რონალდინიო - ვარსკვლავი, რომელიც არ ქრება

AutoSharing Option
"მე ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა, ორმოც წლამდე ვითამაშო. ყველას ყოველ წამს უნდა დავუმტკიცო, რომ მე რონალდინიო ვარ", - თქვა გასულ ზაფხულს ერთ-ერთ ინტერვიუში ორიათასიანების ერთ-ერთმა მთავარმა ვარსკვლავმა.

ამ ინტერვიუდან ზუსტად სამ კვირაში რონალდინიომ გაწყვიტა კონტრაქტი ბრაზილიურ "ატლეტიკო მინეიროსთან" და ერთ თვეში გადავიდა მექსიკურ "კერეტაროში". ეს ტრანსფერი მაშინ ბევრმა არც კი დაიჯერა.

როგორ ახდა ზღაპარი
ჯერ კიდევ ერთი წლის წინ "კერეტაროს" სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა. კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს ჯამაგირს ვერ უხდი
და, პრეზიდენტი კი ფინანსურ მაქინაციებში იყო ეჭვმიტანილი.

კლუბი მმართველობაში გადაეცა მუნიციპალიტეტს და ალბათ, სულაც გაქრებოდა, დროულად რომ არ გამოჩენილიყო ინვესტორი. ეს იყო მექსიკური ჰოლდინგი, რომელიც საფინანსო, ჯანდაცვის, კომუნიკაციისა და ტურიზმის სფეროში მოღვაწეობს.

კლუბის ამბიციურმა პრეზიდენტმა არტურო ვილანუევამ იმთავითვე მონიშნა "კერეტაროს" მიზნები - ბოლო უნდა მოეღოს ლიგიდან ლიგაში მოგზაურობას და გუნდმა აუცილებლად უნდა გადმოიბიროს რონალდინიო!

ფეხბურთელის ძმასთან, იმავდროულად აგენტთან, წინასწარი მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. ვილანუევა პორტუ ალეგრიში გაფრინდა. რონალდინიოს მშობლიურ ქალაქში მექსიკური გუნდის პირველკაცმა ოთხი დღე გაატარა და კონტრაქტიც გაფორმდა!

"მან მითხრა, რომ ეძებს ისეთ ადგილს, სადაც მხოლოდ ფულს კი არ იშოვის, არამედ - სტიმულსაც. მას უნდა ახალი გამოწვევის წინაშე დადგეს. მანვე მითხრა, რომ აღფრთოვანებულია ჩემი საქციელით, რადგან კლუბის პრეზიდენტი მასთან მოლაპარაკებაზე არასოდეს ჩასულა", - იგონებს ვილანუევა.

რონალდინიოსა და "კერეტაროს" კონტრაქტი ორწლიანია. ფეხბურთელი წლიურ ანაზღაურებად 1,8 მილიონ დოლარს იღებს. ის მექსიკური ლიგის მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს შორის მეოთხეა. ამ ჩამონათვალს "კრუს ასულის" პარაგვაელი ფორვარდი, როკე სანტა კრუსი ლიდერობს.

სექტემბრის შუაში რონალდინიო "კერეტაროს" გულშემატკივრებს წარუდგინეს. ეს მოხდა ერთ-ერთი მატჩის შესვენების დროს. რატომ მექსიკა? - ჟურნალისტებმა ეს კითხვაც დასვეს. "მე აქ ჩამოვედი ახალი ტიტულებისა და გოგონების მოსანადირებლად", - იყო პასუხი.

დებიუტი
მექსიკურ ლიგაში რონალდინიოს დებიუტს 38 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. გვადალახარაში მასპინძელმა "ჩივასმა" ეშმაკობას მიმართა და ბილეთებზე ფასები საზღაპრო დონეზე ასწია, თუმცა ამან ხალხი ვერ შეაშინა.

რონალდინიომ დაარტყა "მაკრატელა", გაიტანა პენალტი და გააკეთა საგოლე გადაცემა - საბოლოო ჯამში "კერეტარომ" 4:1 მოიგო. "ატლასთან" შემდეგ მატჩზე უკვე 48 ათასი ქომაგი მოვიდა.

რონალდინიომ ჯარიმიდან ულამაზესი ბურთი შეაგდო, მინდორზე გადმომხტარ გულშემატკივარს კი ავტოგრაფი არ დაამადლა. დანარჩენ ექვს თამაშში ბრაზილიელმა ერთი ბურთი გაიტანა.

განსაკუთრებული
ამას მოჰყვა ზამთრის არდადეგები, რომელიც რონალდინიოსთვის ორი კვირით უფრო ხანგრძლივი იყო, ვიდრე "კერეტაროს" დანარჩენი მოთამაშეებისთვის. ბოლოს, ბრაზილიელი მაინც ჩავიდა მექსიკაში და... წამსვე სამშობლოში გაბრუნდა - ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად.

სანამ ფეხბურთელები მექსიკაში ოფლს ღვრიდნენ და კლაუსურასთვის ემზადებოდნენ, რონალდინიო ბრაზილიაში თაყვანისმცემლებს შორის ყელყელაობდა და ახალ წელს სამშობლოდან ულოცავდა ქომაგს.

იანვრის დასაწყისში რონალდინიო ჩავიდა მექსიკაში. დაიწყო ვარჯიში ინდივიდუალური პროგრამით. სულ მალე "კერეტაროს" ფიზმომზადების მწვრთნელმა დაიჩივლა: "მე მას ვერაფრით ვაიძულებ, შეასრულოს ყველა აუცილებელი ვარჯიში. ის არ დარბის, რადგან, უბრალოდ, არ უყვარს სირბილი", - თქვა მწვრთნელმა.

კონფლიქტი არ გაღვივებულა. ფიზიოთერაპევტმა თქვა: "ჩვენ ვცხოვრობთ კერეტაროში და ჩვენ გვყავს რონალდინიო. ის იგივეა ჩვენთვის, რაც თავის დროზე მარადონა იყო "ბარსელონასთვის".

ასეთ ფეხბურთელებს შეუძლიათ, საკუთარ თავს ცოტა მეტის უფლება მისცენ".

2015 წელს რონალდინიომ მხოლოდ სამ მატჩში ითამაშა და კინაღამ პირდაპირ კუთხურიდან შეაგდო.

ეკონომიკური ეფექტი
მექსიკური ორგანიზაციების პროგნოზით, რონალდინიოს ამ ქვეყანაში გადასვლას დამატებით 400 ათასი გულშემატკივარი უნდა მოეზიდა. ამას უნდა მოეტანა დამატებითი შემოსავალი - 115 მილიონი პესო (7,66 მილიონი დოლარი).

რონალდინიოს გუნდში მისვლამდე "კერეტაროს" სტადიონზე ადგილების 63 პროცენტი ივსებოდა. ახლა ეს ციფრი 84-ს შეადგენს. საშუალო დასწრების მიხედვით გუნდს მეთოთხმეტე მაჩვენებელი ჰქონდა მექსიკურ ლიგაში, ახლა კი ლიდერობს.

უნივერსალი
რონალდინიომ "კერეტაროში" ყოფნის პერიოდში ერთ-ერთ ბრაზილიურ ჯგუფთან ერთად სიმღერა ჩაწერა. მექსიკაში ის გადაიღეს ერთ-ერთი ბანკის რეკლამაში. შეიქმნა მისი სახელობის კომპიუტერული თამაში. ახლო მომავალში აპირებს, ინტერნეტსივრცეში გაუშვას კიდევ ერთი პირადი ინტერნეტსაიტი...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული