კვირა ციფრებში: პიერ-ემერიკ ობამეიანგის საოცნებო დებიუტი და ჰეთ-თრიქები

AutoSharing Option
ევროპის ბევრ ქვეყანაში ეროვნული ჩემპიონატები დაიწყო. დღევანდელ სტატისტიკურ მიმოხილვაში ვისაუბრებთ იმ ფეხბურთელებზე, რომლებმაც კონტინენტის სხვადასხვა წერტილში თავის გამოჩენა მოახერხეს...

17 - წლის და 196 დღის ასაკში, ზაქარია ბაკალი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც ერედივიზიეს შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა. "პსვ ეინდჰოვენის" ბელგიელმა გარემარბმა რუუდ გეელსის (17 წლის და 235 დღის) რეკორდი დაამხო, რომელიც 1966 წელს იყო დამყარებული. მაშინ "ტელსტარის" ფეხბურთელმა "მაასტრიხტი" დაამწუხრა (3:1).

ბაკალიმ ჰოლანდიის ჩემპიონატში სულ მეორე მატჩი ჩაატარა, მაგრამ ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკ ვილმოტსმა ის ეროვნულ გუნდში უკვე გამოიძახა.
საბოლოოდ, პსვ-მ "ნაიმეგენს" 5:0 მოუგო და რაც ნამდვილად გასაოცარია, ეინდჰოვენელთა შემადგენლობის საშუალო ასაკი 20 წელი და 216 დღე იყო!

7 - გოლი "უიგანთან" გამართულ ბოლო 6 შეხვედრაში - რობინ ვან პერსიმ "ატლეტიკს" კვირასაც გაუტანა და მისი დუბლის წყალობით "მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის სუპერთასი მოიგო. ვან პერსი გახდა პირველი ჰოლანდიელი რუუდ ვან ნისტელროის შემდეგ, რომელმაც "ქომუნითი შილდზე" გოლი გაიტანა. ვან ნისტელროიმ თავის გამოჩენა 12 წლის წინ მოახერხა.

ვან პერსის ერთი ბურთი დააკლდა ჰეთ-თრიქამდე. უკანასკნელი მოთამაშე, ვინც სუპერთასზე სამი გოლი გაიტანა, ერიკ კანტონა გახლავთ - ფრანგმა, რომელიც მაშინ "ლიდსის" ღირსებას იცავდა, "ლივერპული" დაჩაგრა და საკუთარ გუნდს დასამახსოვრებელი გამარჯვება მოუტანა - 4:3.

4 - გოლი დუბლინის დერბიში - კონან ბირნი "სენტ პატრიკსის" გმირი გახდა, მისმა გუნდმა კი "შემროკ როვერსს" სტუმრად 4:0 მოუგო და ამ უკანასკნელს ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მარცხი აგემა. "სენტ პატრიკსის" უკანასკნელი ფეხბურთელი, ვინც ირლანდიის ჩემპიონატის შეხვედრაში პოკერი შეასრულა, დერეკ კლართი იყო, ვინც ამის გაკეთება 1985 წლის თებერვალში შეძლო.

ასევე, 38 წელი იყო გასული იმ დღიდან, როდესაც ერთმა ფეხბურთელმა "შემროკის" კარი 4-ჯერ აიღო. 28 წლის ბირნის მიღწევას ფასს უზრდის ის ფაქტიც, რომ ამ შეხვედრის წინ "შემროკს" 18-მატჩიანი საშინაო წაუგებელი სერია ჰქონდა. ამ მარცხით, ირლანდიის "რეკორდმაისტერმა" ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნების ყველანაირი შანსი დაკარგა - "შემროკი" მეხუთე ადგილზეა და ლიდერ "სენტ პატრიკსს" 14 ქულით ჩამორჩება, თანაც, ერთი მატჩით მეტი აქვს გამართული.

3-ჯერ შეარხია "აუგსბურგის" კარის ბადე პიერ-ემერიკ ობამეიანგმა და ბუნდესლიგაში დებიუტი ჰეთ-თრიქით აღნიშნა. "სენტ ეტიენის" ყოფილი ფეხბურთელი მხოლოდ მეექვსე მოთამაშეა, ვინც გერმანიის ჩემპიონატის პირველივე შეხვედრაში სამი გოლი შეაგდო. ბოლოს ასეთი რამ 5 წლის წინ მარტინ ფენინმა შეძლო, ვინც 2008 წლის თებერვალში ფრანკფურტის "აინტრახტში" გამოჩნდა.

ბევრი გოლი გაიტანა ბერლინის "ჰერტამაც" - დედაქალაქელებმა ფრანკფურტის "აინტრახტს" 6:1 მოუგეს. 6 გოლი "ჰერტამ" ბოლოს 2004 წელს, მიონხენგლადბახის "ბორუსიას" გაუტანა და მეტოქეს 6:0 მოუგო.

საბოლოო ჯამში, ბუნდესლიგის I ტურში 37 ბურთი გავიდა.

2 - წუთი იყო გასული "გენგამთან" მატჩის დაწყებიდან, როდესაც ანდრე-პიერ ჟინიაკმა "მარსელი" დააწინაურა. მიუხედავად ამისა, ყურადღების ცენტრში მაინც სხვა ფეხბურთელი მოხვდა. დიმიტრი პაიემ დუბლი შეასრულა და ლორან ბლანის შემდეგ გახდა "მარსელის" პირველი დებიუტანტი, ვინც პირველ ოფიციალურ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა. პსჟ-ის თავკაცს "ოლიმპიკში" დებიუტი 1997 წელს ჰქონდა.

"მარსელმა" შეხვედრის პირველ ტაიმში მეტოქის კარი სამჯერ აიღო, ასეთი რამ კი საფრანგეთის 9-გზის ჩემპიონს უკანასკნელად 5 წლის წინ ჰქონდა გაკეთებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კვირა ციფრებში: ბევრი გაძევება, დებიუტი და დაბრუნება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული