მაგრამ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იოახიმ ლიოვის მატჩისწინა პრესკონფერენციის მთავარ თემად ლამის ბუნდესლიგაში დაგეგმილი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იქცა: მომავალ უქმეებზე დორტმუნდის "ბორუსია" "ბაიერნს" მასპინძლობს და გერმანელი ექსპერტები და ჟურნალისტები ინგლისთან შეხვედრაზე მეტ ყურადღებას სწორედ ამ დუელს უთმობენ.
მაგალითად, 18 ნოემბერს გერმანულ სპორტულ მედიაში მთავარი სალაპარაკო და სადისკუსიო თემა ის იყო, რომ ლიოვი "ბაიერნის" ფეხბურთელებს ასვენებს, დორტმუნდელებს კი - არა! შესაბამისმა კითხვებმა ლიოვი ძალიან გააბრაზა. ამასთან, ბუნდესმწვრთნელმა ის ხუთი ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც
ცხადი იყო, რომ ჩვენი გერმანელი კოლეგები ლიოვს "დორტმუნდისა" და "ბაიერნის" მომავალ დუელზე აუცილებლად ჩამოუგდებდნენ სიტყვას - მეტადრე მას მერე, რაც იოგიმ "ბაიერნის" ფეხბურთელების დასვენება გადაწყვიტა. საფეხბურთო გერმანიამ ეს გადაწყვეტილება ლიოვს "ბაიერნისადმი" მიკერძოებაში ჩაუთვალა.
ამიტომაც ჩაიარა იოგის პრესკონფერენციამ ემოციურად.
"სიმართლე თუ გინდათ, "დორტმუნდისა" და "ბაიერნის" დუელი ახლა საერთოდ არ მაინტერესებს და მხოლოდ გერმანიის ნაკრებზე ვარ ფოკუსირებული. მსოფლიოს ჩემპიონატამდე მხოლოდ ორი სერიოზული ტესტი დამრჩა - ინგლისთან და ჩილესთან მარტში. შესაბამისად, სწორედ ახლა უნდა მივიღო პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც მაქვს", - ცოტა არ იყოს, გაბრაზებით მიუგო იოგიმ ჩვენს გერმანელ კოლეგებს.
ლიოვმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ინგლისთან ძირითად შემადგენლობაში იქნებიან დორტმუნდელები, დებიუტანტი რომან ვაიდენფელერი, მარსელ შმელცერი, ტრავმირებული ხედირას შემცვლელი სვენ ბენდერი და მარკო როისი. დიდი შანსია, რომ სასტარტოში მოხვდეს მატს ჰუმელსიც. "ბაიერნიდან" ინგლისთან შესახვედრად მხოლოდ ტონი კროოსი და ჟერომ ბოატენგი ემზადებიან, მანუელ ნოიერი და ფილიპ ლამი კი ლიოვმა სახლში გაუშვა და ასვენებს.
საფეხბურთო გერმანიისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ "დორტმუნდი" "ბაიერნთან" დუელის წინ იჩაგრება. ლიოვი კი ამბობს, რომ ეს თემა ახლა მხოლოდ მედიისთვისაა მნიშვნელოვანი, იურგენ კლოპი და პეპ გვარდიოლა კი, დარწმუნებული ვარ, ასეთ აზრებს თავში არც გაივლებენო.
"არა მგონია, რომ იურგენ კლოპი ჩემზე ნაწყენი იყოს. თუ რომელიმე ფუნქციონერია ნაწყენი, ამას არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ჩემთვის ყველაზე მთავარი გერმანიის ნაკრებია და არა რომელიმე კლუბი", - დასძინა ლიოვმა.
იოგის ერთადერთი დაპირება ისაა, რომ შეეცდება, 90 წუთი აღარ ათამაშოს ის ფეხბურთელები, რომლებმაც იტალიასთანაც (1:1) თავიდან ბოლომდე ითამაშეს.
გერმანიის ნაკრებს ინგლისთან ასეთი ბალანსი აქვს: 32 თამაში, 11 მოგება, 6 ფრე, 15 მარცხი, ბურთების შეფარდება: 41:67.
ამხანაგური მატჩი
19 ნოემბერი. ლონდონი, "უემბლი"
ინგლისი-გერმანია 00:00
სავარაუდო შემადგენლობები
ინგლისი (4-4-1-1): ჰარტი - უოლკერი, კეჰილი, იაგიელკა, ე. კოული - თაუსენდი, ჯერარდი, მილნერი, უილშირი - რუნი - სტარიჯი.
გერმანია (4-2-3-1): ვაიდენფელერი - ჰიოვედესი, მერტეზაკერი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, ტ. კროოსი - სემი, დრაქსლერი, როისი - კრუზე.
არბიტრი: სტეფან ლანუა (საფრანგეთი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"