სლავენ ბილიჩი: გერმანიას ხორვატიასთან შეხვედრა არ უნდა

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი სლავენ ბილიჩი ივნისის მერე თურქეთში მუშაობს - 45 წლის სპეციალისტი "ბეშიქთაშის" მთავარი მწვრთნელია. გერმანულ ტაბლოიდ "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბილიჩი ხორვატიის ნაკრების პერსპექტივაზე, გერმანიის ნაკრებსა და თურქულ ფეხბურთში მიმდინარე სკანდალურ პროცესებზე საუბრობს.

- ჰერ ბილიჩ, ხორვატიის ნაკრებმა ისლანდიაში უგოლო ფრე დააფიქსირა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს მიუახლოვდა. თუკი ხორვატია ისლანდიის ბარიერის დაძლევას მოახერხებს, როგორ ფიქრობთ, რა შანსი ექნება თქვენს ყოფილ გუნდს ბრაზილიაში?
- ხორვატიის ნაკრები უშანსოდ ნამდვილად არ იქნება. თუ გუნდი ისლანდიას მოუგებს და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს
მოიპოვებს და მე მჯერა, რომ ასეც მოხდება, მაშინ ხორვატიას მუნდიალზე საკმაოდ შორს გასვლა შეუძლია, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ხორვატიის ნაკრები ერთ მუშტად შეკრული გუნდია, რაც ასეთი რანგის ტურნირებზე ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ხშირად გადამწყვეტია ხოლმე.

შესარჩევი ციკლის მატჩებში გუნდი, ძირითადად, მაქსიმუმ 5 დღე იკრიბება, რის გამოც ჩვენი ბრძოლის უნარი და გუნდური სულისკვეთება ისე არ ჩანს ხოლმე, როგორც დიდ ტურნირებზე. მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრებს უმაღლესი კონცენტრაცია და მიზანდასახულობა ახასიათებს. ამ დროს 40-50 კაცი ერთი მიზნისთვის იბრძვის და თანაც, ქალების გარეშე.

სწორედ ამის გამო ექმნება ხოლმე ბევრ გუნდს პრობლემები - მაგალითად, სერბეთს ან ჰოლანდიას, მაგრამ ხორვატიის ნაკრებში ყოველთვის იდეალური ატმოსფეროა ხოლმე.

- რატომ ჰყავს ასეთი კარგი გუნდი ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც ხორვატიაა?
- ეს კითხვა ჩემთვის 200-ჯერ მაინც დაუსვამთ. არ ვიცი! მართლა არ ვიცი. უბრალოდ, ასეა და მორჩა: ფეხბურთში, ხელბურთში, კალათბურთსა და ჩოგბურთში მაგრები ვართ. სხვათა შორის, ჩვენ კარგი მოთხილამურეებიც გვყავს - მიუხედავად იმისა, რომ ხორვატიაში თითქმის არასდროს თოვს.

- როგორ ფიქრობთ, რისი მიღწევა შეუძლია გერმანიის ნაკრებს ბრაზილიაში?
- ჩემი აზრით, მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი ბრაზილიის ნაკრებია. რაც შეეხება გერმანიას: ბუნდესგუნდი ჯგუფიდან აუცილებლად გავა, მერე კი - აღარ ვიცი. ჩემთვის გასაკვირი არ იქნება, გერმანიის ასევე ძალიან ძლიერმა ნაკრებმა ესპანეთთან, იტალიასთან, ინგლისთან ან ბრაზილიასთან რომ წააგოს. არა მგონია, რომ გერმანელებს ხორვატიის ნაკრებთან დაპირისპირებაც გაუხარდეთ.

- გერმანიის ნაკრებიდან ყველაზე მეტად ვინ მოგწონთ?
- მესუთ იოზილი და მწვრთნელი იოახიმ ლიოვი. იოზილის შემთხვევაში, ძალიან მომწონს მისი ხასიათი და ფეხბურთის თამაშის სტილი. დაუჯერებლად ჭკვიანი ფეხბურთელია. ლიოვს კი უდიდეს პატივს ვცემ, რადგან მართლა ძალიან მაგარი სპეციალისტია - ტოპ-მწვრთნელი და ტოპ-ადამიანია.

იოგის ყოველთვის შესანიშნავი იდეები აქვს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათი განხორციელების არასდროს ეშინია. მაგალითად, ევროპის 2008 წლის ჩემპიონატიდან მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატამდე გერმანიის ნაკრებს უდიდესი პროგრესი შევატყვე. ეს სწორედ ლიოვმა შეძლო.

გერმანიის ნაკრებს სუსტი წერტილები, ფაქტობრივად, არ აქვს. ამბობენ, მარცხენა მცველის პოზიციაზე უჭირსო, სადაც დორტმუნდელი მარსელ შმელცერი უნდა თამაშობდეს, მაგრამ აბა, დამისახელეთ რომელიმე კლუბი ან ნაკრები, რომელსაც მარცხენა მცველის პოზიციაზე შმელცერზე უკეთესი ფეხბურთელი ჰყავს?

- ბუნდესლიგა გიზიდავთ?
- რომელ მწვრთნელს არ მოუნდებოდა გერმანიაში მუშაობა? მე "კარლსრუეში" ვთამაშობდი და გერმანული ენაც ვიცი. ასე რომ, ამ მხრივ ბარიერი არ არსებობს. თანაც, ბუნდესლიგა დღესდღეობით საუკეთესო ლიგაა.

- ამბობდნენ, რომ "ჰამბურგი" თქვენს გადაბირებასთან ახლოს იყო. რამდენად კონკრეტული იყო "ჰამბურგის" დაინტერესება?
- არაფერი ყოფილა, ეს მხოლოდ ჭორები იყო, მაგრამ კონკრეტულიც რომ ყოფილიყო, ახლა მაინც არაფერი გამოვიდოდა, რადგან "ბეშიქთაშში" ბედნიერი ვარ.

- რა მიზნები გაქვთ "ბეშიქთაშთან" ერთად?
- ეს ისეთი კლუბია, რომელიც ყოველთვის თურქეთის ჩემპიონობისთვის უნდა იბრძოდეს. სხვა მიზანს აქ ვერავინ აიტანს და არავინ დაეთანხმება. ამ მიზნისთვის საბრძოლველად კი ბევრი შრომა, კარგად ვარჯიში და კარგად თამაშია საჭირო. პირადად მე არა მგონია, რომ "ბეშიქთაში" "შტუტგარტს" ან "ჰამბურგს" ჩამოუვარდება.

- თურქულ ფეხბურთში ხშირია სკანდალები, ზაფხულში კი სტამბულში სისხლიც დაიღვარა...
- ტაქსიმზე მომხდარ ამბებს უმეტესად მეგობრებისა და ნაცნობებისგან ვიგებდი. დროის 80 პროცენტს სტადიონზე ან სახლში ვატარებ. რაც შეეხება საფეხბურთო სკანდალებს - ასეთი სკანდალები ხშირია და ყველგანაა. უბრალოდ, ხშირად არ ჩანს.

- სტამბული ევრო 2020-ის ფინალის ღირსეული მასპინძელი იქნებოდა?
- რა თქმა უნდა! სტამბული განსაკუთრებული ქალაქია. თავის დროზე ნაპოლეონმა თქვა, მთელი მსოფლიო ერთი ქვეყანა რომ იყოს, მისი დედაქალაქი აუცილებლად სტამბული იქნებოდაო. ნაპოლეონი მართალი იყო.

- "ბეშიქთაშში" თქვენ თურქულ-გერმანული წარმოშობის ოთხი ფეხბურთელი გყავთ. როგორი მოთამაშეები არიან?
- თურქულ-გერმანული წარმოშობის მქონე ფეხბურთელთან მუშაობა ყოველთვის ადვილია, რადგან როცა გერმანულ დისციპლინას თურქული ნიჭი და მენტალიტეტი ერწყმის, ასეთ სპორტსმენს ყოველთვის აქვს დიდი წარმატებების მიღწევის შანსი. სხვათა შორის, გერმანულ-ხორვატული წარმოშობაც ძალიან კარგია: გაიხსენეთ ძმები რობერტ და ნიკო კოვაჩები ან ივან კლასნიჩი.

- გერმანიაში ბევრ გულშემატკივარს ახსოვხართ იმის გამო, რომ თავის დროზე კრისტიან ციგე დაამტვრიეთ...
- იმ ფოლიდან ერთი წლის შემდეგ კრისტიანს ინგლისში შევხვდი და ბოდიში მოვუხადე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ისეთი არაფერი ჩამიდენია. ფოტოებზე და ვიდეოჩანაწერში ყველაფერი გაცილებით ბრუტალურად ჩანდა, ვიდრე სინამდვილეში იყო.

- რას აკეთებს თავისუფალ დროს სლავენ ბილიჩი?
- საჭმელების მომზადება მიყვარს. ეს ჩემი მთავარი ჰობია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სლავენ ბილიჩი "ბეშიქთაშის" მწვრთნელია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული