რუსები მესამე ადგილზე არიან ჯგუფში და გვარიანად ჩამორჩებიან ლიდერებს, შვედეთს და ავსტრიას. მოკლედ, ისეთი პირი უჩანს, რომ კარგ შემთხვევაში, რუსეთის ნაკრები მესამე ადგილზე დარჩება და დიდი ალბათობით, პლეი ოფში მოუწევს ბრძოლა.
ჩვენ ჩრდილოელ მეზობლებს ვერ აქვთ კარგად საქმე და ამად იყო, რომ გუშინ, ეროვნული ნაკრების მთავარი წვრთნელის პოსტიდან ფაბიო კაპელოს გათავისუფლების შესახებ გავრცელდა ცნობები. ითქვა ისიც, რომ უახლოეს მომავალში იტალიელ სპეციალისტს ლეონიდ სლუცკი შეცვლის.
"სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კაპელო გათავისუფლებლია რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ჯერჯერობით, კაპელო ნაკრების მწვრთნელია, გადაწყვეტილებას კი აღმასკომის უახლოეს სხდომაზე მივიღებთ. მიღებული გადაწყვეტილება პირველ რიგში, ჩვენს ოფიციალურ საიტზე განთავსდება".
მოკლედ, რუსეთის საფეხბურთო კავშირს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ ეჭვი არავის ეპარება, რომ კაპელო დატოვებს რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს.
ამ თემაზე, რამდენიმე კითხვას რუსეთის საფეხბურთო კავშირის საპატიო პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა უპასუხა.
- მიგაჩნიათ თუ არა, რომ კაპელომ უნდა დატოვოს რუსეთის ნაკრები?
- კი, დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კაპელო უნდა გაათავისუფლონ დაკავებული პოსტიდან.
- კი, მაგრამ თქვენ ხომ დიდხანს იცავდით მას...
- ნამდვილად ასეა, მაგრამ მოთმინების ფიალა ამევსო. ფაბიო კაპელოს რუსული ფეხბურთისთვის კარგი არაფერი მოუტანია და ეს არის რეალობა, რომელსაც ვერსად გავექცევით.
- თუ კაპელოს კონტრაქტს გავუწყვეტთ, მისთვის სოლიდური კომპენსაცია გვექნება გადასახდელი...
- ფინანსები უნდა მოვიძიოთ, რადგან კაპელო გასაშვებია.
კაპელო: 8 თვე უხელფასოდ ვიმუშავე
ფორმალურად, ფაბიო კაპელო ჯერ კიდევ რუსეთის ნაკრების მწვრთნელია, მაგრამ პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ რუსეთის საფეხბურთო კავშირის უახლოეს აღმასკომზე მას გაათავისუფლებენ. ჟურნალისტთა შეკითხვებს თავად კაპელომაც უპასუხა.- რამდენი მატჩი უნდა ჩააგდოთ, რომ თქვენით მიიღოთ წასვლის გადაწყვეტილება?
- შემდეგი კითხვა...
- არც კი გვახსენდება ასე როდის დაჯაბნეს რუსეთის ნაკრები. არ აპირებთ წასვლას?
- ამ თემაზე იმ ხალხთან ვილაპარაკებ, ვინც დამიქირავა. რვა თვე უხელფასოდ ვიმუშავე და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ დადებითი შედეგი გვქონოდა. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
- რას ეტყვით იმ ხალხს, ვინც მიიჩნევს, რომ კაპელო ჩიხია რუსეთის ნაკრებისთვის?
- კრიტიკა ჩემი პროფესიის შემადგენელი ნაწილია და ამას უკვე მიჩვეული ვარ. კონსტრუქციულ კრიტიკას ყოველთვის მივიღებ, დღეს კი სხვას ვერაფერს გეტყვით...
საკი კაპელოს გამოექომაგა
ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი არიგო საკი ფაბიო კაპელოს გამოექომაგა და ისეთი კომენტარი გააკეთა, რომელიც რუსებს ნამდვილად არ მოეწონებოდათ:"გავიგე, რომ რუსეთში ყველაფერი ფაბიო კაპელოს დააბრალეს და მის გათავისუფლებას აპირებენ. ვფიქრობ, ეს არასწორი გადაწყვეტილებაა, რადგან სწორედ ფაბიოს დონის მწვრთნელს შეუძლია რუსეთის ნაკრების ჭაობიდან ამოყვანა. ნუთუ კაპელოს აბრალებენ იმას, რომ რუსული ფეხბურთი ღრმა კრიზისშია და მძიმე პერიოდი უდგას. მათი ნაკრების ფეხბურთელებს ვერც კი ვიხსენებ და არ მიკვირს, რომ კაპელოს უჭირს მწირი რესურსით ფონს გასვლა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"