გენერალ ოტმარ ჰიტცფელდის რჩევები კოლეგებს

AutoSharing Option
გერმანული ფეხბურთის გულშემატკივრებმა საყვარელი ფეხბურთელებისთვის ისეთი სახელების შერქმევა იციან, რომელშიც იოლად ამოიკითხავთ, თუ რას ფიქრობს ხალხი მათზე.

მაგალითად, ფრანც ბეკენბაუერს "კაიზერი" შეერქვა, ოტო რეჰაგელს - "მეფე", ოტმარ ჰიტცფელდს - "გენერალი".

"დორტმუნდისა" და "ბაიერნის" ყოფილმა თავკაცმა ჰიტცფელდმა უეფას ნიონის ოფისში პროფესიული ლიცენზიის სამწვრთნელო კურსებზე ახალგაზრდა კოლეგებს ლექცია წაუკითხა, რომლის მოკლე შინაარსიც უეფას ვებგვერდმა 19 ივნისს გამოაქვეყნა.

- საფეხბურთო კარიერის განმავლობაში მოკრძალებული ადამიანი გახლდით და სულ ვიბნეოდი, როცა ხალხის წინაშე გამოსვლა მიწევდა. მწვრთნელობის დროს კი გუნდთან ინტენსიური ურთიერთობა მიწევდა. ამისთვის შინ სარკესთან
ვმეცადინეობდი, რათა ფეხბურთელებისთვის სათქმელი, რაც შეიძლებოდა, გასაგებად გადამეცა.

მოქნილობა
ძალიან მნიშვნელოვანია, გქონდეს თამაშის შენეული ფილოსოფია და მისი რეალიზაცია მოახერხო. ამისთვის აუცილებლად დაგჭირდება შესაბამისი ფეხბურთელები. 1991 წელს, როცა "დორტმუნდი" ჩავიბარე, მინდოდა, გუნდი 4-4-2 ან 4-2-3-1 სქემაზე ამეწყო, მაგრამ მივხვდი, რომ ამისთვის შემსრულებლები არ მყავდა. შევცვალე მიდგომა და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ მივუბრუნდი პირვანდელ იდეას.

პრობლემურ ფეხბურთელებთან ურთიერთობა
როგორც ფეხბურთელი, მეტად ეგოისტი ვიყავი. კარგი გუნდური მოთამაშე არასოდეს მერქვა. უკვე მწვრთნელმა გავაანალიზე ნიუანსები და მივხვდი, რომ მსგავს შეგირდებს სხვებზე მეტი ყურადღება უნდა მიაქციო. ასეთ შემთხვევაში ისინი შენთვის მთელი სულითა და გულით დაიხარჯებიან. თუკი მხოლოდ იოლად დასამორჩილებელ ხალხზე გაკეთდება აქცენტი, გუნდი ძლიერი არასოდეს იქნება.

საკუთარი შეცდომების აღიარება
წინსვლა ნეგატიური გამოცდილების გარეშე შეუძლებელია. მაგალითად, ჩვენზე დადებითად იმოქმედა 1999 წლის ლიგის ფინალში წაგებამ. ორი წლის თავზე "ბაიერნმა" ეს ტურნირი მოიგო. შევკრიბე გუნდი და ვუთხარი, რომ თუ არ გვსურდა, მაყურებელი კიდევ ერთხელ გაგვეწბილებინა, საჭირო იყო საკუთარი შეცდომების გააზრება.

ბარსელონაში უკანასკნელ წამებამდე კონცენტრაცია დაგვაკლდა, რაც "იუნაიტედმა" არ გვაპატია. პლუს ამას, ზედმეტად ვნერვიულობდით. ასე რომ, წაგებაში დამნაშავენი თავად ვიყავით. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ფეხბურთელებისთვის ეს ამეხსნა. სწორი დასკვნების გამოსატანად საკმარისი კლასი გვქონდა. მნიშვნელოვანია, რომ წაგების შემდეგ მოთამაშეებმა ახალი მოტივაცია დაინახონ.

ეპოქისთვის ფეხის აწყობა
მნიშვნელოვანია პროგრესისთვის თვალის დევნება. მწვრთნელმა ფეხბურთზე უნდა იფიქროს 24 საათის განმავლობაში. აუცილებელია რეგულარული ზრუნვა გუნდზე და ახალი მეთოდების გამოყენება, მაგალითად, ვიდეოანალიზის დანერგვა. საჭიროა სხვა თამაშების ყურება, თანაც ერთჯერადად თვალის შევლება საკმარისი არ არის. საჭიროა ყურება და სწავლა. სამწვრთნელო შტაბში გამოცდილებისა და ახალგაზრდული ბალანსის დაცვაც კარგია.

გულწრფელობა ურთიერთობებში
ფეხბურთელებს ყოველთვის გულწრფელად ვუხსნიდი, რატომ არ დავაყენე ისინი ძირითადში. მწვრთნელს შეუძლია თქვას, შენ არ თამაშობ, იმიტომ, რომ მე ასე მინდა, მაგრამ ვცდილობდი, ასე არასოდეს მოვქცეულიყავი. მწვრთნელობის პირველ ეტაპზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებდი, თუ რა ტონით ვაკრიტიკებდი ფეხბურთელს. ამის სწავლა აუცილებელია.

თავისთავად, მსგავსი ცოდნა ჰაერიდან არ მოფრინდება. უნდა დარწმუნდეთ, რომ კრიტიკული შენიშვნებით შეურაცხყოფას არ აყენებთ თქვენს შეგირდს, რადგან ზოგიერთი შესაძლოა, ძალიან მგრძნობიარე იყოს. ასეთების ნდობის შენარჩუნება კი უმნიშვნელოვანესია.

ადამიანური ფაქტორი
ჩემი შეგირდები ელოდებიან, რომ მეტოქე სკრუპულოზურად მეყოლება შესწავლილი, ისევე, როგორც ყოველი დეტალი უნდა ვიცოდე მათზე. ფეხბურთელს ყოველთვის იმედი აქვს, რომ მის მიმართ დამოკიდებულება არ იქნება, როგორც უბრალო ფიგურისადმი, ზურგზე წარწერილი ნომრით. მათთან ურთიერთობა გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რაც მოედანზე ხდება, არამედ იმასაც, რაც მის მიღმა ტრიალებს. სწორედ ამიტომ არის საჭირო ისეთი ურთიერთობის ჩამოყალიბება, რაც გუნდს გააერთიანებს.

60-70-იან წლებში უფრო მეტად ავტორიტარი მწვრთნელები სჭარბობდნენ. ჩვენს ეპოქაში კი ეს აღარ ჭრის. 2011 წლის ივნისში, "უემბლიზე" ინგლისთან საკვალიფიკაციო შეხვედრის წინ გრანიტ ჯაკას ვუხმე და ვკითხე, შეგიძლია 90-ათასიანი სტადიონის წინაშე თამაში-მეთქი? მიპასუხა, რატომაც არა, თქვენ რა, მე არ მენდობითო? დიახ, ახალგაზრდა ფეხბურთელები ბევრად უფრო ადრე იზრდებიან და საკუთარი თავის რწმენას პოულობენ. 30 წლის წინ ჩემი ფეხბურთელი ასეთ პასუხს არასოდეს მომცემდა.

მუშაობ 20, 25, ხანდახან 30 ფეხბურთელთან. ამ დროს ადამიანური ფაქტორის გაუთვალისწინებლობა შეუძლებელია.

ენების ცოდნა
მიმაჩნია, რომ ფეხბურთელებთან ურთიერთობა სამწვრთნელო საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. აუცილებელია, ზუსტად გესმოდეს ის, რაც ხდება გუნდში და მასში მონაწილეობდე. ამას გარდა, როცა დიდ კლუბში მუშაობ, შენ მისი წარმომადგენელიც ხდები მასმედიასთან ურთიერთობაში. ასეთ დროს ყოველი სიტყვა მნიშვნელოვანი ხდება, ყოველ დეტალს თავისი აზრი ეძლევა. ჩვენს დროში უცხოელს, თუკი მან უცხო ენები არ იცის, ძალიან გაუჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საუკეთესოთა შორის საუკეთესო მწვრთნელები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული