როგორ გარდავქმენი იბრა - ფაბიო კაპელოს მიდგომა არანორმალურად ნიჭიერთან

AutoSharing Option
დოსიე
ფაბიო კაპელო

დაიბადა: 1946 წ. სან კანზიან დისონზო (იტალია)
სამწვრთნელო კარიერა: 1987 - მილანი (დროებითი თავკაცი); 1991-96 - მილანი; 1996-97 - რეალი; 1997-98 - მილანი; 1999-2004 - რომა; 2004-06 - იუვენტუსი; 2006-07 - რეალი; 2008-12 - ინგლისის ნაკრები; 2012-დან - რუსეთის ნაკრები.

მიუხედავად ბოლოდროინდელი აურზაურისა, ფაბიო კაპელო რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად რჩება და 2018 წლის მუნდიალის ჩათვლით, იქ ყოფნას აპირებს.

თუ რა გეგმები და ხედვა აქვს იტალიელ სპეციალისტს, ამ ინტერვიუდან ერთად შევიტყობთ:

- რუსეთის ნაკრებთან კონტრაქტი 2018 წლის ბოლომდე
გაკავშირებთ. რა არის თქვენი მიზანი?

- ჩემი მიზანი და ამოცანა არის კარგი მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება საკუთარ კედლებში. გვსურს, რომ ნაკრები უმაღლეს დონეზე გამოვიდეს და ბრძოლისუნარიანი იყოს. ამისათვის შესაბამისი დონის ფეხბურთელები გვჭირდება.

- ცოტა ხნის წინ ალექსანდრ კერჟაკოვი რუსეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. რამდენად შედის იგი თქვენს გეგმებში?
- უდავოა, რომ კერჟაკოვი ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორია. ახლა ის 31 წლისაა და ბევრს მუშაობს, ახალგაზრდებისთვის მართლაც სამაგალითოა. იმედი მაქვს, ის მაგალითის მიმცემი გოლების გატანის სიხშირითაც იქნება.

- ბოლო პერიოდში ახალგაზრდებზე გააკეთეთ აქცენტი - დენის ჩერიშევი, დიმიტრი, პოლოზი, მაგომედ ოძიევი, არტიომ ძიუბა... რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების გამოცდილ მოთამაშეებთან სინთეზი?
- ეს ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებელია. მიხარია, რომ ხსენებული ახალგაზრდები საკმაოდ მაღალი დონისანი არიან.

- რუსეთი ბოლო სამი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა. ევრო 2016-ზე რას იტყვით, მოხვდებით საფრანგეთში?
- ძალიან რთულ ჯგუფში ვართ, რომელშიც შვედეთი და იბრა, ავსტრიის რეალურად კარგი გუნდი და ჩერნოგორია გვყავს, რომელსაც პრობლემების შექმნა შეუძლია. ეს მეტოქეები უნდა გამოვარჩიოთ და თითოეული მატჩისთვის მზად ვიყოთ. წინ დიდი გზაა, მუდმივად მოგვყავს ახალგაზრდები, რომლებიც ნელ-ნელა მკვიდრდებიან. იმედი გვაქვს, რომ ამიერიდან ყველაფერი უკეთესობისკენ წავა.

- ზლატან იბრაჰიმოვიჩი ახსენეთ და ის ყოველთვის ამბობს, რომ როდესაც "იუვენტუსში" ერთად მუშაობდით, თქვენ მისგან გოლეადორი ჩამოაყალიბეთ. თავად რას გვეტყვით?
- იბრა არანორმალურად და მრავალმხრივად ნიჭიერია, რაც რთულს ხდის იმას, რომ ასეთი ტალანტისგან უშუალოდ გოლების მანქანა გამოიყვანო. მთავარი მისთვის გარკვეული დეტალების ახსნა გახლდათ. დანარჩენი უკვე ყოველდღიური ვარჯიშისა და მონდომების საკითხი იყო, რასაც ზლატანი არასოდეს აკლებდა.

იგი თავიდანვე ძალიან ძლიერად ურტყამდა, მაგრამ არაზუსტად; არც საჰაერო ბრძოლებში იყო დიდად კარგი, თუმცა ვარჯიშს აგრძელებდა და მაქსიმალურად ინდომებდა. ამან შედეგი გამოიღო კიდეც.

ერთხელ დავუძახე და ვუთხარი: "შენ ისეთივე კარგი ხარ, როგორც მარკო ვან ბასტენი. გაქვს პოტენციალი, რომ ამ დონეზე ახვიდე, მაგრამ მე აგიხსნი და გაჩვენებ, თუ როგორ უნდა გააკეთო ეს".

შემდეგ ვიდეო ავაწყვე ვან ბასტენის გოლებით, ვაჩვენე და ავუხსენი: "კარს არასდროს უახლოვდები. თუ გატანა გინდა, მეტოქის კართან უფრო ახლოს უნდა იყო. მუდამ შორს ხარ და იმით ერთობი, რომ ფინტებს აკეთებ და თანაგუნდელებს შანსებს კარგად უქმნი, მაგრამ თუ გსურს გოლეადორი გახდე, მოწინააღმდეგის კართან უფრო ახლოს უნდა იტრიალო".

ეს მესიჯი ზლატანამდე მალე მივიდა.

- როდესაც ასეთი ძლიერი ფეხბურთელის წინააღმდეგ გიწევს დაპირისპირება, სათამაშო სტილიც უნდა შეცვალო?
- მწვრთნელი ცდილობ, ყველა დეტალი გაითვალისწინო, მაგრამ საბოლოო ჯამში, მინდორზე ფეხბურთელები გადიან. შეგირდებს ყველაფერს უხსნი, მაგრამ მერე ბევრი რამ იმაზეც არის დამოკიდებული, რამდენად ითამაშებს იბრას მსგავსი ქარიზმატული მოთამაშის ფაქტორი და ამას რამე შეცდომა ხომ არ მოჰყვება. ორმაგი სიფრთხილეა საჭირო.

- უკვე ბევრჯერ თქვით, რომ რუსეთს რთული ჯგუფი შეხვდა ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე...
- მე ყოველთვის ვთვლი, რომ ნებისმიერ მეტოქეს პატივი უნდა სცე. უბრალოდ, შეუძლებელია ილაპარაკო შვედეთზე და არ ახსენო იბრა. ავსტრია, როგორც გუნდია კარგი და საკმაოდ ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს. მონტენეგროს რამდენიმე ძალიან ტექნიკური ფეხბურთელი ჰყავს და საშიში მეტოქეა. ყველა მოწინააღმდეგეს თავისი პლუსი აქვს და ყველა პატივისცემას იმსახურებს.

- ცოტა ხნის წინ მწვრთნელების კონფერენცია ჩატარდა. რა უნდა ისწავლოს ასეთი შეკრებებიდან თქვენნაირმა გამოცდილმა სპეციალისტმა?
- ბევრი რამ ჩავინიშნე და ყველაფერს ყურადღებით ვუსმინე, ეს ძალიან საინტერესო იყო. ახლა გაანალიზების პროცესში ვარ. ყოველთვის არის რაღაც, რისი სწავლაც შეიძლება. თუ სწავლა არ გინდა, ჯობია, სხვა რამე გააკეთო.

მიწაზე ყოველთვის მყარად უნდა იყო და სხვებს პატივს უნდა სცემდე, ეს ორი ფუნდამენტური რამ არის.

- ბრაზილიის 2014 წლის მუნდიალზე რამე ინოვაცია და გამოსარჩევი ტენდენცია თუ შენიშნეთ?
- პირველ რიგში, რაც თვალში მომხვდა, სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატისგან და სხვა მატჩებისგან განსხვავებით, ეს ტემპი იყო. ყველა გუნდი ძალიან, ძალიან სწრაფად თამაშობდა; ასევე, აგრესიულად და ტექნიკურად.

ბრწყინვალე მუნდიალი იყო, ტექნიკისა და ტაქტიკის კუთხით ბოლო პერიოდში, ალბათ, საუკეთესო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული