რობერტო დი მატეო: თუ იტალიას ტოვებდი, ნაკრებსაც ტოვებდი

AutoSharing Option
ამჟამად გელზენკირხენის "შალკეს" მწვრთნელი რობერტო დი მატეო დიდი სამწვრთნელო გამოცდილებით არ გამოირჩევა, მაგრამ ფაქტია, მას გამოუვიდა ის, რაც თვით ჟოზე მოურინიომაც კი ვერ შეძლო, სხვებზე რომ აღარაფერი ვთქვათ - იტალიელმა "ჩელსის", სადაც ადრე თამაშობდა კიდეც, ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

ეს საინტერესო და მრავალმხრივი ადამიანი ინტერნეტის საშუალებით ფანებს გაესაუბრა...

- როგორია ყასაბად მუშაობა? ეს ახალგაზრდობაში ბევრს არ გამოუცდია...
- ფონი და სიტუაცია უნდა გავითვალისწინოთ. შვეიცარიაში სკოლის ბოლო წელს სპეციალური ორკვირიანი პერიოდია, რომლის განმავლობაშიც სამუშაო გამოცდილება უნდა დააგროვო და სურვილისამებრ, სხვადასხვა ხელობა სცადო,
რადგან უკეთ გამოჩნდეს, რა გსურს, რა შეგიძლია და რა გინდა. მე ვიყავი მცხობელი, მექანიკოსი და ყასაბი. პროცესისგან დიდი სიამოვნება მივიღე და საინტერესო იყო, მაგრამ საჩემო არც ერთი გახლდათ.

- თქვენ შვეიცარიაში დაიბადეთ და გაიზარდეთ, იტალიური ფესვები გაქვთ და წლები ინგლისში ცხოვრობდით. რომელს აღიქვამთ სახლად და სამშობლოდ?
- სახლი ის არის, სადაც მე ჩემს ოჯახთან ერთად ვარ, ჩემს მეუღლესთან და შვილებთან ერთად. შთაბეჭდილება მოახდინა შვეიცარიულმა კულტურამაც, შთაბეჭდილება მოახდინა ჩემმა იტალიურმა კულტურამაც და ინგლისურმა კულტურამაც.

თავს ევროპის მოქალაქედ ვგრძნობ. შვეიცარიული კულტურა განათლებაზეა დაფუძნებული, სოციალურზეც და აკადემიურზეც. ისინი დიდ პატივს სცემენ ქვეყანას, ხალხს. ისინი ეფექტურები და პუნქტუალურები არიან, ეს უკვე შინაგანად მაქვს გამჯდარი. იტალიური კულტურა არის ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება და ოპტიმისტური განწყობა, საკუთარი ოჯახისთვის დიდი ყურადღების მიქცევა. მე ამას ვგრძნობ, ესეც ჩემშია.

ინგლისური კულტურა არის ის, რომ გახსნილი იყო მსოფლიოსთვის. ინგლისელები ადრე დამპყრობლები იყვნენ, მათ მოგზაურობა უყვართ. იქ, ძირითადად, ლონდონში ვცხოვრობდი. ეს კოსმოპოლიტური ქალაქია, სადაც ვისწავლე ბევრ სხვადასხვა რელიგიური ხედვის, განსხვავებული ფილოსოფიის, იდეების და სტილის ადამიანთან ერთად თანაარსებობა.

- შეგეძლოთ, რომ შვეიცარიის ნაკრებშიც გეთამაშათ. იტალია რატომ აირჩიეთ?
- შვეიცარიაში ვცხოვრობდი და თამაშიც იქ დავიწყე. უფრო ადვილი იქნებოდა, შვეიცარიის ნაკრები ამერჩია. ხალხი მეუბნებოდა, "სკუადრა აძურაში" უცხოელივით იქნებიო. ამისი არ მჯეროდა და პირიქით, დამატებით მოტივაციას მაძლევდა. თანაც, ეს გამოწვევა იყო, მსურდა დამემტკიცებინა, რომ ნებისმიერ გუნდში შემეძლო თამაში. თუმცა ეს უფრო ოცნება და შორეული პერსპექტივა გახლდათ. მინდოდა, ერთ დღეს იტალიის ღირსება პროფესიონალურ დონეზე დამეცვა, მაგრამ მერე ყველაფერი გამოვიდა.

- მართალია, რომ ზდენეკ ზემანთან უთანხმოება მოგივიდათ, რის გამოც დატოვეთ კიდეც "ლაციო"?
- ეს მითქმა-მოთქმა ძალიან გადამეტებულია, ყველაფერი მედიამ გაამუქა. მასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ჩვენ გვქონდა აზრთა სხვადასხვაობა და ვკამათობდით ხოლმე, მაგრამ ნორმის ფარგლებში და ეს ბუნებრივია. ყოველთვის პატივს ვცემდი მის გადაწყვეტილებებს. "ლაციოში" გატარებული სამი ძალიან ბედნიერი წლის მერე გადავწყვიტე, ახალი გამოწვევის დრო იყო. წასვლის მთავარი მიზეზი ეს გახლდათ და არა მწვრთნელი. კლუბიც კმაყოფილი დარჩა ჩემი "ჩელსიში" გადასვლით, რადგან ფინანსურად ისარგებლა.

- მართალია, რომ ფანები უკმაყოფილონი იყვნენ თქვენი გადაწყვეტილებით და 1996 წელს, როდესაც "ჩელსიში" გადადიოდით, დაგხვდნენ და თქვენი მანქანა დაამტვრიეს?
- არ უნდა გადაამეტოთ. ფანების მცირე ჯგუფი იყო, რომლებიც თავიანთ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ იმის თაობაზე, რომ მივდიოდი. მათ მანქანა არ დაუმტვრევიათ, მაგრამ "ლაციოს" ბაზასთან გზა ჩამიხერგეს. სიმართლე ითქვას, ეს კარგი და სასიამოვნო საქციელი არ იყო. თუმცა შემდეგ მათ ვესაუბრე, ჩემი მიზეზები ვუთხარი და ყველაფერი მოგვარდა.

- თქვენ გოლი დასამახსოვრებლად აღნიშნეთ, როდესაც "მიდლსბროს" წინააღმდეგ "ჩელსის" რიგებში საშინაო დებიუტისას გოლი გაიტანეთ...
- დიახ და გარწმუნებთ, დაგეგმილი არაფერი იყო. უბრალოდ, მე თავდამსხმელი არ ვიყავი და არ ველოდი, რომ ჩემი ახალი გუნდის რიგებში საშინაო დებიუტისას, თანაც მატჩის დასაწყისშივე გავიტანდი. გოლიც კარგი გამოვიდა და ძალიან გახარებული გახლდით. ეს ერთ-ერთი გამორჩეული მოგონებაა.

- "უემბლიზე" სამ ფინალში ითამაშეთ და სამივეში გოლი გაიტანეთ. ალბათ გეწყინათ, როდესაც ეს სტადიონი დაანგრიეს ხელახლა ასაშენებლად. ძველი სტადიონიდან ერთი სკამი მაქვს, ხომ არ იყიდით მას ჩემგან?
- "უემბლი" მართლაც იღბლიანი სტადიონი იყო ჩემთვის. იქ იტალიასთან ერთადაც ვითამაშე და ასევე მოვიგე. ცხოვრება გრძელდება და ახლა ახალი "უემბლი" გვაქვს, რომელიც ბრწყინვალე სტადიონია, იქ არაერთ მატჩს დავესწარი. ვისურვებდი, რომ მეთამაშა კიდეც, რადგან ეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონია. რაც შეეხება სკამს, ვფიქრობ, სახლში სკამები საკმარისად მაქვს, მაგრამ მაინც მადლობა შემოთავაზებისთვის.

- როგორი იყო "ჩელსი" რომან აბრამოვიჩამდე?
- უფრო ოჯახური ატმოსფერო იყო. კენ ბეიტსთან პიროვნულად ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა, იგი ფეხბურთელებთან უშუალო გახლდათ და მუდამ ჩართული იყო საქმეში. შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, მაგრამ იგი იშვიათად ხელგაშლილი ადამიანია. ზოგჯერ უმოწყალოც გახლდათ, თუ ასე მოინდომებდა, მაგრამ ამ იმიჯს უფრო მედია უქმნიდა. "ჩელსი" მეგობრული, კარგი ადგილობრივი და საშუალოევროპული გუნდი იყო. მიუხედავად ამისა, თასების თასის მოგება მოვახერხეთ. ტიტულისთვის ბრძოლის რესურსი არ გვქონდა, ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალში გავედით. აბრამოვიჩმა კი გუნდი ახალ საფეხურზე აიყვანა და საერთაშორისო დონეზე ძლიერი გახადა. ახლა ცოტა უფრო კორპორატიული მიდგომაცაა.

- დენის უაიზი ფსიქოპათია, ყველა ამას ამბობს. მართალია? პოლ გასკოინს თუ შეადარებთ, რომელიც თქვენთან ერთად "ლაციოში" იყო?
- დიახ, უაიზი შერეკილია, გიჟი, კარგი გაგებით. იგი ჩემი კარგი მეგობარია და ხშირად ვკონტაქტობთ.

ერთად ძალიან ბევრი დრო გვაქვს გატარებული. იგი მშვენიერი და სამართლიანი კაპიტანი იყო, ერთნაირად ყურადღებიანი ყველა ფეხბურთელისადმი, მარტო გამორჩეული მოთამაშეებისადმი არა. იგი მინდორზეც გიჟურად იქცეოდა, ხშირად მეტოქეების ნერვებზეც თამაშობდა, ზოგჯერ პროვოკაციაზეც წამოაგებდა ხოლმე მათ. მან ნიკი ბატი გააძევებინა. ხან რას მოიგონებდა და ხან რას.

ყველანაირად ძალიან სასარგებლო იყო მისი ყოლა გუნდში. გაზას ქცევებიც სასაცილო და ექსტრაორდინარული გახლდათ "ლაციოში". იგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ფანების ინტერესით. ფეხსაცმელები უყურადღებოთ არ უნდა დაგეტოვებინა, რადგან შიგნით შეიძლება კრემი ან რამე დაგხვედროდა, ამას გაზა აკეთებდა.

ვარჯიშის მერე გარეთ გასულს შესაძლოა მანქანის ყველა ბორბალი დაშვებული დაგხვედროდა და მიხვდებოდი, რომ ესეც გაზას ნამოქმედარი იყო. მასზე ვერც გაბრაზდებოდი, რადგან უბრალოდ, ბევრს იცინებდა.

საოცარი ფეხბურთელი იყო, რამდენიმე განსაკუთრებული გოლი გაიტანა. მისი იტალიური არც ისე კარგი გახლდათ და მაინც ცდილობდა ლაპარაკს. უფრო მეტს ჩემით ვხვდებოდი, ვიდრე ის ამბობდა. თუმცა ისეთი აქცენტი ჰქონდა, მისი ინგლისურიც არ მესმოდა.

- 2000 წელს "სენტ გალენის" წინააღმდეგ ფეხი მოიტეხეთ. ფიქრობდით, რომ ვეღარასოდეს ითამაშებდით?
- განადგურებული ვიყავი, როდესაც ეს მოხდა. კი, იმასაც ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა ვეღარასდროს მეთამაშა. ცუდმა აზრებმა მაშინაც შემაწუხა, როდესაც ექიმმა მითხრა - მისმინე, რობ, ჯერ იმაში უნდა დავრწმუნდეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნორმალური ცხოვრება გქონდეს და გავლას შეძლებ, ფეხბურთის თამაშზე მერე ვიფიქროთ. მოტეხილობა მართლაც სერიოზული იყო, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

- ფიქრობთ, რომ იტალიის ნაკრებში შეიძლებოდა უფრო მეტი თამაში ჩაგეტარებინათ, უცხოეთში რომ არ წასულიყავით?
- დიახ, რა თქმა უნდა. როდესაც იტალიიდან წამოვედი, ვიცოდი, რომ ეს ნაკრებში მოხვედრის შანსებს შემიმცირებდა. იგივე დაემართათ ჯანფრანკო ძოლას, ფაბრიციო რავანელის და პიერლუიჯი კაზირაგის. თუ იტალიას ტოვებდი, ნაკრებსაც ტოვებდი. არ ვიცი, რატომ იყო ასე.

- "დონსში" მწვრთნელობისას ყოფილი თანაგუნდელი, ფეხბურთიდან წასული ტორე ანდრე ფლო მიიყვანეთ. რა იგრძენით, როდესაც მან პენალტი ვერ გამოიყენა და ამის გამო "დონსმა" "უემბლიზე" გადმოსასვლელი პლეი-ოფის საგზური დაკარგა?
- ის უკვე წასული იყო. ამიტომ ცოტა დრო დასჭირდა მის დარწმუნებას, რაშიც ედი ნიუტონიც დამეხმარა. დიახ, პენალტი გააცუდა, მაგრამ ეს ნებისმიერს შეიძლებოდა მოსვლოდა და თან ტორეს დარტყმამდე ორჯერ გვქონდა შანსი, რომ ის სერია მოგვეგო. სამწუხაროა, რადგან მაშინ მეტს ვიმსახურებდით.

- "ვესტ ბრომვიჩში" რომან ბედნარი დააბრუნეთ გუნდში, რომელიც პოლიციამ ნარკოტიკების მოხმარების გამო დააკავა. ხომ არ გიორჭოფიათ ამ გადაწყვეტილების მიღებისას?
- იგი დაისაჯა. იმედი უნდა გქონდეს, რომ ადამიანები შეცდომებისგან ისწავლიან და ისე ვიგრძენი, რომ იგი კიდევ ერთ შანსს იმსახურებდა.

- მართალია, რომ მიუნხენის ფინალში მე-6 პენალტის დარტყმა ფერნანდო ტორესს სთხოვეთ და მან იუარა? და ზეწოლას თუ გრძნობდით იმის თაობაზე, რომ მისთვის თამაშის საშუალება უნდა მიგეცათ?
- არ ვაპირებ გავამხილო ის, თუ ვის უნდა დაერტყა მე-6 პენალტი და არც არანაირ ზეწოლას არ განვიცდიდი, არჩევანს თავისუფლად ვაკეთებდი.

- რა უთხარით რომან აბრამოვიჩს იმ მომენტში, როდესაც "ბაიერნთან" მატჩის მერე ტრიბუნაზე ჩაუარეთ?
- "ჩვენ ეს შევძელით". ის ძალიან ბედნიერი იყო, მგონი, იცინოდა.

- "ჩელსიში" ყოფნის რომელი პერიოდისას უფრო ისიამოვნეთ, ფეხბურთელობის ჟამს თუ მწვრთნელობისას?
- ვერასდროს ვერაფერი შეცვლის იმ ემოციას, რომელიც ფეხბურთელობისას გეუფლება და რასაც ფეხბურთელობისას განიცდი. როდესაც მინდორზე ხარ, თამაშობ, შედეგის მიღწევაში უშუალოდ მონაწილეობ, გოლი გაგაქვს, პასს აკეთებ... ეს სულ სხვა რამ არის.

მწვრთნელობა განსხვავებულია, გაქვს სტრატეგია, გეგმა და ამას ფეხბურთელებს უზიარებ, რომლებმაც დავალებები უნდა შეასრულონ. დიდებული პერიოდი გავატარე როგორც ფეხბურთელმაც და როგორც მწვრთნელმაც. შტაბთან და ფანებთან განსაკუთრებული, თბილი და ახლო ურთიერთობა მქონდა და ერთად ბევრი წარმატებით ვისიამოვნეთ.

დოსიე
რობერტო დი მატეო
დაიბადა: 1970 წ. შაფჰაუზენი (შვეიცარია)
საფეხბურთო კარიერა: 1988-91 - შაფჰაუზენი; 1991-92 - ციურიხი; 1992-93 - არაუ; 1993-96 - ლაციო; 1996-2002 - ჩელსი.
იტალიის ნაკრები: 34 თამაში, 2 გოლი
სამწვრთნელო კარიერა: 2008-09 - დონსი; 2009-11 - ვესტ ბრომვიჩი; 2011-12 - ჩელსი (ასისტენტი); 2012 - ჩელსი; 2014-დან - შალკე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული