დრიბლინგი: ანდრეა პირლომ დარდი არ იცის...

AutoSharing Option
იტალია
უდარდელი კაცი
რა არ უნახავს ანდრეა პირლოს, ვის მხარდამხარ არ უთამაშია და რა არ მოუგია. "მილანში" რომ ჩამოწერეს, მისი მზე ჩასვენებული გვეგონა - ჰა-ჰა, ერთ სეზონს თუღა გაქაჩავსო, ვამბობდით ხოლმე.

თუმცა მრავლისმნახველ იტალიელ გამთამაშებელს "იუვენტუსში" მეორე სუნთქვა გაეხსნა, ახალი ცხოვრება დაიწყო და როგორც ხშირად გვიყვარს ხოლმე თქმა, დაძველებული ღვინოსავით კიდევ უფრო გაგემრიელდა.

დინჯმა ანდრეამ ამასობაში წვერიც მოუშვა და რაღაცნაირად, კიდევ უფრო რესპექტაბელური გახდა - ჭაღარას რომ პატივს სცემენ ხოლმე, დაახლოებით ისე ვცემთ პატივს უშფოთველი პირლოს წვერს.

დინჯი, უდარდელი, უშფოთველი - ამათ
გარდა, პირლო კიდევ არაერთ ეპითეტს იმსახურებს. აუჩქარებელი პირლო, წყნარი პირლო, დარბაისელი პირლო, ჭკუადამჯდარი, აუღელვებელი, მამა აბრამის ბატკანი, ბოლოს და ბოლოს. ასე შევხედავთ თუ - ისე, ამას ვუწოდებთ თუ იმას, ერთი რამ ცხადია: პირლო ჯერ კიდევ დიდ ფეხბურთს თამაშობს.

ჯერ კიდევო? ჰმ, წინა კვირაში ანდრეა პირლო 36 წლის გახდა. 36-ის! ცენტრალური ნახევარმცველია - არ დაგვავიწყდეს! საყრდენ-გამთამაშებელი!

ჩემი საიდუმლო ის არის, რომ დარდი არ ვიციო, ამას წინათ თქვა.

ბერლუსკონიმ პირი ისევ აიმყრალა
ესეც ასე: ფილიპო ინძაგიმ "მილანის" მთავარი მწვრთნელის რანგში ბოლო საშინაო მატჩი ჩაატარა და კიდევ კარგი, რომ შეგირდებმა ამ შეხვედრაში მაინც უთხრეს ხეირიანი მადლობა: "როსონერიმ" "ტორინო" 3:0 დაამარცხა.

ინძაგი რომ წავა, ამას წყალი არ გაუვა, ყველაზე საინტერესო კი "მილანის" ბატონ-პატრონ სილვიო ბერლუსკონის კომენტარი გახლდათ - ხომ იცით, როგორც ლაპარაკობს ხოლმე სილვიო წარმავალ სპეციალისტებზე.

"ინძაგის და ჩემი ფილოსოფიები ზედმეტად განსხვავდება ერთმანეთისგან. მე მინდოდა, რომ ძირითად გუნდში უფრო მეტი ისეთი ახალგაზრდა მოთამაშე გვყოლოდა, რომლებსაც ჩვენივე ბავშვთა გუნდებიდან გადმოვიყვანდით. მოკლედ, "მილანის" აღზრდილი ბიჭები მინდოდა, მაგრამ სამწვრთნელო შტაბში ჩემს თხოვნებზე თავს იყრუებდნენ!” - თქვა ბერლუსკონიმ.

ვერ გეტყვით, ითამაშებდა თუ არა "მილანი" უკეთ, პიპოს ბერლუსკონისთვის რომ დაეჯერებინა, ის კი ცხადია, რომ სილვიომ წარმავალი მწვრთნელების დანდობა არ იცის. მაგალითები გნებავთ?

90-იანებში "მილანს" ცოტა ხნით ოსკარ ტაბარესი წვრთნიდა, რომელზეც ბერლუსკონიმ ბოლოს თქვა: "ტაბარესი? ვინაა ტაბარესი? სან რემოს მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობს?"

1999 წელს ბერლუსკონიმ ალბერტო ძაკერონის მუშაობა ასე შეაფასა: "ეს კაცი ცუდი ყასაბია, რომელიც კარგ ხორცსაც კი ისე ჭრის, რომ ზედაც არ შეხედავ!"

კარლო ანჩელოტიზე ბერლუსკონის ცუდი, რა თქმა უნდა, არაფერი უთქვამს - კიდევ კარგი, რადგან ანჩელოტიმ "მილანს" ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოაგებინა.

რაც შეეხება მასიმილიანო ალეგრის, რომელიც ახლა "იუვენტუსშია" და ტურინული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა: "მაგას ფეხბურთი ისე ესმის, როგორც ნებისმიერი ცოცხალი არსების განავალს შეიძლება ესმოდეს", - ეს ალეგრის ეხებოდა.

არ უნდა დაგვავიწყდეს ბერლუსკონის ცნობილი გამონათქვამი მწვრთნელ კლარენს ზეედორფის შესახებაც: "მოხუცთა თავშესაფრიდან მოყვანილი ნებისმიერი გადაყრუებული ბებერი უფრო კარგად მოთოკავდა გუნდს, ვიდრე ზეედორფი!"

როგორც ხედავთ, ინძაგის კიდევ გაუმართლა, ასე რბილად რომ გაკიცხეს - ეტყობა, ბერლუსკონის არ ავიწყდება პიპოს, როგორც ფეხბურთელის, წვლილი "მილანის" წარმატებებში.

ინგლისი
ჰოლივუდი პრემიერლიგაში
ძვირფასო სცენარის ავტორებო და რეჟისორებო ჰოლივუდში, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს! ამიერიდან, სულაც არაა აუცილებელი, რომ ტვინები იჭყლიტოთ, პრემიერლიგას უყურეთ - ხარისხიანი დრამებისთვის იდეების უდიდესი ბაზაა.

ჯერ მარტო დიდიე დროგბასთან გამომშვიდობება რად ღირდა. დიდი დიდიე თანაგუნდელებმა ხელში აიტაცეს და ისე გაიყვანეს მოედნიდან.

ან ფრენკ ლამპარდის დამშვიდობება ნახეთ: 609 მატჩისა და 177 გოლის შემდეგ, პრემიერლიგაში მოღვაწეობა 36 წლის ფრენკიმაც დაასრულა და გოლით დააგვირგვინა. მართალია, ლემპარდი "ჩელსის" ლეგენდაა და "მანჩესტერ სიტის" მაისურა მისთვის ზედმეტად ღია ფერის იყო, მაგრამ მერე რა, ლურჯიდან ცისფრამდე არც ისე შორია...

მესამე და ყველაზე გულისამაჩუყებელი დრამა სტივენ ჯერარდის თავს დატრიალდა. სტივმა "ლივერპულის" ფორმით უკანასკნელი, 710-ე მატჩი ჩაატარა და მერსისაიდულმა კლუბმა 1963 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო - 1:6 "სტოკთან". რასაკვირველია, ეს თავად ჯერარდის კარიერაშიც ყველაზე სამარცხვინო მარცხი გამოვიდა.

სიამოვნებით დავუყვავებდით ჯერარდს და ვეტყოდით, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, მაგრამ ცუდადაა და რას ვიზამთ?! "სტივი ჯი" ასეთ "გუდბაის" არ იმსახურებდა!

საქმე ცუდადაა იმიტომაც, რომ ჯერარდის მომავალი კლუბი, "ლოს ანჯელეს გალაქსი", 13 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-7 ადგილზეა და აქვე ვთქვათ, რომ იქ, ცხრა მთას იქით, იმ ლიგაში, სულ 10 გუნდი თამაშობს. მაგრამ ცხრილიც ორია რაღაცნაირად - ეშმაკმა იცის, როგორც. კალათბურთის მოყვარულებს ეცოდინებათ...

ჯერარდის იმ გოლზე არაფერი გვითქვამს და არცაა საჭირო. ღირსეული კაცია "სტივი ჯი" და აქ მაინც გავაცილოთ ღირსეულად!

კბილის პასტა და ბრედ ფრიდელი
როგორც ირკვევა, ინგლისის საფეხბურთო მენეჯერთა (მწვრთნელთა, ანუ) ასოციაცია ძალიან კარგად მუშაობს. როგორც კი გაირკვა, რომ ინგლისურ ფეხბურთში დასაქმებულ მწვრთნელთა 44 პროცენტს გული რაღაც დოზით მაინც აწუხებს, ამ ასოციაციამ გამოაქვეყნა 120-გვერდიანი მრჩეველი-წიგნი, სადაც მწვრთნელებს ურჩევენ, რა უნდა გააკეთონ საიმისოდ, რომ გული არ დაუბერდეთ და კიდევ დიდხანს ემსახურონ თავიანთ საქმეს.

სხვებთან ერთად, ამ წიგნში მოცემულია ფსიქოლოგებისა და გულის ექსპერტების რჩევები, სადაც ნათქვამია, რომ მწვრთნელებმა უნდა ჭამონ მეტი ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო და ა.შ.

თუმცა ასეთები ისედაც ყველამ იცის.

რაც შეეხება უფრო უცნობ და უცნაურ რჩევებს: მწვრთნელებს ურჩევენ, რომ კბილების ხეხვისას იოგას ან მედიტაციას მიჰყონ ხელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანიაო, ამბობს ფსიქოლოგი, დოქტორი ქეით იოზეფი. ამასთან, მწვრთნელებს ურჩევს:

"შენს თავს უნდა ჰკითხო, როგორ გამოიყურება კბილის პასტა მაშინ, როცა ქაფდება? უნდა დაუკვირდე, რა ხმები გესმის კბილების ხეხვისას, როგორი სუნი აქვს კბილის პასტას..."

გულახდილად გეტყვით, სიამოვნებით დავესწრებოდით იმ მოვლენას, როცა სემ ელარდაისი კბილების ხეხვის დროს იმ ყველაფერზე ფიქრობს.

2014/15 წლების სეზონის "დრიბლინგის" ინგლისის ნაწილის უკანასკნელ აბზაცს კი ისეთ კაცს მივუძღვნით, დიდ ორომტრიალში ბევრს რომ გადაავიწყდა: ჯერარდ-ლამპარდ-დროგბას ამბების ფონზე გაგახსენებთ, რომ ბრედ ფრიდელმაც დაამთავრა კარიერა. 44 წლის ასაკში!

ბებერი მელოტიც ღირსეულად უნდა გავაცილოთ.

ესპანეთი
ჩავი...
როგორც "ნოუ კამპზე" ჩავი გააცილეს, ჩვენ აქ ასეთ გაცილებას, რა თქმა უნდა, ვერ მოვუწყობთ. ამისათვის ჩვენ ადგილი არ გვეყოფა, თქვენ კი 50 000-დუიმიანი ეკრანი დაგჭირდებათ...

"ჩავის შეცვლა არავის შეუძლია. მეორე ჩავი არ არსებობს!" - თქვა ლუის ენრიკემ. 8 ჩემპიონობა, 3 ჩემპიონთა ლიგა, 2 თასი, 6 ესპანეთის სუპერთასი და 2 უეფას სუპერთასი. "ადიოსის" თქმა აქ უადგილო იქნებოდა - დროებით, ჩავი!

წარმოუდგენელია, რომ ეს კაცი ფეხბურთიდან სულ წავიდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბრავო ჯაბა! :D :)))
del piero 10
17:12 01-06-2015
0
პირლოსნაირ მოთამაშეებს სულ სხვა ხედვა აქვთ.აი,ამ სურათშიც იმ ქალს სახეზე კი უყურებს,მაგრამ როგორი ტრ....ი აქვს,უკვე იცის.
jaba
16:55 28-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული