ფიფას სკანდალი: ზეპ ბლატერის სია

AutoSharing Option
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ცხრა მაღალჩინოსანი დააპატიმრეს გუშინ შვეიცარიაში. ისინი ეჭვმიტანილნი არიან კორუფციაში და შესაძლოა, მოხდეს მათი ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადირება.

27 მაისს, დილით, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი პოლიციის ათამდე თანამშრომელი ციურიხის ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში შევიდა.

სწორედ აქ არის დაბინავებული ფიფას ხელმძღვანელობა პრეზიდენტის არჩევნების წინ, რომელიც 29 მაისს უნდა გაიმართოს. სამართალდამცველებმა მოითხოვეს ნომრების გასაღებები, რის შემდეგაც ცხრა ჩინოვნიკი დააკავეს. ისინი ავტომობილებამდე ზეწარაფარებულები მიიყვანეს.

პოლიციის განცხადებით, ოპერაციის ჩატარების მიზეზი გახდა ფიფაში გამეფებული კორუფცია, რომელიც მოიცავდა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადებს, მარკეტინგულ და სატელეკომუნიკაციო გარიგებებს,
თაღლითობას, რეკეტსა და ფულის გათეთრებას. სამართალდამცავი ორგანოების აზრით, ჩამოთვლილი დანაშაულებები ორგანიზაციაში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ყვაოდა.

როგორც გაზეთი The New York Times-ი იტყობინება, დაპატიმრებულები არიან ფიფას აღმასკომის ვიცე-პრეზიდენტები - ჯეფრი უები და ეუხენიო ფიგერედო, ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნების საფეხბურთო კონფედერაციის (კონკაკაფი) ყოფილი პრეზიდენტი ჯეკ უორნერი; აგრეთვე, ფიფას აღმასკომის წევრები - ედუარდო ლი, ხულიო როჩა, კოსტას ტაკასი, რაფაელ ესკიველი, ხოსე მარია მარინი და ნიკოლა ლეოსი.

გარდა ამისა, კიდევ ხუთ ადამიანზეა გაცემული დაპატიმრების ორდერი. ისინი შვეიცარიის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან: ალეხანდრო ბურზაკო, აარონ დევიდსონი, უგო ჯინკისი და მარიანო ჯინკისი, რომლებსაც სპორტულ მარკეტინგთან აქვთ კავშირი; აგრეთვე - ხოსე მარგულისი. ის შუამავალი იყო არაკანონიერი გარიგებების დროს. ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი არ ფიგურირებს დაპატიმრებულების ან ეჭვმიტანილების სიაში.

ფიფაში ანტიკორუფციული გამოძიება ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ არის ინიცირებული. ამერიკული სპეცსამსახურების მონაცემებით, ჩინოვნიკებმა ჯამში 100 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამი აიღეს, ამასთან, ფულის გადახდა აშშ-ის ბანკების მეშვეობით მოხდა.

ახლა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებს ელით ექსტრადაცია ამერიკაში შესაბამისი საგამომძიებლო ღინისძიებების ჩასატარებლად - ქვეყნებს შორის არსებობს შეთანხმება ფინანსურ დანაშაულში მხილებული პირების გადაცემის შესახებ.

მაგრამ არ შეიძლება ჩინოვნიკების დაუყოვნებლივ აშშ-ში გაგზავნა მათი ნების საწინააღმდეგოდ. თუ ეჭვმიტანილები უარს იტყვიან ექსტრადაციაზე, ამერიკის მთავრობამ უნდა გააგზავნოს სპეციალური მოთხოვნა შვეიცარიის იუსტიციის სამინისტროსა და პოლიციაში და ეს თხოვნა 40 დღის განმავლობაში უნდა განიხილონ.

გამოცემა Financial Times-ი ირწმუნება, რომ კორუფციაში ბრალდების გარდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულებს ედავებიან თაღლითობას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას და გადასახადებისგან თავის არიდებას. ამერიკის მოქმედმა პროკურორმა კელი კიურიმ აღნიშნა, რომ გამოძიების პროცესში შესაძლოა ახალი ბრალდებების წარმოშობა.

თავის მხრივ, შვეიცარიის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა მსოფლიოს 2018 და 2022 წლების ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნების არჩევის პროცედურასთან დაკავშირებით. ამ საქმის გამოსაძიებლად ფიფას აღმასკომიდან 10 კაცს დაჰკითხავენ. მათი გვარები არ სახელდება. თავის მხრივ, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ კატეგორიულად უარყო 2018 და 2022 წლების მუნდიალების მასპინძლობაზე ხელმეორე არჩევნების ჩატარება. ამის შესახებ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა ფიფას საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა ვალტერ დე გრეგორიომ.

"მსოფლიოს 2018 და 2022 წლების ჩემპიონატები რუსეთსა და ყატარში გაიმართება, - თქვა დე გრეგორიომ. - ეს ფაქტია. სხვა ყველაფერი - სპეკულაცია".

ამჟამინდელ სიტუაციას დამატებით ამძაფრებს ის ფაქტი, რომ პარასკევს, 29 მაისს უნდა გაიმართოს ფიფას პრეზიდენტის მორიგი არჩევნები. ამიტომაც მომხდარი, შესაძლოა, ერთგვარი შეტევა იყოს იოზეფ ბლატერის პოზიციებზე.

კიდევ ერთი ვერსიით, ჩინოვნიკების დაპატიმრება თავად ბლატერს აწყობდა. საქმე ისაა, რომ ერთ-ერთი დაკავებული - კონკაკაფის ექსპრეზიდენტი ჯეკ უორნერი შვეიცარიელის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სუსტიმასალაა. ტელევიზია უფრო მდიდარ ფაქტებს ფლობს თუნდაც ამ აფიორაში რუსეთის მონაწილეობის საქმეში. სპორტის ორგანიზაციული მხარე დალპა!კორუფცია მოედო მსოფლიოს!
beri@posta.ge
13:14 28-05-2015
0
სიას გაგრძელება ექნება?ბლატერი...მუტკო...კოლოსკოვი...პუტინი...
ზაზა
11:13 28-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული