საერთაშორისო ჩემპიონთა თასი: "ინტერმა" "იუვენტუსი" ბოლო ადგილზე დატოვა

AutoSharing Option
ცოტა უჩვეულოდ ჟღერს, მაგრამ ასეა: "იუვენტუსი" და "ინტერი" 8-გუნდიან ტურნირზე ერთმანეთს მე-7 ადგილისთვის შეხვედრაში შეხვდნენ.

"ნერაძურის" თამაშის ხარისხი ამ ზაფხულს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს - ვალტერ მაცარის ხელმძღვანელობით მილანელებმა 5 თამაში ჩაატარეს, ჯერ ერთხელაც არ უმარჯვიათ, 3-ჯერ წააგეს და აქედან 2-ჯერ პირწმინდად განაგურდნენ ჯერ "უდინეზესთან" (2:5) და მერე "ვალენსიასთან" (0:4).

ამჯერად კი "ინტერს" უკვე არა უშავდა. შეხვედრა დაბალ ტემპში დაიწყო. თამაშიდან რეალური ხიფათი არ შექმნილა. სიტუაცია მეტნაკლებად მხოლოდ მაშინ მწვავდებოდა, როცა საქმე სტანდარტულ მდგომარეობებამდე მიდიოდა. 30-ე წუთზე შემთხვევითი გოლი გავიდა.
ფრედი გუარინის ძლიერი დარტყმული ჯიჯი ბუფონმა ცუდად მოიგერია და რიკარდო ალვარესმა ახლო მანძილიდან დაამატა.

ტაიმის მიწურულს კი ჟუანმა მირკო ვუჩინიჩი საკუთარ საჯარიმოში დასცა. არტურო ვიდალმა მშვიდად გამოიყენა თავისი შანსი. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომლის მთავარი გმირი "ინტერის" მეორე მეკარე ხუან პაბლო კარისო გახდა. არგენტინელმა ორი პენალტი მოიგერია და გადამწყვეტი დარტყმაც საკუთარ თავზე აიღო.

მატჩის შემდეგ
ვალტერ მაცარი (ინტერი): "დღეს მგონი უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე წინა დღეებში. "ვალენსიასთან" მატჩმა ძალიან დაგვამწუხრა. უცნაურია, მაგრამ სწორედ ესპანელებთან განადგურების შემდეგ წაგვივიდა თამაში. თუკი ანგარიშს დავივიწყებთ, იმ შეხვედრამ ჩვენზე მაინც დადებითად იმოქმედა. თითოეული ფეხბურთელი საქმეში ბოლომდეა ჩაფლული. ყოველი მათგანმა შეცდომებიდან საკუთარი დასკვნა უნდა გააკეთოს. ბედნიერი ვარ, რომ დღეს პირველად დავინახე იმ გუნდის კონტურები, რომელსაც ვაშენებ. ვიცოდი, რომ უკეთესი დროც მოვიდოდა. ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო".

ხუან პაბლო კარისო (ინტერი): "შედეგითა და გუნდის განწყობით კმაყოფილი ვარ. "ვალენსიასთან" თითქმის არაფერი გამოგვდიოდა, დღეს კი ვცადეთ, ბევრად უფრო მაღალ დონეზე გვეთამაშა და ეს გამოგვივიდა კიდეც. პენალტების მოგერიების გამო კი განსაკუთრებით ბედნიერი ვარ".

ანტონიო კონტე (იუვენტუსი): "კმაყოფილი ვარ იმით, რაც ვნახე. ოგბონა სოლიდურად გამოიყურებოდა, ტევესი და ვუჩინიჩი წინა ხაზში შეთანხმებულად მოქმედებდნენ. დღეს უცნაურ შეცდომებს ვუშვებდით, თუმცა მძიმე ფიზიკური დატვირთვების ფონზე ეს გასაგებიც არის. ყველას უნდა ესმოდეს, რომ გამარჯვებები წელს თავისით არ მოვა".

"ევერტონს" სუნთქვა გაუჭირდა
"ევერტონმა" და "ვალენსიამ" ორი განსხვავებული ტაიმი ითამაშეს. საერთო ჯამში, როგორც იტყვიან, მეტოქეები ერთმანეთის ტოლ-სწორნი იყვნენ, თუმცა ესპანელების გამოცდილებამ თავისი ქნა. შეცვლაზე შესულმა მიჩელ ერერომ საჯარიმოს გარედან მაშინ დასცხო, როცა ხოელ რობლესს თანაგუნდელები ეფარებოდნენ.

არგენტინელმა გუნდს ვერაფერი უშველა იმის მიუხედავად, რომ ბურთმა მას ახლოს ჩაუქროლა. გუნდებმა მომენტები გოლამდეც შექმნეს და არც მას მერე დაუკლიათ. ერთი მხრიდან სტივენ ნეისმიტისა და ვიქტორ ანიჩებეს დარტყმების გახსენება შეიძლება, მეორედან კი რობერტ იბანიესის.

მატჩის შემდეგ
რობერტო მარტინესი (ევერტონი): "ძალიან მძიმე და ტენიანი ჰაერი იყო იყო, რამაც ამოცანა გაგვირთულა. მეტოქე დღეს ბურთს მთელი თამაში ჩვენზე უკეთ აკონტროლებდა. "რეალსა" და "ვალენსიასთან" შეხვედრები სერიოზული გამოცდა იყო. რაღაც თვალსაზრისით წარმატებასაც კი მივაღწიეთ. ავსტრიულ შეკრებაზე ბევრს ვმუშაობდით, რომ ფიზიკურად მოვმაგრებულიყავით. ამერიკაში კი იმაში დასარწმუნებლად ჩამოვედით, თუ რამდენი შეგვეძლო".

VII ადგილისთვის

იუვენტუსი-ინტერი 1:1 პენ: 8:9
გოლები: 0:1 ალვარესი (29), 1:1 ვიდალი (45-პენ)
პენ: ჯოვინკო 0:0 (მეკარე), გუარინი 0:0 (მეკარე), მარკიზიო 1:0, რანოკია 1:1, ლორენტე 2:1, ალვარესი 2:2, პირლო 3:2, იკარდი 3:3, ვიდალი 4:3, ბელფოდილი 4:4, ოგბონა 5:4, ოლსენი 5:5, კასერესი 6:5, ანდრეოლი 6:6, კიელინი 7:6, პერეირა 7:7, დე შელიე 8:7, ჯონათანი 8:8, ისლა 8:8 (მეკარე), კარისო 8:9
იუვენტუსი: ბუფონი (59. სტორარი) - კასერესი, ბონუჩი (77. ოგბონა), კიელინი - ლიხშტაინერი (59. ისლა), პირლო, ვიდალი, მარკიზიო, ასამოა (59. დე შელიე) - ტევესი (70. ლორენტე), ვუჩინიჩი (70. ჯოვინკო)
ინტერი: ჰანდანოვიჩი (46. კარისო) - კამპანიარო, რანოკია, ჟუანი (79. ანდრეოლი) - ნაგამოტო (79. ჯონათანი), კუზმანოვიჩი (70. ბელფოდილი), კამბიასო (59. ოლსენი), გუარინი, ა. პერეირა - ალვარესი, პალასიო (79. იკარდი)

V ადგილისთვის

ევერტონი-ვალენსია 0:1
გოლი: 0:1 მიჩელი (53)
ევერტონი: რობლესი - სტოუნსი, დისტენი, იაგიელკა, ივიედო, დეულოფეუ (56. მირალიაში), გიბსონი (83. ოსმანი), ნეისმიტი, ბერკლი, ფელაინი, ანიჩებე
ვალენსია: გუაიტა - ვ. რუისი, ბარაგანი, მატიო, სისოკო - რომეუ, იბანიესი, ვიერა (46. მიჩელი), პარეხო, ს. რუისი (64. ბანეგა) - ჟონასი (64. ბერნატი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი: ფინალი - ჩელსი VS რეალი! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული