184 - მატჩი პრემიერლიგაში გოლის გარეშე - ჯონ ობი მიკელმა ხანგრძლივი "მშრალი" სერია დაასრულა და "ჩელსიში" პირველი გოლი გაიტანა. პრემიერლიგის ისტორიაში არც ერთ მინდვრის მოთამაშეს არ ჩაუტარებია ამდენი მატჩი იქამდე, სანამ თავის პირველ გოლს გაიტანდა.
საერთოდ, ეს ბურთი 26 წლის ნახევარმცველისთვის პირველი იყო "ჩელსიში". ერთადერთი საკლუბო გოლი მიკელს შორეულ 2005 წელს, ნორვეგიული "ლინის" რიგებში ჰქონდა გატანილი, ლონდონურ კლუბში კი ნიგერიელმა (ყველა ტურნირზე) 264-ე შეხვედრაში მოახერხა
ზოგადად, ამ სეზონში ბევრი ისეთი ფეხბურთელი ახერხებს გოლების გატანას, ვინც ადრე ამ კომპონენტში არ გამოირჩეოდა. "არსენალის" ნახევარმცველ აარონ რემსის უკვე 7 გოლი აქვს გატანილი, თანაც უელსელმა მეტოქეთა კარისკენ სულ 8 დარტყმა განახორციელა.
პრემიერლიგის წინა ტურში დუბლი შეასრულა ლეიტონ ბეინსმა - "ევერტონის" ფეხბურთელმა ორივე გოლი ჯარიმიდან გაიტანა და ბოლო 5 სეზონის განმავლობაში, კრიშტიანო რონალდოს და სებასტიან ლარსონის შემდეგ გახდა სულ მესამე ფეხბურთელი, ვინც ერთ შეხვედრაში ორი სტანდარტი გამოიყენა.
46 - წლის და 7 თვის იყო ჰოლანდიელი როელ ლიფდენი, როდესაც პლაჟის ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატის შეხვედრაში ითამაშა და გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, ვინც ამ ტურნირზე იასპარეზა. ლიფდენმა იტალიელი მაურიციო გალის რეკორდი წლით და ხუთი თვით გააუმჯობესა.
კიდევ უფრო გასაოცარი რამ მოხდა "ორანიეს" მომდევნო შეხვედრაში. სალვადორთან მატჩში, რეოლთან ერთად, მონაწილეობა მისმა 23 წლის შვილმა, დიეგო ლიფდენმა მიიღო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მამა-შვილმა ფიფას ეგიდით ჩატარებული ტურნირის ფინალური ეტაპის შეხვედრაში ითამაშა.
ტურნირზე კიდევ რამდენიმე რეკორდი დამყარდა. კერძოდ, ჯგუფური ეტაპის დროს მეკარეებმა ხუთი გოლის გატანა მოახერხეს, რაც აქამდე არ მომხდარა. გარდა ამისა, გაიხარეს მასპინძლებმა - ტაიტის ნაკრებმა ძალიან კარგად ითამაშა და 1/4-ფინალში ისტორიაში პირველად გააღწია.
46 - პროცენტი ბურთის ფლობის მხრივ - შაბათს, "ბარსელონამ" "რაიო ვალეკანოს" 4:0 კი მოუგო, სამაგიეროდ, ბურთის ფლობის მხრივ წააგო, რაც ბოლო 316 მატჩის განმავლობაში არ მომხდარა. უკანასკნელად ბურთის ფლობაში "ბარსას" 2008 წლის მაისში მადრიდის "რეალმა" აჯობა. მაშინ კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელი ჯერ კიდევ ფრანკ რაიკარდი იყო. პეპ გვარდიოლას და ტიტო ვილანოვას მოღვაწეობის პერიოდში "ბარსას" ამ კომპონენტში ერთი შეხვედრაც არ დაუთმია.
ამ შეხვედრაში ჰეთ თრიქით თავი პედრომ გამოიჩინა და თუ ლეო მესის არ ჩავთვლით, ჯოვანი დოს სანტოსის შემდეგ გახდა "ბარსას" პირველი ფეხბურთელი, ვინც ლა ლიგის საგარეო შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა. მექსიკელმა ფეხბურთელმა ჰეთ თრიქი იმავე 2008 წლის მაისში შეასრულა.
26 - ე საჩემპიონო ტიტული მოიპოვა "რეიკიავიკმა" მას შემდეგ, რაც კონკურენტ "ვალურს" 2:1 სძლია. ახალი ჩემპიონი ისედაც ისლანდიის რეკორდსმენი იყო - მდევარ "ვალურს" 20 საჩემპიონო ტიტული აქვს. ამ გამარჯვების წყალობით, "რეიკიავიკი" ჩრდილოთ ევროპის ქვეყნების მასშტაბითაც დაწინაურდა. უახლოეს მდევარ ფინურ ჰიკ-ს 25 ტიტული აქვს, ნორვეგიული "რუსენბორგი" (22) და ფარერების "HB ტორსჰავნი" (21) კი ოდნავ უკან არიან, თუმცა სამივე ეს კლუბი საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატის ლიდერია და არაა გამორიცხული, მალე მათაც მორიგი ჩემპიონობა იზეიმონ.
7 - უპასუხო გოლი "სასუოლოს" კარში - მილანის "ინტერმა" ბოლო 47 წლის განმავლობაში სერია A-ში ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა. უკანასკნელად ასეთი ანგარიშით მილანელებმა 1966 წლის მარტში იმარჯვეს, როდესაც "ბრეშა" გაანადგურეს. "ნერაძურის" ყველა დროის რეკორდამდე ერთი გოლი დააკლდა - 1949 წელს "პადოვამ" "ვენეციას" 8:0 მოუგო, 6 წლის შემდეგ კი იგივე ანგარიშით "ჯენოა" "მილანმა" გაანადგურა.
"ინტერში" განსაკუთრებით კარგად არგენტინელებმა ითამაშეს - გოლის გატანა ამ ქვეყნის ოთხმა წარმომადგენელმა შეძლო, ასეთი რამ კი სერია A-ს მასშტაბით, 21-ე საუკუნეში არ მომხდარა. ორი გოლი გაიტანა მძიმე ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა დიეგო მილიტომ, რომელმაც 7-თვიანი მშრალი სერია დაასრულა.
არც ისე კარგი კვირა ჰქონდა "მილანს", რომელმაც 1986 წლის შემდეგ "ნაპოლისთან" შინ პირველად წააგო. გარდა ამისა, მარიო ბალოტელიმ კარიერაში პირველად ვერ გაიტანა პენალტი, ხოლო მოგვიანებით 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კვირა ციფრებში: სერიები, წითლები და ჰეთ თრიქები