ეს ინფორმაცია 22 ივლისს ოფიციალურად დადასტურდა და ისიც გაირკვა, რომ ჰიდინკს "ანჟიში" მისი ასისტენტი რენე მოლენსტეენი შეცვლის. 22-შივე გავრცელდა პირველი სპეკულაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა, 66 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი "ბარსელონაში" დაინიშნოს.
"ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ ყოველთვის ვამბობდი, როგორც კი შევატყობ, რომ "ანჟის" ჩემ გარეშეც შეუძლია განვითარება, ჩემი მისია მახაჭყალაში მაშინვე დასრულდება-მეთქი, - ნათქვამია ჰიდინკის ოფიციალურ განცხადებაში, - ახლა სწორედ ასეთი მომენტი დადგა.
ჰიდინკის ხელში "ანჟი" რუსეთის თასის ფინალში გავიდა და ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა, რაც მახაჭყალური კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ახალი სეზონის პირველი ორი შეხვედრის შემდეგ კი "ანჟიმ" მხოლოდ ერთ ქულას მოუყარა თავი. გასულ პარასკევს, მოსკოვის "დინამოსთან" 1:2-ზე წაგებულ მატჩში ჰიდინკმა მახაჭყალელთა კარში დანიშნული პენალტის გამო მეოთხე მსაჯს ხელი ჰკრა, რის გამოც 6-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.
შეგახსენებთ, რომ გუუს ჰიდინკი "ანჟიში" 2012 წლის თებერვალში დაინიშნა.
ესპანურმა მედიამ ჰიდინკის გვარი მყისვე "ბარსელონას" დაუკავშირა. მართალია, კატალონიურ გრანდში ფავორიტი არგენტინელი ხერარდო მარტინოა, რომელიც "ბარსას" შეფებს უკვე შეხვდა, მაგრამ გუუს ჰიდინკიც თავისუფალია, რამაც, შესაძლოა, მოვლენები შეცვალოს. უფრო დიდი შანსია, რომ ჰიდინკმა რომელიმე ნაკრები ჩაიბაროს - ოღონდ ისეთი, რომელიც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელების ტოპ-10