დრიბლინგი: ჰაკერი ძოლა და ჰოი, ჰოიბერგი!

AutoSharing Option
ფოტოზე: "აუგსბურგის" ფეხბურთელი პიერ-ემილ ჰოიბერგი (შუაში) გასულ უქმეებზე საუკეთესო ბაიერნელი იყო
იტალია
ხმაური და მძვინვარება ინტერში
თუ ემილიელი არ ხარ, იტალიის 40 000-იან ქალაქ სასუოლოს მისაგნებად აუცილებლად ნავიგაცია დაგჭირდება. თუმცა ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ეს არცთუ მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რადგან "სასუოლო" საშინაო მატჩებს 25 კილომეტრის მოშორებით, რეჯო ემილიაში მართავს ხოლმე.

მილანის "ინტერი" "სასუოლოს" აქამდე სიამოვნებით ეთამაშებოდა ხოლმე. სერია A-ს სამი დუელიდან სამივე მილანელებს ჰქონდათ მოგებული და ანგარიშებს არ იკითხავთ? 7:0, 1:0, 7:0. კვირას კი "სასუოლოს" ჯერიც დადგა: ძაძამ, სანსონემ
და კომპანიამ "ინტერის" უკანახაზელებს კატა-თაგვობანა გაუჩაღეს და მოკრძალებულმა "სასუოლომ" ჯერ კიდევ გრანდად წოდებული "ნერაძური" 3:1 დაამარცხა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ამრიგად, პოსტზე დანიშვნის შემდეგ "ინტერის" თავკაც რობერტო მანჩინის ბალანსი ასე გამოიყურება: 10 თამაშიდან 10 ქულა და ბურთების შეფარდება 13:15, რაც ბოლოდან მესამე ადგილზე მყოფ "კიევოზე" უარესი შედეგია.

მაგრამ ამ შემთხვევაში, წაგებასა და ამ სტატისტიკაზე მნიშვნელოვანი სხვა რამე-რუმეებია. "ინტერის" ტიფოზებს მოთმინების ფიალა აევსოთ და უმაქნის ფეხბურთელებს წყევლა-კრულვა დააყარეს.

მაურო იკარდიმ ფანების შემორიგება მოინდომა და ტრიბუნაზე მაისურა ისროლა, მაგრამ იმავე წამს უკან გადმოუგდეს. არგენტინელმა მეორედაც ისროლა მაისურა, მაგრამ ისევ ცხვირწინ დაუგდეს და თან მისი კეთილებიც მოიკითხეს.

"რა გინდათ, თქვე ონანისტებო?" - განრისხდა იკარდი და ფანებს შეუღრინა, რასაც მისი მისიმართით ხმაშეწყობილი სიმღერა მოჰყვა, რომელშიც მთავარი გმირი იკარდის დედა გახლდათ (როლის გამოცნობა არ გაგიჭირდებათ).

იკარდიმ მოგვიანებით ბოდიში მოიხადა - გაუგებრობა იმის გამო მოხდა, რომ ენა კარგად არ ვიციო. კი, როგორ არა... გვჯერა!

ჰაკერი ძოლა: ბოდიში, სპეისბუკი არ მაქვს
ინტერნეტისა და სოციალური ქსელების ეპოქაში უახლესი ტრანსფერების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გაზეთის ლოდინი საჭირო აღარაა.

ერთ-ერთმა იტალიელმა რეპორტიორმა კვირას "კალიარის" მწვრთნელ ჯანფრანკო ძოლას ამცნო, თქვენ ბელგიელი მ’ბოკუ იყიდეთო. როცა ძოლამ პირი დააღო, ჟურნალისტმა მიუგო - ფეხბურთელმა ამის შესახებ საკუთარ "ფეისბუკზე" დაწერაო. ძოლამ თავი გადააქნია და მიუგო: "აზრზე არ ვარ, "სპეისბუკი" არ მაქვს!"

ეგ არავის აქვს, ჯანფრანკო!..

...რაც შეეხება "ფეისბუკს": "რომამ" თავის ოფიციალურ გვერდზე კვირას სერჯო მატარელას გაპრეზიდენტება მიულოცა, რაზეც ერთ-ერთმა ქომაგმა დაახლოებით ასეთი კომენტარი მიაწერა: "ეს რა ჯანდაბაა? უმჯობესია, ფეხბურთი ითამაშოთ და მატჩები მოიგოთ!"

ავტოგოლები
იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში 4 ავტოგოლი გავიდა - ვერაფერს იტყვი, მცველებმა იდღესასწაულეს.

ესთეტიკური თვალსაზრისით, პირველ ადგილზე "ფიორენტინას" მეკარე ჩიპრიან ტატარუშანუს ავტოგოლს გავიყვანდით: ჯენოელმა სტეფანო სტურარომ იმდენი მოახერხა, რომ ხუთი მეტრიდან ბურთი ცარიელი კარის ძელს მოარტყა, საიდანაც ბურთი ფლორენციელთა მეკარეს თავში მოხვდა და კარში შევარდა...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ესპანეთი
თრილერი სევილიაში
ნამდვილი საფეხბურთო თრილერი გასულ უქმეებზე "სევილიამ" და "ესპანიოლმა" შემოგვთავაზეს. მხოლოდ ფაქტები რომ ვალაპარაკოთ: გავიდა 5 გოლი, აქედან ერთი 89-ე წუთზე; ვნახეთ ერთი გაძევება, გაფრთხილებების მთელი კასკადი (11); ასევე, პენალტი, ორი მეკარის შეცვლა და ისტორიული რეკორდიც.

ერთი სიტყვით, მაგარი თამაში გამოდგა: 77-ე წუთამდე "სევილია" 2:1-ს იგებდა და სწორედ 77-ეზე გაუშვა გოლი, მაგრამ ასპასის გვიანი გოლით მაინც მოიგო.

მაგრამ ყველაზე მაგარი ამბები მაინც ორივე კარის ძელებს შორის მოხდა. "ესპანიოლის" კიპერი კიკო კასილია ჯერ კიდევ პირველ ტაიმში, საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშის გამო გააძევეს - ეს უკანასკნელი პაუ ლოპესმა შეცვალა.

შესვენებისას სევილიელებსაც მოუხდათ მეკარის შეცვლა: თუკი ბეტუს მე-15 წუთზე გაუმართლა (პენალტი მისი ბრალი იყო და მსაჯმა დაინდო), პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ ტრავმის გამო მაინც დატოვა მოედანი.

და რაკი გოლები ორივე კარში ორივე ტაიმში გავიდა, ისე გამოვიდა, რომ ერთ მატჩში ოთხივე მეკარემ გაუშვა გოლი, რაც ლა ლიგის ჭარმაგ ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

მესი
ჰო, ლეო მესიმ ამჯერად "ოქროს ბურთი" ვერ მოიგო და პრინციპში, ეს ლოგიკურიც იყო, მაგრამ ჯერ მაინც ადრეა არგენტინელის სერიოზული კრიტიკა.

საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" წინააღმდეგ ლეომ 3:2-ზე მოგებულ მატჩში მორიგი გოლი გაიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზედიზედ 8 თამაშია, "ნოუ კამპს" უგოლოდ არ ტოვებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ცნობისათვის, ასეთი რამ მესის თავის კარიერაში აქამდე არ ჰქონდა მოხერხებული...

გერმანია
საუკეთესო ბაიერნელი "აუგსბურგში"
როცა აუგსბურგელებს რამე უკვირთ, ასეთ შორისდებულს "ისვრიან" ხოლმე: "ჰოი".

"ჰოფენჰაიმთან" 3:1-ზე მოგებული მატჩის შემდეგ ამ შორისდებულს აუგსბურგელები უჩვეულოდ ხშირად ხმარობენ. ამის მიზეზი "აუგსბურგის" ახალწვეული პიერ-ემილ ჰოიბერგია - 19 წლის ნახევარმცველი, რომელიც ამ კლუბში მიუნხენის "ბაიერნიდან" იჯარით გადავიდა.

ჰოიბერგი "აუგსბურგის" რიგებში პირველივე შეხვედრაში ბრწყინვალე იყო: ხუთ საგოლე მომენტში მიიღო მონაწილეობა და ჰალილ ალთინთოფსაც სწორედ მან გაატანინა.

შესანიშნავი დებიუტის გამო ჰოიბერგი ყველამ შეაქო. 19 წლის ბიჭის კვალობაზე გრანდიოზულად თამაშობსო, თქვა "აუგსბურგის" მთავარმა მწვრთნელმა მარკუს ვაინცირლმა, ჰალილ ალთინთოფმა კი დასძინა, პირველივე თამაშში გვიჩვენა, რომ "ბაიერნის" ფეხბურთელიაო.

ვეტერანი მეკარე მანინგერი სულაც იმას ამბობს, ასეთი მოთამაშე "აუგსბურგს" არ ჰყავდაო.

ცნობისათვის, ბუნდესლიგის მე-18 ტურში ჰოიბერგი შეფასებებითაც საუკეთესო იყო იმ ფეხბურთელებს შორის, ვისაც "ბაიერნთან" კონტრაქტი აკავშირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს რა დრიბლინგი იყო გოტფრიდ ლენჩო?? ამაზე უკეთესიც შეგიძლიათ.
ინტერზე და ძოლაზე გაასწორა დანარცენი 0 იყო. ისე გოტფრიდ ბავარიის განადგურებას რათ არ შეეხე... ;)
del piero 10
19:27 04-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული