აზიის თასი 2015: პირველად ავსტრალია, პირველად აზიაში, პირველად მსოფლიოში

AutoSharing Option
* ავსტრალიის ნაკრები გახდა პირველი გუნდი, რომელსაც ორი კონტინენტური პირველობა აქვს მოგებული - 1980 და 2004 წლებში ოკეანეთი, 2015-ში - აზია.

* აზიის თასი მსოფლიოში მეორე კონტინენტური პირველობაა კოპა ამერიკის შემდეგ, პირველი ჩემპიონატი 1956 წელს გაიმართა.

* აზიის თასზე ზედიზედ 26 მატჩში არ დაფიქსირდა ფრე. ეს მსოფლიოს ახალი რეკორდია დიდი ტურნირებისთვის. წინა რეკორდი 1930 წლის მუნდიალს ეკუთვნოდა - 18 მატჩი ფრის გარეშე.

* გამარჯვებული ავსტრალია 2017 წლის კონფედერაციათა თასზე ითამაშებს, რომელიც რუსეთში გაიმართება.

* აზიის მომდევნო თასი 2019 წელს გაიმართება.
მარტში გამოცხადდება, ტურნირს ირანი უმასპინძლებს თუ არაბთა გაერთიანებული საემიროები.

აზიელებმა კონტინენტის ჩემპიონის ვინაობის გამოვლენა ევროპელებზე ადრე, 1956 წლიდან დაიწყეს. აზიის თასი მსოფლიოში ყველაზე ძველი კონტინენტური ტურნირია კოპა ამერიკის მერე. 2015 წელს აზიის საუკეთესო საფეხბურთო გუნდი გეოგრაფიულად მის ფარგლებს გარეთ გამოვლინდა - ტურნირს ავსტრალიამ უმასპინძლა და სიდნეის ფილალშიც ამ ქვეყნის ნაკრების ტრიუმფი ვიხილეთ.

რა თქმა უნდა, ეს ისტორიაში პირველად მოხდა, ავსტრალიური ფეხბურთი ოკეანეთიდან აზიის ფეხბურთის კონფედერაციაში 2006 წელს გადაბარგდა. 2011 წლის აზიის თასზე, რომელიც ყატარში გაიმართა, ავსტრალიელებმა ფინალი დამატებით დროში დათმეს იაპონელებთან, ახლა კი დამატებით დროში სამხრეთკორეელები დაამარცხეს. ფაქტია, აზიურ ფეხბურთს ახალი ლიდერი ჰყავს, რომელიც მოწინავეთა შორის დიდხანს იქნება.

აზიის თასი 9 იანვარს დაიწყო და 31-ში დასრულდა. მოქმედი ჩემპიონი იაპონია მეოთხედფინალში დამარცხდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან პენალტების სერიაში. ეს იაპონელთა უარესი გამოსვლაა აზიის თასზე 1996 წლის შემდეგ.

ავსტრალიაში ტურნირი ხუთ ქალაქში ჩატარდა: სიდნეიში, მელბურნში, კანბერაში, ბრისბენსა და ნიუკასლში.

და აი, 31-ში სიდნეის "სტედიუმ აუსტრალია" და იქ შეკრებილი 77 ათასი ფანი მიესალმა მასპინძელთა და სამხრეთკორეელთა გუნდებს. კორეელები აზიის თასის მესამედ მოსაგებად იყვნენ შემართულნი, ფინალამდე მათ გოლიც არ ჰქონდათ გაშვებული!

45-ე წუთზე ავსტრალია მასიმო ლუონგომ დააწინაურა, რომელიც "სვინდონ თაუნში" თამაშობს. "სოკერუსი" იგებდა, მაგრამ მასპინძელთა გუნდს მთელი შრომა წყალში ჩაუყარეს - მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე 22 წლის სონ ჰეუნ-მინმა, რომელსაც ყველა კარგად ვიცნობთ "ლევერკუზენიდან", გაათანაბრა და მატჩი დამატებით დროში გადავიდა - 1:1.

მასპინძლებს აზიის თასი ჯეიმს ტროისიმ მოაგებინა. ბერძნული წარმოშობის ფორვარდმა, რომელიც ტურინის "იუვენტუსს" ეკუთვნის, მაგრამ "ვარეგემში" იჯარით თამაშობს, 105-ე წუთზე გაიტანა ავსტრალიური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი.

მე-3 ადგილისთვის მატჩში არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა 3:2 დაამარცხა ერაყი. ეს ამ ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი მიღწევაა.

აზიის თასის ბომბარდირი საემიროების ფორვარდი ალი მაბხუტი გახდა, "ალ ჯაზირას" 24 წლის შემტევმა ტურნირზე 5 გოლი გაიტანა და ტურნირის ჯილდო "ოქროს ბუცი" მიიღო. ავსტრალიელი მასიმო ლუონგოს ანგარიშზე ყველაზე მეტი საგოლე პასია - 4. ლუონგო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

აქვე გაგაცნობთ ტურნირის სიმბოლურ ნაკრებს: მეტიუ რაიენი (ავსტრალია) - დუ-რი ჩა (ს. კორეა), ტრენტ სენსბერი (ავსტრალია), ტაე-ჰვი კვაკი (ს. კორეა), დჰურღამ ისმაილი (ერაყი) - სუნ-ეუნ კი (ს. კორეა), ომარ აბდულრაჰმანი (საემიროები), მასიმო ლუონგო (ავსტრალია) - ჰეუნ-მინ სონი (ს. კორეა), ტიმ კეჰილი (ავსტრალია), ალი მაბხუტი (საემიროები).

აზიის თასის ყველა გამარჯვებული
1956 ს. კორეა
1960 ს. კორეა
1964 ისრაელი
1968 ირანი
1972 ირანი
1976 ირანი
1980 ქუვეითი
1984 ს. არაბეთი
1988 ს. არაბეთი
1992 იაპონია
1996 ს. არაბეთი
2000 იაპონია
2004 იაპონია
2007 ერაყი
2011 იაპონია
2015 ავსტრალია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული