კვირა ციფრებში: სარეკორდო ტრანსფერი და კარგი სტარტი

AutoSharing Option
დღევანდელ კვირის მიმოხილვაში გარეთ ბეილის სარეკორდო ტრანსფერზე, მიუნხენის "ბაიერნის", "ლივერპულის" და მარეკ ჰამშიკის წარმატებული ასპარეზობაზე და "გუანჯოუ ევერგრანდის" შეწყვეტილ სერიაზე ვისაუბრებთ...

100 - " მილიონი ევრო გადაიხადა მადრიდის "რეალმა" გარეთ ბეილში და ახალი სატრანსფერო რეკორდი დაამყარა. უელსელმა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის სტატუსი ახალ თანაგუნდელ კრიშტიანო რონალდოს ჩამოართვა, რომელშიც, თავის დროზე, "სამეფო კლუბმა" 94 მილიონი ევრო გაიღო.

საერთოდ, "რეალი" სატრანსფერო ბაზრის ბოლო 5 რეკორდის მფლობელია. ბეილამდე მადრიდელებმა ლუიშ ფიგუ (45 მილიონი ევრო, 2000 წელს), ზინედინ ზიდანი (65 მილიონი, 2001), კაკა (70
მილიონი, 2009) და რონალდო (94 მილიონი, 2009) შეიძინეს.

რიცხვი "100" "ბარსელონას" მიმართებაშიც უნდა ვიხმაროთ, ოღონდ საუბარი არა ფულზე, არამედ გოლებზე გვექნება. როდესაც ერთი წინადადებაში "ბარსელონა" და "გოლი" ფიგურირებს, იქვე ახლოს ლიონელ მესიც უნდა ეწეროს. ასეა ამჯერადაც " "ბარსელონას" ლიდერმა "ვალენსიასთან" ჰეთთრიქი შეასრულა და ახლა, არგენტინელს ლა ლიგაში, სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში ზუსტად 100 გოლი აქვს გატანილი.

ამით, მესიმ ესპანეთის ჩემპიონატის კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა და უგო სანჩესს ერთი გოლით გაასწრო. 26 წლის არგენტინელმა "მესტალიაზე" სამი გოლი პირველივე ტაიმში შეაგდო და მსგავსი ჰეთთრიქი უკვე მესამედ შეასრულა. მანამდე, "პულგამ" 45 წუთში სამჯერ "არსენალის" (2010 წლის აპრილი) და "მალიორკას" (2011 წლის ოქტომბერი) აიღო.

22 - მატჩი წაგების გარეშე " "გუანჯოუ ევერგრანდის" ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია შაბათს, "ტიანჯინ ტედასთან" გამართული შეხვედრაში დასრულდა. ჩინეთის ჩემპიონატის ლიდერმა, ვისაც უკანასკნელი მატჩი აპრილში, აზიის ჩემპიონთა ლიგაში ჰქონდა წაგებული ("ურავა რედ დაიმონდსთან"), ხოლო ქვეყნის მასშტაბით თავს 10-თვიანი დაუმარცხებელი სერიით იწონებდა, გავარდნის ერთ-ერთ კანდიდატს ვერაფერი მოუხერხა და 0:1 წააგო.

მიუხედავად ამ მარცხისა, მარჩელო ლიპის გუნდი დამაჯერებლად ლიდერობს, უახლოეს მდევარს 14 ქულით უსწრებს და მალე ჩემპიონის ტიტულსაც გაიფორმებს.

3 - " მწვრთნელს აქვს ევროპის სუპერთასი ორი სხვადასხვა გუნდში მუშაობისას მოგებული. პეპ გვარდიოლამ სერ ალექს ფერგიუსონის და ლუის ვან გაალის მიღწევა გაიმეორა. "ბარსელონას" ყოფილმა დამრიგებელმა გერმანული გუნდების საოცრად უიღბლო სერიაც დაასრულა და ამ ქვეყნის წარმომადგენელს ეს ტიტული პირველად მოაგებინა. აქამდე, გერმანელებს სუპერთასზე 7-ჯერ ჰქონდათ მონაწილეობა მიღებული და ყველა შემთხვევაში, ალემანები მოედანს დამარცხებულნი ტოვებდნენ, თავად "ბაიერნს" კი სამიდან სამი წაგება ჰქონდა.

"ჩელსისთან" გამართული შეხვედრის გადამწყვეტი გოლი ხავი მარტინესმა 121-ე წუთზე გაიტანა, ანგარიში გაათანაბრა და მატჩი პენალტების სერიაში გადაიყვანა, სადაც უფრო ძლიერი მიუნხენური კლუბი აღმოჩნდა. ამ გამარჯვებით, "ბაიერნი" "იუვენტუსს", "აიაქსს", "ბარსელონას" და იმავე "ჩელსის" გაუთანაბრდა " უეფას ეგიდით გამართული ოთხივე საკლუბო ტურნირი (ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი იგივე ევროპა ლიგა, თასების მფლობელთა თასი და ევროპის სუპერთასი) მხოლოდ ამ კლუბებს აქვთ მოგებული.

3 - " მოგება, ყველა ანგარიშით 1:0 " "ლივერპულმა" უკანასკნელი 19 წლის განმავლობაში საუკეთესო სტარტი აიღო. უმაღლესი ლიგის ისტორიაში, მხოლოდ ორი შემთხვევა იყო, როდესაც გუნდმა სეზონი სამი 1:0-ით დაიწყო, თუმცა "მანჩესტერ სიტის" (1912/13) და "ჰადერსფილდის" (1920/21) წარმატებული სტარტი ერთი ფეხბურთელის "ბრალი" არ ყოფილა, "ლივერპულის" შემთხვევაში კი სამივე გოლი დანიელ სტარიჯმა გაიტანა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა.

ახალგაზრდა ინგლისელი ფორვარდი ასევე პირველი ფეხბურთელია რობი ფაულერის შემდეგ, ვინც "ლივერპულის" პირველ სამ შეხვედრაში გაიტანა. "ღმერთმა", როგორც მას "ლივერპულის" ქომაგებმა შეარქვეს, ზედიზედ სამ შეხვედრაში თავის გამოჩენა 1994/95 წლების სეზონის სტარტზე მოახერხა.

2 - " გოლი თითო შეხვედრაში " მარეკ ჰამშიკმა "ნაპოლის" პირველ ორ მატჩში დუბლი შეასრულა და ალესანდრო დელ პიეროს (2002/03) შემდეგ, გახდა სულ მეორე მოთამაშე, ვინც სერია A-ს პირველ ორ ტურში ორი დუბლი გაიფორმა.

გაიტანა კარლოს ტევესმაც, მისმა "იუვენტუსმა" კი "ლაციო" გაანადგურა " 4:1. აღსანიშნავია, რომ ტევესი უკვე 5 წელია არ დამარცხებულა იმ შეხვედრებში, რომელშიც მას გოლი გაჰქონდა. ბოლო 46 მატჩიდან, რომელშიც ტევესმა გაიტანა, მისმა გუნდებმა 42 მოიგეს და მხოლოდ 4 დაასრულეს ფრედ.

სერია A-ს მეორე ტურში სულ 43 გოლი გავიდა, რაც 2005 წლის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კვირა ციფრებში: გოლები, წითლები და მარცხი 14 წლის შემდეგ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული