* ანდროს თაუნსენდის საგოლე დარტყმა 77,2 მილი/საათში სიჩქარით განხორციელდა.
* ინგლისის ნაკრებს მოგებათა 7-მატჩიანი სერია შეუწყდა.
* 2014 წლის მუნდიალის შემდეგ ორივე ნაკრები დაუმარცხებელია.
ტურინის "იუვენტუს არენაზე" მეტად საინტერესო ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს იტალიის და ინგლისის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
როდესაც ერთმანეთის პირისპირ ასეთი პრინციპული მეტოქეები დგანან, შედეგს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ "იუვეს" ახალ სტადიონზე დაძაბული და საინტერესო თამაში ვიხილეთ, ფეხბურთელებს კი თავი არ დაუზოგავთ...
შემადგენლობები
გუნდებმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშეს, თუმცა იტალიელთა სასტარტო თერთმეტეულს უფრო მეტად ეთქმის ექსპერიმენტული. როი ჰოჯსონის გუნდში ვერ ვიხილეთ დანიელ სტარიჯი, რაჰიმ სტერლინგი და დენი უელბეკი, მაიკლ კერიკი კი მხოლოდ მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში - სამაგიეროდ, უეინ რუნი იყო მოედანზე და ფლანგზე მოქმედებდა, მეორე ფრთიდან თეო უოლკოტი უტევდა, ცენტრფორვარდის პოზიციაზე კი ჰარი კეინი ვიხილეთ. ჰოჯსონმა 4-3-3 ტაქტიკა აირჩია და პირველ ნომრად შეეცადა თამაშს.როგორც უკვე აღვნიშნეთ, იტალიელთა შემადგენლობა ექპერიმენტული იყო - ანტონიო კონტემ 3-5-2 ტაქტიკა აირჩია, ფლანგები მატეო დარმიანს და ალესანდრო ფლორენცის ჩააბარა, საყრდენ ხაზს კი რობერტო სორიანო, მირკო ვალდიფიორი და მარკო პაროლო ამაგრებდნენ; შეტევაში მარტინს ედერის და გრაციანო პელეს ტანდემი ვიხილეთ.
შესაძლოა, ევროპის შესარჩევი ეტაპის მომდევნო პაექრობაში, რომელიც იტალიელებს ხორვატებთან აქვთ, სულ სხვანაირი "აძურა" ვიხილოთ - ანდრეა პირლოს, კლაუდიო მარკიზიოს, დანიელე დე როსის და რიკარდო მონტოლივოს კვარტეტით, შეტევაში კი ჯუზეპე როსი დაბრუნდეს ან მარიო ბალოტელი, მაგრამ ინგლისთან პაექრობაში კონტემ სწორედ ზემოხსენებულ ფეხბურთელებზე შეაჩერა არჩევანი და უმეტესობამ თავი კარგად წარმოაჩინა.
განსხვავებული ტაიმები
თამაში თვალსასეირო გამოდგა, მომენტები კი ორივე კართან მრავლად შეიქმნა. პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, აი, მეორეში კი უკვე ინგლისელები უფრო აქტიურობდნენ. შესაბამისად, სრულიად ლოგიკური გახლდათ, რომ პირველი ნახევარი იტალიელთა გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მეორეში ბრიტანელებმა ანგარიში გაათანაბრეს. ორივე გოლი ეფექტური გამოვიდა - იტალიელთა რიგებში გრაციანო პელე გამოირჩა, რომელმაც ჯორჯო კიელინის ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით გადაგზავნა ბურთი კარის ბადეში. რაც შეეხება ინგლისელთა გოლს, შეცვლაზე შესულმა ანდროს თაუნსენდმა გაიბრწყინა, როდესაც ერთ მეტოქეს კარგად აუარა გვერდი და საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით ბურთი მეკარისაგან მარჯვენა მაღალ კუთხეში მოათავსა.
გუნდებს მეტის გატანაც შეეძლოთ - იტალიელთა რიგებში შესანიშნავი შანსი გაუშვეს ხელიდან მარტინს ედერმა, ლუკა ანტონელიმ და ჩირო იმობილემ, ინგლისელთა შორის კი მიზანთან ახლოს უეინ რუნი იყო. ისიც აღვნიშნოთ, რომ მეკარეებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. განსაკუთრებით ეფექტური მაინც ჯიჯი ბუფონი გახლდათ, რომელმაც ბულგარეთთან პაექრობა გაციების გამო გამოტოვა. საბოლოოდ - 1:1 - ფრე, რომელიც თამაშის სცენარიდან გამომდინარე, სრულიად ლოგიკური იყო...
მინდორს მიღმა
მატჩის დაწყებამდე ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა, რომელმაც იტალიური სპორტული მედიის ყურადღება მიიპყრო - სათადარიგოთა სკამთან "იუვენტუსის" პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ჩავიდა და ანტონიო კონტეს გადაეხვია. ბოლო დროს ანიელებს და კონტეს შორის ვითარება დაძაბულია, "იუვეს" მესვეურები ფედერკალჩოსაც კი დაუპირისპირდნენ და ეს ჟესტი მართლაც მნიშვნელოვანი იყო - ანდრეა ანიელის და ანტონიო კონტეს გადახვევას ტრიბუნებზე მხურვალე ტაში მოჰყვა.
კიდევ ერთი საგულისხმო ამბავი მაშინ მოხდა, როდესაც დიქტორი იტალიის ნაკრების შემადგენლობას აცხადებდა და მწვრთნელის რიგი მოვიდა - დიქტორმა სახელი წარმოთქვა და კონტეს გვარი 30 ათასმა გულშემატკივარმა ერთხმად დაიყვირა. სწორედ კონტეს გვარს მოჰყვა ყველაზე დიდი ხმაური და ტაში, რაც მწვრთნელისადმი მხარდაჭერის საუკეთესო გამოხატვა გახლდათ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, "იუვენტუსმა" კონტეს თავკაცობით მიჯრით სამი სკუდეტო მოიგო.
ანტონიო კონტე (იტალიის ნაკრების მწვრთნელი): "ემოციებით ვარ დამუხტული და სიმართლე გითხრათ, ძალიან გახარებული. "იუვენტუს არენაზე" დაბრუნება განსაკუთრებულ განცდებთანაა დაკავშირებული და ის დახვედრა, რაც გულშემატკივრებმა მომიწყვეს, არასდროს დამავიწყდება. ამან გადაწონა ყველა ის უსიამოვნება, რაც აქამდე მომხდარა.
როდესაც ტიფოზები ჩემს გვარს სკანდირებდნენ, მივხვდი, რომ ჩვენ ერთად ყველაფერს მივაღწევთ. მადლობა "იუვენტუსის" მესვეურებს, რომლებმაც ასევე ძალიან თბილი დახვედრა მომიწყვეს. რაც შეეხება თამაშს, მთლიანობაში კმაყოფილი ვარ, მაგრამ იყო ნეგატიური მომენტებიც. მეორე ტაიმში ზედმეტად დავიწიეთ უკან, მეტოქეს შეტევის საშუალება მივეცით და ლოგიკური გოლი გავუშვით. დასანანია, რომ ვერ მოვიგეთ, თუმცა პოზიტივი მაინც უფრო მეტი იყო, ვიდრე ნეგატივი. ვალდიფიორიმ, ედერმა, ვასკესმა და პელემ თავი კარგად წარმოაჩინეს, მათი იმედი მომავალშიც მექნება".
როი ჰოჯსონი (ინგლისის ნაკრების მწვრთნელი): "იტალიის გასვლაზე დამარცხება ურთულესი საქმეა და ეს ძალიან იშვიათად ხდება. ამიტომ ფრე ნამდვილად კარგი შედეგია. კიდევ უფრო კმაყოფილი ვარ იმით, რომ პირველი ტაიმის სუსტად ჩატარების შემდეგ თავი ხელში ავიყვანეთ და გაცილებით უკეთ ავთამაშდით.
მეორე ნახევარში უკვე ის ფეხბურთი ვაჩვენეთ, როგორიც მსურდა, რომ მეხილა. შესანიშნავად ჩაერთვნენ თამაშში ახალგაზრდები, როს ბარკლი და ანდროს თაუნსენდი - ჩვენ იერიშებს მეტი სიმწვავე და აზრი მისცეს. სწორი გზით მივდივართ და ასე უნდა გავაგრძელოთ".
ჯორჯო კიელინი (იტალია): "ბოლო თვეების განმავლობაში, ინგლისმა საგრძნობი პროგრესი განიცადა და დღეს ეს ჩვენს ტყავზე გამოვცადეთ. მეტოქე აქცენტს დაბალ გადაცემებზე აკეთებდა და არა საჰაერო ორთაბრძოლებზე, რაც ბრიტანელებისგან რაღაც ახალია. კარგი თამაში გამოვიდა, რომელიც ლოგიკური შედეგით დასრულდა. ჩვენი თამაში დადებითად უნდა შევაფასოთ, რადგან ასეთ ძლიერ მეტოქეს გადახალისებული შემადგენლობით არაფერი დავუთმეთ და რიგ ეპიზოდებში, ვჯობდით კიდეც".
უეინ რუნი (ინგლისი): "დასანანია, რომ ვერ მოვიგეთ, რადგან ამის კარგი შანსი გვქონდა. პირველ ტაიმში მეტოქე გვჯობდა და ეს ჩვენივე ბრალია, რადგან ცენტრი იოლად დავთმეთ და იტალია იერიშებს წინააღმდეგობის გარეშე იწყებდა. მეორე ტაიმში პრესინგს მივმართეთ, მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე ვიბრძოდით და უპირატესობაც ვიგდეთ ხელს. მთლიანობაში, მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან კარგი და სასარგებლო სპარინგი გამოვიდა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"