საფრანგეთის ნაკრების ისტორიული გამარჯვება

AutoSharing Option
სტამბულში, "ალი სამი იენზე" გამართული ფინალური მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრებმა ურუგვაის ახალგაზრდულ გუნდს პენალტების სერიაში მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად იმარჯვა.

ამ გამარჯვებით საფრანგეთმა რეკორდი დაამყარა და გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ფიფას ეგიდით ჩატარებული ხუთი სხვადასხვა ტურნირის მთავარი პრიზი მოიპოვა - 20-წლამდელთა ჩემპიონატის გარდა, ფრანგებს მოგებული აქვთ მუნდიალი (1998), კონფედერაციათა თასი (2001, 2003), 17-წლამდელთა მუნდიალი (2001) და ოლიმპიური თამაშები (1984). "სამფეროვნებმა" არგენტინა და ბრაზილია ჩამოიტოვეს: არგენტინას 17-წლამდელთა მუნდიალი არ მოუგია, ბრაზილიას კი - ოლიმპიადა.

შეხვედრის გმირი ალფონს არეოლა გახდა. "პარი სენ ჟერმენის" ნიჭიერმა მეკარემ საკუთარი გუნდი რამდენიმე ეპიზოდში გადაარჩინა, პენალტების სერიაში კი ორი 11-მეტრიანი მოიგერია. ურუგვაელთა მხრიდან ემილიანო ველასკესმა და ჯორჯიანო დე არასკაეტამ ვერ ივარგეს, ფრანგებმა კი ყველა პენალტი ზუსტად შეასრულეს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.

ურუგვაიმ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ძირითად დროში გამარჯვებასთან უფრო ახლოს "სელესტე" იყო. მატჩის დასაწყისში ნიკოლას ლოპესი და დიეგო ლაქსალტი აქტიურობდნენ, ფრანგებიდან კი პოლ პოგბა გამოირჩეოდა, თუმცა პიერ მანკოვსკის შეგირდები მხოლოდ შორეული დარტყმებით კმაყოფილდებოდნენ.

მეორე ნახევარში "ნიცას" და "ლილის" უნიჭიერესი შემტევები, ალექსი ბოსეტი და ფლორიან ტოვენი გააქტიურდნენ, მაგრამ მატჩის ყველაზე რეალური მომენტი წყვილის აუტსაიდერად მიჩნეულმა ურუგვაიმ შექმნა - დე არასკაეტას შესანიშნავი პასის შემდეგ ფელიპე ავენატი არეოლასთან პირისპირ დარჩა, მაგრამ მეკარემ კარი დროულად დატოვა და საკუთარი გუნდი იხსნა.

დამატებით დროში გუნდები აღარ რისკავდნენ და მოსაწყენი სანახაობა ლოგიკურად, გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, პენალტების სერიაზე კი უკვე ვისაუბრეთ.

საბოლოო ჯამში, საფრანგეთი ტურნირის ყველაზე ძლიერი გუნდი კი იყო, თუმცა კონკრეტულად ფინალში უფრო უკეთ ურუგვაიმ ითამაშა, მაგრამ "სელესტემ" მეორე ფინალიც (პირველად 1997 წელს, არგენტინასთან) წააგო.

მომდევნო ახალგაზრდული მუნდიალი 2015 წელს, ახალ ზელანდიაში გაიმართება. წლის ბოლოს კი 17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი გველის, რომლის მასპინძელიც არაბეთის გაერთიანებული საემიროები იქნება.

საფრანგეთი-ურუგვაი 0:0 პენ. 4:1
პენალტების სერია: 1:0 პოგბა, 1:0 ე. ველასკესი (მეკარე), 2:0 ვერეტუ, 2:0 დე არასკაეტა (მეკარე), 3:0 ნგანდო, 3:1 ოლასა, 4:1 ფულკიე
საფრანგეთი (4-3-2-1): არეოლა - ფულკიე, ზუმა, სარი, დინი (115. პოლომატი) - ვერეტუ, პოგბა, კონდოგბია - ბაებეკი (65. ბოსეტი, 112. ნგანდო), ტოვენი - სანოგო
ურუგვაი (4-4-2): დე ამორესი - ე. ველასკესი, ხ. ხიმენესი (84. გ. ვარელა), გ. სილვა, ჯ. როდრიგესი (101. ოლასა) - პაისი, კრისტოფორო, ასევედო, ლაქსალტი (71. დე არასკაეტა) - ავენატი, ნ. ლოპესი
გაფრთხილება: პოგბა, ვერეტუ - ე. ველასკესი, კრისტოფორო
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 16-17; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 12-22 (5-14); ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 20 601

მატჩი III ადგილისთვის
ორი ძალიან სიმპაიური გუნდის მატჩი განის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ამ შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ებენეზერ ასიფუას გოლი იყო - ამ ბურთის წყალობით, 20 წლის ფორვარდმა პორტუგალიელ ბრუმას და ესპანელ ხესე როდრიგესს გადაასწრო და მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირის წოდება მოიპოვა.

ბომბარდირები: 6 - ებენეზერ ასიფუა (განა); 5 - ბრუმა (პორტუგალია), ხესე როდრიგესი (ესპანეთი); 4 - ნიკოლას კასტილიო (ჩილე), იაია სანოგო (საფრანგეთი), ნიკოლას ლოპესი (ურუგვაი).

განა-ერაყი 3:0
გოლები: 1:0 ატამა (35), 2:0 ასიფუა (45), 3:0 აჩეამპონგი (78)

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი
პოლ პოგბა
(საფრანგეთი)

ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ პოლ პოგბა დაასახელეს. "იუვენტუსის" ახალგაზრდა ნახევარმცველმა მთელი ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და საფრანგეთის ნაკრების უდავო ლიდერად მოგვევლინა.

"ვერცხლის ბურთის" მფლობელი ნიკოლას ლოპესი გახდა. "რომას" უნიჭიერესმა შემტევმა ურუგვაის ნაკრების წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

"ბრინჯაოს ბურთის" მფლობელი კი განის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი კლიფორდ აბოაგიე გახდა.

ოქროს ხელთათმანი
გილერმო დე ამორესი (ურუგვაი)

საუკეთესო მეკარის პრიზი არა ალფონს არეოლამ, არამედ გილერმო დე ამორესმა მიიღო. მონტევიდეოს "ლივერპულის" 18 წლის მეკარემ სულ სამი გოლი გაუშვა, რაც ტურნირის საუკეთესო შედეგი იყო. ნიკოლას ლოპესთან ერთად, გილერმო დე ამორესი "სელესტეს" ფინალში გასვლის მთავარი მიზეზი გახლდათ.

ფეარ პლეის პრიზი
ესპანეთი

ფავორიტობის მიუხედავად, ესპანეთის ნაკრები ტურნირს 1/4-ფინალში გამოეთიშა, მაგრამ პირინეელებმა თურქეთი ტიტულის გარეშე მაინც არ დატოვეს. ხულენ ლოპეტეგის შეგირდებმა ყურადღება არა მარტო ლამაზი, არამედ სუფთა თამაშითაც მიიპყრეს - ესპანელებმა მხოლოდ 5 ყვითელი ბარათი დაიმსახურეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ასევე იხილეთ:
თურქეთი 2013 ციფრებში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული