"ოქროს ბურთი 2014": კრიშტიანო რონალდო, ლიონელ მესი და მანუელ ნოიერი

AutoSharing Option
1-ელ დეკემბერს ფიფამ გამოაქვეყნა "ოქროს ბურთის" მაძიებელ ფეხბურთელთა სამკაციანი სია. თუმცა ამას სანამ ოფიციალური სახე მიეცემოდა, სააგენტოებმა ინფორმაცია "რ-სპორტზე" დაყრდნობით, ფიფას შიდა სამზარეულოდან გაავრცელეს.

მაშ ასე, "ოქროს ბურთის" მოპოვების სამი პრეტენდენტია:

კრიშტიანო რონალდო ("რეალი", პორტუგალია) - "რეალის" რიგებში 2014 წელს რონალდომ 47 მატჩში 50 გოლი გაიტანა. მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და ესპანეთის თასი.

ლიონელ მესი ("ბარსელონა", არგენტინა) - "ბარსელონას" რიგებში 2014 წელს 48 მატჩში 44 გოლი გაიტანა. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, ფინალურ ტურნირზე 4 გოლი გაიტანა და მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელიც
გახდა.

მანუელ ნოიერი ("ბაიერნი", გერმანია) - "ბაიერნის" რიგებში გერმანიის ჩემპიონი გახდა, გერმანიის ნაკრებთან ერთად კი - მსოფლიოს ჩემპიონი.

* * *
FIFA Ballon d'Or-ის პრიზი 2010 წელს დაარსდა მას მერე, რაც ორი პრიზი გაერთიანდა - "ფრანს ფუტბოლის" მიერ 1956 წელს დაარსებული Ballon d'Or ("ოქროს ბურთი" ფრანგულად) და ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი (1991 წლიდან).

გაერთიანების შემდეგ პრიზი მხოლოდ ოთხჯერ და მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა მიიღო - 2010-12 წლებში "ბარსელონას" არგენტინელი ფორვარდი ლიონელ მესი "ოქროს ბურთს" არავის ანებებდა, ზედიზედ სამჯერ მოიპოვა პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება, 2013 წელს კი კრიშტიანო რონალდომ იმარჯვა და მესის ჰეგემონია დაარღვია. წესით, რონალდო ახლაც ფავორიტად ითვლება.

აღსანიშნავია, რომ ისევე, როგორც წინა 3 შემთხვევაში, სამ ნომინანტს შორის რონალდოც არის და მესიც. მხოლოდ 2010 წელს არ იყო ნომინანტთა შორის პორტუგალიელი (მესიმ თანაგუნდელებს, ანდრეს ინიესტას და ჩავი ერნანდესს აჯობა).

2011 წელს ინიესტას ნაცვლად სამეულში რონალდო მოხვდა, ხოლო მომდევნო წელს ჩავი ამოვარდა და ინიესტა დაბრუნდა ნომინანტებში.

2013 წელს ესპანელები გაქრნენ სამეულიდან და მესის და რონალდოს გვერდი ფრანგმა ფრანკ რიბერიმ დაუმშვენა.

როგორც ხედავთ, ახლა რიბერის ადგილი მსოფლიოს ჩემპიონმა, ექსტრავაგანტურმა გოლკიპერმა მანუელ ნოიერმა დაიკავა.

* * *
ფიფამ ოქტომბრის ბოლოს გამოაქვეყნა პრიზის ნომინანტთა 23-კაციანი სია. ამ სიაში თვალს ჭრიდა ისეთი ფეხბურთელების ვერმოხვედრა, როგორებიც ლუის სუარესი, ანდრეა პირლო, რადამელ ფალკაო და ლუკა მოდრიჩია.

თუმცა ურუგვაელის სიის მიღმა დარჩენა ფიფას წესები აიძულებდა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ფეხბურთელი არა მარტო მინდორზე უნდა იყოს საუკეთესოთა შორის, არამედ საფეხბურთო მინდორს გარეთაც სამაგალითო ქცევით უნდა გამოირჩეოდეს. ბუნებრივია, მუნდიალზე მოწინააღმდეგის კბენისთვის დიდი ხნით დისკვალიფიცირებული სუარესი ამ პირობას ვერანაირად ვერ აკმაყოფილებდა.

"ოქროს ბურთი" მომავალ პატრონს 12 იანვარს ციურიხში, გალა-წარმოდგენაზე გადაეცემა. მანამდე ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომელი გაიმარჯვებს ამ სამი ღირსეული კანდიდატიდან...

* * *
ეროვნულ ნაკრებთა კაპიტნების და მწვრთნელების 87%-მა მიიღო გამოკითხვაში მონაწილეობა, ხოლო ჟურნალისტების (ვისაც ხმის უფლება ჰქონდა) 94-მა პროცენტმა.

* * *
დასახელდა წლის მწვრთნელის ნომინანტებიც: კარლო ანჩელოტი (რეალი), იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრები) და დიეგო სიმეონე (ატლეტიკო). ასევე, ქალი ფეხბურთელი და მწვრთნელი ნომინანტები.

* * *
ასევე, გამოქვეყნდა ფიფას წლის გუნდის ნომინანტი ფორვარდების 15-კაციანი სია: აგუერო, ბეილი, ბენზემა, კოშტა, რონალდო, იბრაჰიმოვიჩი, ლევანდოვსკი, მესი, მიულერი, ნეიმარი, როისი, რობენი, რიბერი, რუნი, სუარესი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული