შეხვედრის ძირითადი დროის განმავლობაში მაყურებელს მოწყენის საშუალება არ ჰქონდა - ფეხბურთელებმა არაერთი ლამაზი ეპიზოდი და რაც მთავარია, არაერთი ლამაზი გოლი გვაჩუქეს, თუმცა ანგარიში კურიოზულ ვითარებაში გაიხსნა.
24
მეორე ტაიმში მაყურებელმა სამი ერთმანეთზე ლამაზი ბურთი იხილა. ჯერ იტალიელთა შეცდომის შედეგად წამოწყებული კონტრშეტევა გარგანოს შესანიშნავი პასით და კავანის არანაკლებ კარგი დარტყმით დასრულდა, ამას კი დიამანტის გოლი მოჰყვა - ელ შაარავის მიერ გამომუშავებული სტანდარტული "ბოლონიას" შემტევმა იდეალურად შეასრულა და მუსლერას შანსი არ დაუტოვა.
პირველი გოლისგან განსხვავებით, "გალათასარაის" მეკარეს ამ სიტუაციაში ვერ დავადანაშაულებთ. დიამანტიმ ეს გოლი 73-ე წუთზე გაიტანა, ზუსტად 5 წუთში კი კიდევ უფრო ლამაზი ბურთი ედინსონ კავანიმ შეაგდო და დუბლი შეასრულა. "ნაპოლის" ფორვარდმა უფრო შორი მანძილიდან დაარტყა და ჯიჯი ბუფონს ზედა კუთხეში გაუტანა.
აღსანიშნავია, რომ დარტყმა ისეთივე ზუსტი არ იყო, როგორც დიამანტის შემთხვევაში, მაგრამ გაცილებით ძლიერი გახლდათ და პრაქტიკულად, აუღებელთა კატეგორიიდან იყო.
საბოლოოდ, 90 წუთი ასეც დასრულდა - 2:2. აი, დამატებით დროში უპირატესობას უკვე მთლიანად ოსკარ ტაბარესის გუნდი ფლობდა, იტალიას კი დაღლა დაეტყო, რაც გასაკვირი სულაც არაა - "სკუადრა აძურამ" 1/2-ფინალშიც 120 წუთი, თანაც "სელესტეზე" ერთი დღით გვიან ითამაშა.
სამხრეთამერიკელებმა რამდენიმე მომენტი შექმნეს, ერთხელ პენალტსაც ითხოვდნენ, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა. დაინიშნა 11-მეტრიანები, რომლის დროსაც გაიბრწყინა ჯიჯი ბუფონმა და ყველა ის კრიტიკოსი დაადუმა, ვინც მის დაბერებაზე საუბრობდა - 35 წლის მეკარემ 3 პენალტი აიღო და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.
იტალიამ 2013 წლის კონფედერაციათა თასი მესამე ადგილზე დაასრულა, ურუგვაი კი, 2010 წლის მუნდიალის მსგავსად, აქაც მეოთხე ადგილზე გავიდა.
მატჩის შემდგომი კომენტარები:
ჯანლუიჯი ბუფონი: ვერ გაგახარეთ ესპანეთთან, გაგახარეთ ურუგვაისთან!
ედინსონ კავანი: იტალიამ დაიმსახურა მესამე ადგილი, ფორცა "ნაპოლი"!
საუკეთესო ფეხბურთელი
ედინსონ კავანი (ურუგვაი)
ბუფონის გმირობის მიუხედავად, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დუბლის ავტორი ედინსონ კავანი დაასახელეს, რომელმაც პენალტების სერიაშიც გაიტანა. 26 წლის თავდამსხმელმა ორი მართლაც გამორჩეული და ლამაზი გოლი მიითვალა. აქამდე კავანის ერთზე მეტი გოლი სულ ერთხელ, 2010 წელს, ინდონეზიის ნაკრებთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა გატანილი, როდესაც აზიელ მეტოქეს ჰეთ თრიქი შეუსრულა, ურუგვაიმ კი 7:1 მოიგო.
კონფედერაციათა თასი. მატჩი III ადგილისთვის
ურუგვაი-იტალია 2:2 პენ. 2:3
გოლები: 0:1 ასტორი (24), 1:1 კავანი (58), 1:2 დიამანტი (73), 2:2 კავანი (78)
პენალტების სერია: 0:0 ფორლანი (მეკარე), 0:1 აკვილანი, 1:1 კავანი, 1:2 ელ შაარავი, 2:2 სუარესი, 2:2 დე შილიო, 2:2 მ. კასერესი (მეკარე), 2:3 ჯაკერინი, 2:3 გარგანო (მეკარე)
ურუგვაი (4-3-3): მუსლერა - მაქსი პერეირა (81. ალვარო პერეირა), ლუგანო, გოდინი, მ. კასერესი - გარგანო, არევალო რიოსი (107. დ. პერესი), კ. როდრიგესი (56. ა. გონსალესი) - სუარესი, ფორლანი, კავანი
იტალია (4-3-2-1): ბუფონი - მაჯო, ასტორი (96. ბონუჩი), კიელინი, დე შილიო - კანდრევა, დე როსი (70. აკვილანი), მონტოლივო - დიამანტი (83. ჯაკერინი), ელ შაარავი - ჯილარდინო
გაფრთხილება: მაქსი პერეირა, სუარესი - კიელინი, მონტოლივო
გაძევება: მონტოლივო (110. იტალია)
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 19-14; თამაშგარე: 6-4; კარში დარტყმა: 21-19 (15-11); ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 43 382
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"