათა თასი 2013. A ჯგუფი. I ტური
იტალია-მექსიკა 2:1
გოლები: 1:0 პირლო (27), 1:1 ერნანდესი (34-პენ.), 2:1 ბალოტელი (78).

იტალია (4-3-2-1): ბუფონი - აბატე, ბარცალი, კიელინი, დე შილიო - პირლო, დე როსი, მონტოლივო - მარკიზიო (68. ჩერჩი), ჯაკერინი (88. აკვილანი) - ბალოტელი (86. ჯილარდინო).

მექსიკა (4-2-3-1): კორონა - ფლორესი, როდრიგესი, მორენო, სალსიდო - ზავალა (86. ხიმენესი), ტორადო - აკინო (53. მაიერი), დოს სანტოსი, გუარდადო - ერნანდესი.

გაფრთხილება: მორენო, დოს სანტოსი - ბარცალი, დე როსი, ბალოტელი.

კუთხური: 4-2; ჯარიმა: 16-17; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 15-8(8-4); ბურთის ფლობა: 57%-43%.

მაყურებელი: 77 000

სატურნირო მდგომარეობა
1. ბრაზილია 1 1 0 0 3-0 3
2. იტალია 1 1 0 0 2-1 3
3. მექსიკა 1 0 0 1 1-2 0
4. იაპონია 1 0 0 1 0-3 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილია-იაპონია 3:0 - ნეიმარი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული