კვირა ციფრებში: მოულოდნელობა, სტაბილურობა და განსაკუთრებული

AutoSharing Option
დღევანდელ მიმოხილვაში ჩავის და მოურინიოს საიუბილეო მიღწევებზე, "იუვენტუსის" შესანიშნავ ფორმაზე და საფრანგეთში დასრულებულ სერიაზე ვისაუბრებთ...

700 - მატჩი "ბარსელონას" შემადგენლობაში არის ნიშნული, რომელსაც ჩავი ერნანდესმა ერთი კვირის წინ, "ხეტაფესთან" გამართულ თასის საპასუხო შეხვედრაში მიაღწია.

33 წლის ნახევარმცველი, რომელიც ჩატარებული მატჩების მიხედვით "ბარსელონას" ყველა დროის რეკორდსმენია, უახლოეს მდევარ კარლეს პუიოლს 112 მატჩით უსწრებს. გარდა ამისა, ჩავი კლუბის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია -მის ანგარიშზე 22 ოქროს მედალია: "ბარსას" 6-იანი ესპანეთის 7-გზის ჩემპიონი, ესპანეთის თასის 2-გზის მფლობელი, სუპერთასის 6-გზის გამარჯვებული, ჩემპიონთა ლიგის 3-გზის
ტრიუმფატორი, ევროპის სუპერთასის და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 2-2-გზის გამარჯვებული გახლავთ.

აქვე აღვნიშნოთ ისიც, რომ მისი სადებიუტო შეხვედრიდან 16 წელი გავიდა, მაგრამ მას წითელი ბარათი არასდროს მიუღია.

100 - გამარჯვება პრემიერლიგაში - ეს მიღწევა ჟოზე მოურინიოს ეკუთვნის, რომლის "ჩელსიმაც" "მანჩესტერ იუნაიტედს" 3:1 მოუგო. პორტუგალიელამდე მსგავსი ზღვარი კიდევ რამდენიმე მწვრთნელს გადაულახავს, მაგრამ ასე სწრაფად ასი მატჩი არავის მოუგია. მოურინიომ საიუბილეო მოგება 142-ე შეხვედრაში იზეიმა, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონს 162, არსენ ვენგერს 179, რაფაელ ბენიტესს კი 181 მატჩი დასჭირდათ.

"ჩელსის" გამარჯვების მთავარი შემოქმედი სამუელ ეტო'ო იყო, რომელმაც ჰეთ თრიქი შეასრულა. კამერუნელის მესამე გოლი ლონდონური კლუბისთვის 1400-ე იყო პრემიერლიგაში. ასევე, ეტო'ო გახდა "ჩელსის" პირველი ფეხბურთელი, სემუელ კონელის შემდეგ (1954/55 წლების სეზონი), ვინც "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ სწორედ 1954/55 წლების სეზონში გახდა "ჩელსი" პირველად ინგლისის ჩემპიონი.

საოცარ დამთხვევას ჰქონდა ადგილი "ვესტ ჰემის" და "ნიუკასლის" შეხვედრაში. ჯორდების ფრანგმა ფორვარდმა ლოიკ რემიმ პრემიერლიგის 22-ე სეზონის, 22-ე ტურში, ამ ტურნირის ისტორიაში 2 222-ე გოლი გაიტანა.

18 - გამარჯვება სერია A-ს პირველ 20 შეხვედრაში არის იტალიის ჩემპიონატის ახალი რეკორდი, რომელიც "იუვენტუსმა" დაამყარა. მეტიც, ევროპის წამყვან ხუთ ჩემპიონატში, 20 სათამაშო დღის შემდეგ 18 მოგება მხოლოდ "ბარსელონას" (2010/11, 2012/13) და "ჩელსის" (2005/06) ჰქონიათ. ბუნებრივია, "ბებერმა ქალბატონმა" ქულების რეკორდიც მოხსნა - 20 ტურის შემდეგ 55 ქულა აქამდე იტალიის პირველობაზე არავის მოუგროვებია.

მორიგ ტურში "ბიანკონერიმ" "სამპდორიას" 4:2 მოუგო და მინიმუმ სამი გოლი ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში გაიტანა. ეს რეკორდი არ გახლავთ, მაგრამ მსგავსი მიღწევა "იუვეს" ისტორიაში უკანასკნელად 1960 წლის მაისში დაფიქსირდა. "სამპას" კარში ორი ბურთი არტურო ვიდალმა გაიტანა, ვის ანგარიშზეც უკვე 10 გოლია, რაც ჩილელისთვის საუკეთესო შედეგია: ერთ სეზონში ამდენი გოლი მას აქამდე ორჯერ ("ბაიერში" და"იუვეში") გაუტანია, მაგრამ ამაზე მეტი - არასდროს.

3 - წელი, ათი თვე და 2 კვირა - სწორედ ამდენი ხნის განმავლობაში არ მარცხდებოდა საშინაო ჩემპიონატში "ლიონის" ქალთა გუნდი, მაგრამ ეს სერია შაბათს შეწყდა. ქვეყნის ბოლო 7 ჩემპიონატის გამარჯვებული "პარი სენ-ჟერმენმა" დაამარცხა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ "ლიონის" ჰეგემონიის დამხობა ყველაზე მეტად სწორედ მას ხელეწიფება. "ოლიმპიკის" ფეხბურთელებისთვის, რომელთა დაუმარცხებელი სერიაც 87 მატჩის განმავლობაში გაგრძელდა, კიდევ უფრო სამწუხარო იყო ის, რომ პარიზელთა მხრიდან ერთ-ერთი გოლი "ლიონის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ლაურა გეორგესმა გაიტანა.

ამ მარცხის შემდეგ მოქმედი ჩემპიონი მდევარს მხოლოდ სამი ქულით უსწრებს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ შარშან "ლიონის" 119-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია (ყველა ტურნირზე) "ვოლფსბურგმა" შეწყვიტა, ახლა კი მას პსჟ-მაც სძლია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფრანგულ და ევროპულ საკლუბო ფეხბურთში ძალების გადანაწილება იწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული