კვირა ციფრებში: ვეტერანები, გამარჯვებები და პორტუგალიური ციხესიმაგრე

AutoSharing Option
დღევანდელ მიმოხილვაში ვეტერანების - გარეთ ბერის და ხუან რომან რიკელმეს მიღწევებზე, "პორტუს" დაუმარცხებელ სერიაზე და "რომას" და "ატლეტიკოს" წარმატებულ სტარტზე ვისაუბრებთ...

500 - მატჩი პრემიერლიგაში - გარეთ ბერი ისტორიაში მეათე მოთამაშეა იმ 3 351-დან, ვისაც ინგლისის პრემიერლიგაში უთამაშია, რომელმაც მსგავს ზღვარს მიაღწია. რეკორდსმენი რაიან გიგზი გახლავთ, ვის ანგარიშზეც 623 მატჩია, მომდევნო ადგილებზე კი დევიდ ჯეიმსი, ფრენკ ლემპარდი, გარი სპიდი, ემილ ჰესკი, ჯეიმი კარაგერი, ფილ ნევილი, მარკ შვარცერი და სოლ კემპბელი არიან.

ბერის იუბილე წარმატებული გამოდგა - მისმა "ევერტონმა" "ნიუკასლს" 3:2
მოუგო და ინგლისის ჩემპიონატის ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდის სტატუსი შეინარჩუნა. 6 ტურის შემდეგ 3 მოგება და 3 ფრე "ევერტონს" 1986/87 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც გუნდი უკანასკნელად გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

მიღებული გოლის გამო შეწყდა მერსისაიდელთა კიდევ ერთი შთამბეჭდავი სერია - "ევერტონს" საკუთარ მოედანზე გოლი 11 საათის და 27 წუთის განმავლობაში არ ჰქონდა გაშვებული. საკლუბო რეკორდამდე რობერტო მარტინესის შეგირდებს ერთი მატჩი დააკლდათ - 1987/88 წლების სეზონში "ევერტონმა" "გუდისონ პარკზე" კარი მშრალად ზედიზედ 8 შეხვედრაში შეინახა.

194 - თამაში "ბომბონერაზე" - ამ მაჩვენებლით ხუან რომან რიკელმე "ბოკა ხუნიორსის" ლეგენდას, სილვიო მარსოლინის გაუთანაბრდა. არგენტინის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა სარეკორდო მატჩი "კილმესთან" ჩაატარა, რომელიც "ბოკამ" 2:0 მოიგო და საკუთარ სტადიონზე ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა.

არგენტინის ჩემპიონატის "დიდი ხუთეულის" კიდევ ერთი წევრის საქმე კი ცუდადაა - "რასინგს" 9 ტურის შემდეგ მხოლოდ 2 ქულა აქვს. ასეთი ცუდი სტარტი "რასინგს" 2006 წლის კლაუსურას შემდეგ არ ჰქონია. ბოლო სამი მატჩი "აკადემიამ" ისე წააგო, რომ ერთი გოლიც კი არ გაუტანია. მთავარი მწვრთნელის, ლუის სუბელდიას შემდეგ გუნდი დატოვეს: მენეჯერმა რობერტო აიალამ, პრეზიდენტმა გასტონ კოგორნომ და ვიცე-პრეზიდენტმა როდოლფო მოლინამ.

75 - საშინაო მატჩი ჩემპიონატში წაგების გარეშე - პარასკევს "პორტუმ" "გიმარაეშს" 1:0 მოუგო და წაუგებელი სერია შთამბეჭდავ რიცხვამდე აიყვანა. უკანასკნელად შინ "პორტუ" 2008 წლის 25 ოქტომბერს, "ლეიშოესთან", 2:3 დამარცხდა. გასაკვირი არაა, რომ პორტუგალიის ჩემპიონის ეს შედეგი სარეკორდოა ევროპის მასშტაბით. ყველაზე ახლოს "პორტუსთან" ზაგრების "დინამო" (50) და ნორვეგიის "სტრომსგოდსეტი" (36) არიან.

ამ სერიის გარდა, "პორტუს" ჩემპიონატში, შინ და გარეთ, უკვე 42 მატჩია არ წაუგია. ეს წაუგებელი სვლა გუნდმა იანვარში დაიწყო, როდესაც კიდევ უფრო შთამბეჭდავი, 55-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა. მაშინ "პორტუ" "ჟილ ვისენტესთან" დამარცხდა. შესაბამისად, პორტუგალიის ჩემპიონატის ბოლო 98 შეხვედრაში "პორტუმ" მხოლოდ 1 მატჩი წააგო!

23 - დერბი ლა ლიგაში გამარჯვების გარეშე - მადრიდის "ატლეტიკოს" უიღბლო სერია შაბათს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" დასრულდა. "როხიბლანკომ" თანაქალაქელი 1:0 დაამარცხა და 1999 წლის 30 ოქტომბრის შემდეგ "რეალი" პირველად წააქცია.
ამ გამარჯვების წყალობით, "ატლეტიკომ" საკლუბო რეკორდიც დაამყარა - საწყის 7 ტურში ამდენივე მოგება მადრიდულ გუნდს არასდროს ჰქონია. გარდა ამისა, დიეგო სიმეონეს გუნდმა სტუმრად ზედიზედ 5 მატჩი მოიგო, რაც ასევე საკლუბო რეკორდია.

"რეალმა" კი ხანგრძლივი საშინაო დაუმარცხებელი სერია შეწყვიტა. "მერენგესს" საკუთარ მოედანზე ჩემპიონატის 34 შეხვედრაში არ ჰქონდა წაგებული.

6 - გამარჯვება ზედიზედ და მხოლოდ ერთი გაშვებული ბურთი - "რომამ" შესანიშნავი სტარტი აიღო. 6 ტურის შემდეგ მსგავსი შედეგი აქამდე მხოლოდ ერთ გუნდს, ლეგენდარული ელინიო ერერას "ინტერს", 1967 წელს ჰქონდა; საწყის ტურებში ზედიზედ 6 მატჩი კი ბოლოს 2005/06 წლების სეზონში "იუვენტუსმა" მოიგო.

უკანასკნელ ტურში "რომამ" "ბოლონიას" 5:0 მოუგო და 2006 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვება მოიპოვა. რუდი გარსიას შეგირდები ორი ქულით უსწრებენ "ნაპოლის", რომელმაც "ჯენოას" 2:0 სძლია და მინიმუმ ერთი გოლის გატანა სერია A-ს ზედიზედ მე-16 შეხვედრაში შეძლო. ბოლოს ასეთი რამ "ნაპოლიმ" 1975 წელს გააკეთა.

დასამახსოვრებელი კვირა ჰქონდა კრისტიან აბიატისაც. "მილანის" გოლკიპერმა გუნდის რეკორდი დაამყარა და "როსონერის" ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი მეკარე გახდა. აბიატიმ "მილანის" ღირსება 331-ედ დაიცვა და სებასტიანო როსის მიღწევა გააუმჯობესა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კვირა ციფრებში: ეპოქის დასასრული და მოულოდნელი მეგოლე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული