სეზონში დაუმარცხებელ კლუბთა ათეული

AutoSharing Option
უეფას ვებგვერდზე საინტერესო მასალას გადავაწყდით, სადაც მოთხრობილია იმ კლუბებზე, რომლებიც 2013/14 წლების სეზონის დაწყების შემდეგ ჩემპიონატებში ჯერ არ დამარცხებულან. ასეთი სულ ათია:

სპარტა. ჩეხეთი. 14 თ, 11 მ, 3 ფ
120-წლოვანი იუბილე გუნდმა ევროპალიგაზე შვედურ "ჰაკენთან" უსახელო მარცხით (2:2, 0:1) დაიწყო. ვიტესლავ ლავიჩკას შეგირდებმა მთელი სიბრაზე ჩეხეთის ჩემპიონატში გადმოანთხიეს მეტოქეებზე და ზედიზედ 7 საშინაო შეხვედრაში იმარჯვეს. ბოლო ტურში "სიგმასთან" ფრე წარუმატებლობად შეფასდა. "მოხარულები ვართ, რომ წაუგებელი სერია გრძელდება, თუმცა მოგების იმედი ნამდვილად გვქონდა," - განაცხადა ლავიჩკამ.

პარი სენ-ჟერმენი. საფრანგეთი. 13
თ, 9 მ, 4 ფ
მიუხედავად ფრანგულ საფეხბურთო სცენაზე "მონაკოს" გამოჩენისა, ვისაც "პარი სენ-ჟერმენთან" ჯიბის სისქით გაჯიბრება შეუძლია, ჩემპიონატის ტემპს მაინც პარიზელები განსაზღვრავენ და უახლოეს მდევარს 4 ქულით უსწრებენ. ამაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს თავდამსხმელთა დუეტი იბრაჰიმოვიჩი-კავანი.

"ჯერჯერობით ყველაფერი იმდენად კარგად მიდის, რომ უკეთესს ვერც წარმოვიდგენთ. კარგ თამაშს ვაჩვენებთ და კონცენტრაციას არ ვკარგავთ,"
- განაცხადა შვედმა თავდამსხმელმა.

ბაიერნი. გერმანია. 12 თ, 10 მ, 2 ფ
ჩემპიონის შეჩერება მიმდინარე სეზონში მხოლოდ "ფრაიბურგმა" და "ლევერკუზენმა" მოახერხეს. ბუნდესლიგაში მიუნხენელებს უკვე 37 თამაშია არ წაუგიათ, რაც ახალი რეკორდია. ამას დაუმატეთ 9-მატჩიანი მოგებათა სერია ჩემპიონთა ლიგაში, რომელთაგან ერთი მაისში "დორტმუნდთან" ლიგის ფინალში იყო. უქმეებზე სწორედ უკანასკნელი შეეცდება "ბაიერნის" სერიის შეწყვეტას.

ოლიმპიაკოსი. საბერძნეთი. 11 თ, 10 მ, 1 ფ
11 თამაშის შემდეგ პირეოსელები უახლოეს მდევარ პაოკ-ს 6 ქულით დაშორდნენ, უკანასკნელ ტურში კი სწორედ ის გაანადგურეს - 4:0. ამრიგად, "ოლიმპიაკოსს" შესანიშნავი შანსი აქვს, ისტორიაში 41-ე საჩემპიონო ტიტული მოიპოვოს. მიჩელის შეგირდებს თამაშში საშუალოდ 3 გოლი გააქვთ, თავად კი 3 შეხვედრაში 3 ბურთი გაუშვეს. გუნდს დიდი ძალისხმევა დასჭირდება საკუთარი რეკორდების გადასაწერად. 1973/74-ის სეზონში მათ 102 გოლი გაიტანეს, ერთი წლით ადრე კი ჩემპიონატში მხოლოდ 13 გოლი გაუშვეს.

"ეს ყველაფერი სახლის შენების პროცესს ჰგავს. თავიდან შენ წინაშე მხოლოდ დაუმუშავებელი მიწაა. თხრი საძირკველს, თუმცა, საბოლოო ჯამში, რა გამოგივა, ამის წარმოდგენა ძალიან ჭირს. როცა ფანჯრებამდე მიხვალ, ეს მხოლოდ მაშინ ხდება ცხადი. ამ წუთას უკვე წარმომიდგენია ჩვენი სახლი მზა ფასადით. მადლობა ბიჭებს დიდი მონდომებისთვის," - აცხადებს გუნდის თავკაცი.

რომა. იტალია. 12 თ, 10 მ, 2 ფ
"რომა" გახდა პირველი კლუბი სერია A-ს ისტორიაში, რომელმაც სასტარტო 10 ტურის მოგება მოახერხა, თუმცა შემდეგ ტემპი მცირედით დაკარგა და ჯერ "ტორინოსთან", მერე "სასუოლოსთან" ფრეები ითამაშა. "როცა მეტოქეს შანსს აძლევ, როგორც წესი, ასეც ხდება ხოლმე. მიუხედავად ამისა, არ ვნერვიულობთ, რადგან ვიცით, რომ ანალოგიური წაფორხილებები ჩვენს თამაშში აღარ მოხდება," - თქვა "ჯალოროსის" თავკაცმა მას შემდეგ, რაც "სასუოლომ" ბოლო წუთზე გატანილი ბურთით ქულა წაართვა.

ჰიბერნიანსი. მალტა. 11 თ, 9 მ, 2 ფ
"ჰიბერნიანსმა" სტარტზე 7 შეხვედრაში იმარჯვა და მალტის ყველა დროის რეკორდსაც დაამყარებდა, რომ არა "სლიმასთან" ფრე (2:2). "ჰიბერნიანსის" წარმატებები გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, ბრანკო ნიშევიჩის სახელს უკავშირდება, ვინც გუნდი მაისის ბოლოს ჩაიბარა. 42 წლის სერბი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, გუნდს 2009 წლის შემდეგ პირველად გაუჩნდა ჩემპიონობის ამბიცია.

პორტუ. პორტუგალია. 9 თ, 7 მ, 2 ფ
"დრაკონებმა" წინა ჩემპიონატი ისე მოიგეს, ერთხელაც არ დამარცხებულან და მხოლოდ 6-ჯერ ითამაშეს ფრედ. მათ ახალი სეზონიც შთამბეჭდავად დაიწყეს. 2012 წლის 29 იანვრის შემდეგ ("ჟილ ვისენტესთან" 1:3) "პორტუ" არ დამარცხებულა, აგერ, უკვე 52 თამაშია. საშინაო შეხვედრებში კი გუნდს უკანასკნელი 5 წელია არ წაუგია. "ჩვენ გვაქვს მუდმივი ვალდებულება - მოგება. "პორტუ" გაჟღენთილია გამარჯვებულის სულით. არსებობს მხოლოდ ორი ვარიანტი, ვიგებთ ჩვენ ან ისევ ჩვენ ვიგებთ," - აცხადებს პაულუ ფონსეკა.

სტიაუა. რუმინეთი. 11 თ, 9 მ, 2 ფ
რუმინეთის ჩემპიონები ზაფხულში ფედერიკო პიოვაკარით გაძლიერდნენ, ვინც შიდა ტურნირებში უკვე 10 გოლის გატანა მოასწრო. კარგი სტარტის შემდეგ "სტიაუა" თავის 25-ე ტიტულს უმიზნებს. მართალია, გუნდი პირველ ადგილს "ასტრასთან" ერთად იყოფს, თუმცა უკანასკნელს 2 თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. "ჩვენი მიზანი ჩემპიონობა და თასის მოგებაა," - აცხადებს მთავარი მწვრთნელი ლაურეციო რეგენკამფი.

სელტიკი. შოტლანდია. 12 თ, 9 მ, 3 ფ
"სელტიკმა" საუკეთესო სტარტი აიღო ჩემპიონატში უკანასკნელი 10 სეზონის განმავლობაში. 2003/04 წლებში გუნდმა პირველი ფრეს შემდეგ ზედიზედ 25 შეხვედრაში იმარჯვა. "შთამბეჭდავი წაუგებელი სერია დაგვიგროვდა. დიდი სურვილი გვაქვს მისი გაგრძელების. ამჟამინდელი შედეგი არ გახლავთ საუკეთესო ისტორიაში, ასე რომ, ბევრი მუშაობა გვმართებს," - ამბობს "კელტების" თავკაცი ნილ ლენონი.

ბარსელონა. ესპანეთი. 13 თ, 12 მ, 1 ფ
ახალი მთავარი მწვრთნელის და გუნდის ლიდერის, ლიონელ მესის ტრავმის მიუხედავად, "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონობაზე უარს, რასაკვირველია, არ ამბობს. დროდადრო "ბლაუგრანა" უფრო მუშა ცხენს ჰგავს, ვიდრე წმინდა სისხლის რაშს, თუმცა კატალონიელთა ეფექტურობა მაინც თვალშისაცემია. ხერარდო მარტინოს ხელმძღვანელობით, გუნდმა საუკეთესო სტარტი აიღო ჩემპიონატში. "ბარსას" გააქვს ყველაზე ბევრი და უშვებს ყველაზე ცოტას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული