ლონდონურმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგის 2010/11 წლების გათამაშებაში შესანიშნავი თამაშითა და გარეთ ბეილით დაგვამახსოვრა თავი.
სხვათა შორის, "დეზებს" ("ტოტენჰემის" მეტსახელი) მსოფლიოში ცნობილი "ფეისები" ქომაგობენ - მსახიობი ჯუდ ლოუ, მომღერლები - ადელი და ჯესი ჯეი, ჯგუფ "ჯენეზისის" ლეგენდა ფილ კოლინზი...
მატჩის წინა დღეს "დინამო-არენის" მედიადარბაზში დინამოელთა პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტების წინაშე თბილისელთა მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინი და ტრავმისგან განკურნებული ირაკლი ძარია წარსდგნენ.
დუშან
- საკამათო არაა, რომ ძალიან რთული მატჩი გვექნება. შეიძლება ითქვას, ასეთ გუნდთან შეხვედრას დიდი ხანია ველოდი.
ცხადია, მეტოქეს სათანადოდ ვაფასებთ და მშვენივრად ვიცით, რა დონის გუნდთან გვიწევს დაპირისპირება, მაგრამ საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და ჩვენი მიზანი საუკეთესო შედეგის მიღწევაა.
დამაკმაყოფილებელი შედეგი მოგება იქნება. საამისოდ თითოეული დინამოელი ხვალ ბოლომდე იბრძოლებს.
- სხვა გუნდებთან შედარებით, ყველაზე არასასურველი მეტოქე შეგხვდათ...
- არ მინდა, "ტოტენჰემი" სხვებს შევადარო. ყველამ იცით, რომ გუშინ ყარაგანდის "შახტიორმა" გლაზგოს "სელტიკი" დაამარცხა.
ერთმანეთს არც "სელტიკსა" და "ტოტენჰემს" ვადარებ, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
იმასაც კარგად ვაცნობიერებ, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფი სულ სხვა რანგის ტურნირია, ვიდრე ეროვნული ჩემპიონატი, მაგრამ ჩვენი მიზანი გამარჯვებაა.
- ჩისკომ "სტიაუასთან" 11-მეტრიანი გააფუჭა და პენალტისტის შეცვლას ხომ არ აპირებთ?
- ვნახოთ, ზუსტად ვერ გეტყვით.
- თუ ინგლისელები 2 გოლს გაგვიტანენ, ტაქტიკას ისე გადააწყობთ, რომ ბევრი აღარ გაუშვათ?
- ასეთ შემთხვევაში ჩვენი მიზანი გართულდება, მაგრამ შევეცდებით, ლონდონელებს 2 ბურთი გავუტანოთ.
ირაკლი ძარია: უმძიმესი 90 წუთი გველის
- ტრავმის გამო გარკვეული პერიოდი გამიცდა. სულ ერთი კვირაა, რაც გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და უკვე სათამაშოდ მზად ვარ, მაგრამ "ტოტენჰემთან" გავალ თუ არა, ეს მხოლოდ მწვრთნელის გადასაწყვეტია.
შანსი თუ მომეცემა, თავს არ დავზოგავ და მაქსიმალურად დავიხარჯები.
რაც შეეხება "ტოტენჰემს", მას ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება. ყველას კარგად მოეხსენება, რა დონის მეტოქეა და ბუნებრივია, უმძიმესი 90 წუთი გველის.
ყველანი მონდომებით ვემზადებით და მაქსიმალურად ვიბრძოლებთ, რომ "დინამო არენაზე" მოსული გულშემატკივარი გავახაროთ.
* * *
პრესკონფერენციის შემდეგ "დინამოს" ვარჯიში დაიწყო, რომელსაც მედია მხოლოდ 15 წუთი დაასწრეს.
მასში მონაწილეობდნენ ის ფეხბურთელებიც, რომლებიც დღევანდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის ან სხვა მიზეზით გამოტოვებენ: ლევან ხმალაძე გუნდს ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო ვერ დაეხმარება, ომარ მიგინეიშვილმა კი მიმდინარე ევროსეზონში უკვე ითამაშა ქუთაისის "ტორპედოს" სახელით და "დინამოს" განაცხადში ვერ მოხვდება.
"ტოტენჰემთან" მატჩისთვის ეს ფეხბურთელები ემზადებიან:
მეკარეები: გიორგი ლორია, ლევან ტყეშელაშვილი, თორნიკე ზარქუა;
მცველები: გიორგი სეთურიძე, დავით ხურცილავა, გიორგი შაშიაშვილი, გივი კვარაცხელია, უსტარიცი, გიორგი გველესიანი, დარკო გლიშიჩი, დავით კვირკველია;
ნახევარმცველები: ელგუჯა გრიგალაშვილი, გიორგი მიქაბერიძე, ირაკლი ძარია, გიორგი პაპავა, ირაკლი ლექვთაძე;
თავდამსხმელები: პატრიკ ვუო, ჯაბა დვალი, ლაშა შინდაგორიძე, დავით ხოჭოლავა, გიორგი მერებაშვილი, ჩისკო, დორინ გოგა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ანდრე ვილაშ-ბოაში: სტრატეგიაზე ჯერ არ გვიფიქრია
ევროპალიგის პლეი ოფის წინათქმა: ჯგუფში ორი გუნდით - მითი თუ რეალობა?
როგორ იხსენებს პატ ჯენინგსი 40 წლის წინანდელ "დინამო"-"ტოტენჰემის" მატჩს
"12 დეკემბრის მოლოდინში" - რას წერდა ლელო 40 წლის წინათ...