U19. ევროპის ჩემპიონატი: თურმე, ჩემპიონებთან წაგვიგია - მომავლის 10 ვარსკვლავი

AutoSharing Option
ესპანურ ფეხბურთს მომავალში არაფერი ემუქრება - საბერძნეთში 6-19 ივლისს გამართულ 19-წლამდელთა ევროპის პირველობაზე ლუის დე ლა ფუენტეს ნაკრებმა იმარჯვა, რომელმაც ფინალში რუსეთის ნაკრები დაამარცხა. ეს ესპანელთა მე-10 ტიტულია.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ეს ის ტურნირია, სადაც მოხვედრას გიორგი დევდარიანის დამოძღვრილი გუნდი ლამობდა. საკვალიფიკაციო ეტაპი თბილისში გაიმართა და ელიტრაუნდში ჩერნოგორიისა და საქართველოს ნაკრებები გავიდნენ, მიღმა კი კვიპროსი და რუმინეთი დარჩა.

ელიტრაუნდიც თბილისში გაიმართა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო - პირველ ადგილზე ესპანეთის ნაკრები გავიდა, მეორეზე პორტუგალია, ჩვენ მესამე ადგილით დავკმაყოფილდით, თურქეთი
კი ბოლო იყო. ფინალურ ეტაპზე კი მხოლოდ ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი გავიდა, რომელმაც იმარჯვა კიდევაც ევროპის ჩემპიონატზე.


ფინალურ ტურნირს ლარისამ, ვერიამ და კატერინიმ უმასპინძლა. A ჯგუფიდან ნახევარფინალში საფრანგეთი და საბერძნეთი გავიდნენ, B ჯგუფიდან კი - რუსეთი და ესპანეთი. ამ ქვეჯგუფში უნიკალური სიტუაცია შეიქმნა - ყველა მონაწილემ 4-4 ქულა დააგროვა. რუსებს და ესპანელებს გოლთა დადებითი ბალანსი ჰქონდათ, ჰოლანდიელებს - ნულოვანი, ხოლო გერმანელებს - უარყოფითი.

ნახევარფინალებში ესპანელებმა მარკო ასენსიოს დუბლის წყალობით დაამარცხეს აქამდე დაუმარცხებელი ფრანგები, ხოლო რუსებმა უბრალოდ ქვა-ქვაზე არ დატოვეს საბერძნეთის ნაკრებისგან - 4:0.

ფინალი კატერინიში გაიმართა და ესპანელებმა შური იძიეს ჯგუფში მარცხისთვის რუსებზე - 2:0. ანგარიში თავურით ბორხა მაიორალმა გახსნა 39-ე წუთზე, ხოლო შეცვლაზე შესულმა მატია ნაუელმა რუსების კარი 78-ე წუთზე დალაშქრა. რომ არა რუსთა გოლკიპერ ანტონ მიტრიუშკინის საოცარი "სეივები", ანგარიში კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა.

ეს ესპანელთა მე-7 ტიტულია ბოლო 14 წელიწადში! ბორხა მაიორალი 3 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

"დღეს მე ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ. რუსებს დიდებული გუნდი ჰყავთ, მათ ძალიან გაგვიძნელეს საქმე. ჯგუფურ ეტაპზე მათთან მარცხი კიდევ უკეთესი მოტივატორი გამოდგა.

ფინალი ამ ტურნირზე საუკეთესოდ ვითამაშეთ და ალბათ, კარიერაშიც. მეტოქეს ვჯობდით, მაგრამ, სანამ მეორე გოლი არ გავიტანეთ, არ ამოგვისუნთქია. ჩემი გუნდი დაუკმაყოფილებელია, მას არასოდეს სწყინდება გამარჯვებები.

რუსებთან წაგებამ მათზე ძალიან იმოქმედა. ბიჭებს თასის მოგება სურდათ, ამიტომ ბოლომდე დაიხარჯნენ და ბრწყინვალედ ითამაშეს", - განაცხადა ესპანელთა თავკაცმა.

აღსანიშნავია, რომ ფინალურ ეტაპზე უკრაინის ნაკრებში ბექა ვაჩიბერაძე ირიცხებოდა, ხოლო რუსეთის გუნდში - გიორგი მელქაძე.

* * *
უეფას ოფიციალურმა საიტმა შეარჩია ის 10 ფეხბურთელი, რომელთაც ფინალურ ეტაპზე გაიბრწყინეს და სამომავლოდ ვარსკვლავობის განაცხადი გააკეთეს.

მარკო ასენსიო (ესპანეთი)
მისი დიდებული მონაცემები გერმანიასთან მატჩში ბრწყინვალედ გამოჩნდა, თუმცა ასენსიომ ნახევარფინალში ფრანგებთან გაიბრწყინა, როცა მეტოქეს ორი სოლო-გოლი გაუტანა. ფინალში ორივე საგოლე პასი მისია. პრინციპში, ასენსიო უკვე ვარსკვლავია.

დანი სებალიოსი (ესპანეთი)
ესპანეთის ნახევარდაცვის გული, გამთამაშებელი. მას კარგად აქვს დაბალანსებული შემტევი და დაცვითი ფუნქციები. ძალიან მშრომელი ნახევარმცველია.

მაქს კრისტიანსენი (გერმანია)
ბრწყინვალე ფიზიკური მონაცემები ეხმარებოდა ორთაბრძოლებში გასამარჯვებლად. "ინგოლშტადტის" ნახევარმცველი სტაბილურობის განსახიერებაა.

იოელ დრომელი (ჰოლანდია)
მეკარეს დიდებული რეფლექსები აქვს, სწრაფად აზროვნებს და დაცვას კარგად კარნახობს. აი, თანაგუნდელებმა კი დრომელი დააღალატეს. ერთხელ საკუთარ კარშიც გაიტანეს.

ალექსანდრ გოლოვინი (რუსეთი)
ცსკა-ს ნახევარმცველი. 90 წუთი მარტო ერთხელ ითამაშა ტურნირზე, მაგრამ რუსების ფინალში გასვლაში დიდი წვლილი მიუძღვის. ესპანეთთან და საბერძნეთთან გადამწყვეტი საგოლე პასები აკეთა.

საშა ჰორვატი (ავსტრია)
ავსტრიელთა საუკეთესო ფეხბურთელი, თავიდან ბოლომდე ითამაშა სამივე მატჩი ჯგუფურ ეტაპზე.

კონსტანტინოს კოსტარისი (საბერძნეთი)
პირველ ორ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. მეკარე ფეხით კარგად თამაშობს, გამოსვლებზეც კარგია.

სამედ კილიჩი (საფრანგეთი)
დიდებულად ასრულებს საჯარიმო დარტყმებს. ის უკვე "ოსერის" ძირითადი გუნდის უცვლელი წევრია.

რამილ შეიდაევი (რუსეთი)
"ზენიტის" ფორვარდს საკვალიფიკაციო მატჩებში უკვე 10 გოლი ჰქონდა გატანილი. ამას მან ფინალურ ეტაპზე 2 გოლი დაუმატა - 12 გოლი კი 19-წლამდელთა ტურნირის ახალი რეკორდია.

ოლექსანდრ ზინჩენკო (უკრაინა)
ფეხბურთელი, რომელიც მუდამ ბურთს ითხოვს. "უფას" ნახევარმცველს ხშირად ეუხეშებოდნენ მეტოქეები.

* * *
მომდევნო ტურნირი გერმანიაში 2016 წლის ივნის-ივლისში გაიმართება. 8 მონაწილიდან ჯერ მხოლოდ მასპინძელი გერმანიაა ცნობილი.

საქართველოს ნაკრები ამ ასაკობრივ კატეგორიაში წარმატებულ გუნდად ითვლება (რეიტინგით მეშვიდეა), ამიტომაც განთესილთა შორის იყო - ჩვენი გუნდი მე-8 საკვალიფიკაციო ჯგუფში მოხვდა, რომლის თამაშებიც 12-17 ნოემბერს საქართველოში გაიმართება.

მეტოქეები ავსტრია, ალბანეთი და უელსია, ელიტრაუნდში ორი გუნდი გადის (პლუს ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი 13 ჯგუფიდან).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მაგრამ ორ დღეში რა უნდა ქნას ჩივაძემ?!ეს ახალგაზდრები ნახევარზე მეტი უთამაშებელია,ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ბატონი საშა
giorgi
21:44 30-08-2015
0
ჩივაძე ყველაზე მაგარი მწრვთნელია!ერთი ბატონი საშას იმედი მაქვს
giorgi
21:41 30-08-2015
0

სიახლეები პოპულარული