კოპა ამერიკა. A ჯგუფი. III ტური: ჩილე და ბოლივია პლეი-ოფში გავიდნენ

AutoSharing Option
ჩილეში მიმდინარე კოპა ამერიკის გათამაშებაზე ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩები გაიმართა.

A ჯგუფში ეკვადორის ნაკრებმა მექსიკას ანგარიშით 2:1 სძლია, ხოლო მასპინძელმა ჩილეს ნაკრებმა ბოლივიას ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა.

ჯგუფში პირველი ადგილი ჩილეს ნაკრებმა დაიკავა 7 ქულით, მეორე ადგილზე კი ბოლივია გავიდა 4 ქულით. 3 ქულაა ეკვადორის აქტივში, ხოლო მექსიკამ 2 ქულით ბოლო ადგილი დაიკავა. შესაბამისად, პლეი-ოფში ჩილე და ბოლივია გავიდნენ, ხოლო ეკვადორს შანსი ჯერ  კიდევ რჩება (ტურნირის სამი ჯგუფიდან მეოთხედფინალში ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი გადის).

ეკვადორისა და მექსიკის ნაკრებთა შეხვედრაში ანგარიში
მილერ ბოლანიოსმა
26-ე წუთზე გახსნა, 57-ზე კი მანვე ენერ ვალენსიას გაატანინა. მექსიკელთაგან ანგარიშის შემცირება რაულ ხიმენესმა 64-ე წუთზე, პენალტით მოახერხა.

რაც შეეხება ჩილე-ბოლივიის დაპირისპირებას, ორივე გუნდს განაღდებული ჰქონდა პლეი-ოფი, შეხვედრა კი უხვგოლიანი გამოვიდა. დუბლი ჩარლეს არანგისმა (მე-3 და 66-ე წუთებზე) შეასრულა, თითო გოლი კი ალექსის სანჩესმა (37) და ჰარი მედელმა (79) გაიტანეს. საბოლოო ანგარიში 86 წუთზე დაფიქსირდა, როცა ბოვილიელმა რონალდ რალდესმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულთა რიგებში ერთი ტაიმი ითამაშა არტურო ვიდალმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ სკანდალში გაეხვა - ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო მას მართვის მოწმობა ჩამოართვეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული