"ფენერბაჰჩე" და "ბეშიქთაში" აპროტესტებენ

AutoSharing Option
უეფამ თურქული გრანდები, ვიცე-ჩემპიონი "ფენერბაჰჩე" და მესამეადგილოსანი "ბეშიქთაში" მკაცრად დასაჯა - "ფენერი" ახლო წარსულში მანიპულაციების გამო ევროსარბიელიდან 3 წლით მოიკვეთა, "ბეშიქთაში" კი - ერთი წლით.

განაჩენის გამოცხადებიდან ერთი დღის შემდეგ დასჯილი კლუბების ხელმძღვანელებმა ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ განაჩენს გაასაჩივრებენ.

"ცხადია, გავასაჩივრებთ! ახლა, უბრალოდ, განაჩენის დეტალურ აღწერასა და არგუმენტების სრულ ჩამონათვალს ველით," - განაცხადა "ფენერბაჰჩეს" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იასემინ მერჩილმა.

პროტესტს აცხადებს და მომდევნო ინსტანციაში ჩივილს აპირებს "ბეშიქთაშის" პრეზიდენტი ფიქრეთ ოზმანიც: "განაჩენი ყოვლად მიუღებელი და უსამართლოა. ცხადია, რომ ჩვენი უფლებებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ!"

გაგახსენებთ, რომ უეფამ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ "ფენერბაჰჩე" 2011 წელს თურქეთის ჩემპიონი თამაშების ჩაწყობისა და სხვადასხვა მანიპულაციის შედეგად გახდა. "ფენერმა" ჩემპიონობა ბოლო ტურში, "სივასთან" მოგებით გაინაღდა და როგორც გაირკვა, ეს მატჩი მანიპულირებული იყო.

"ბეშიქთაშმა" კი იმავე წელს თურქეთის თასი ასევე მანიპულაციებით მოიგო - ფინალში "ბუიუქშეჰირი" პენალტების სერიით 6:5 დაამარცხა. "ფენერს", წესით, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა ეთამაშა, "ბეშიქთაშს" კი - ევროპალიგაში.

ბილიჩი დაინიშნა
აქვე გეტყვით, რომ 26 ივნისს საბოლოოდ გადაწყდა და დადასტურდა, რომ "ბეშიქთაშის" მთავარი მწვრთნელი 44 წლის ხორვატი სპეციალისტი სლავენ ბილიჩი იქნება. კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ბილიჩთან სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სლავენი მოსკოვის "ლოკომოტივიდან" გაათავისუფლეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, ბილიჩი პირველ ორ სეზონში სეზონურად 1.5 მილიონ ევროს მიიღებს, მესამე წელს კი მისი ხელფასი 1.7 მილიონი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
შოთა არველაძე ევროპალიგაზე - უეფამ "ფენერბაჰჩე" და "ბეშიქთაში" მოკვეთა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული