ერთგულებასაც აქვს საზღვარი?! კლუბი თუ ფეხბურთელი - სად არის სიმართლე

AutoSharing Option
ფოტოზე: სტივენ ჯერარდს უკვე "გელექსისთვის" გააქვს ამერიკაში

დღევანდელი ჩვენი წერილი ეხება იმ ფეხბურთელებს, რომლებიც 10 და მეტი წლის განმავლობაში იცავდნენ ერთი კლუბის ღირსებას, ამ ზაფხულს კი გუნდი გამოიცვალეს.

როგორც ჩანს, ერთგულებასაც აქვს საზღვარი.

ფრანჩესკო პიზანო
11 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა "კალიარის". გუნდიდან წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კლუბი იტალიის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან გავარდა. ახლა თავისუფალი აგენტია და სასურველ გუნდს მალე იპოვის.

ნიკოლჩე ნოვესკი
ბალკანელმა 11 სეზონი შესწირა "მაინცს". საბოლოოდ გუნდისა და ფეხბურთელის გზები გაიყარა. თავისუფალი აგენტია და წინადადებებს განიხილავს.

გონსალო
კასტრო
11 წელი "ლევერკუზენში"! იყო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. ამ ზაფხულს კარგი წინადადება მიიღო განახლების გზაზე მდგარი "დორტმუნდისაგან" და ბევრი აღარ უფიქრია.

პეტრ ჩეხი
"ჩელსიში" გატარებული 11 დაუვიწყარი სეზონის შემდეგ ლონდონის "არსენალს" მიაშურა, სადაც ძირითადი მეკარე იქნება. ჟოზე მოურინიომ ჩეხს ბელგიელი ტიბო კურტუა ამჯობინა.

ანდონი ირაოლა
"ატლეტიკის" ერთ-ერთი სიმბოლო. ბილბაოელთა რიგებში ჩათამაშებული 11 სეზონის შემდეგ გადავიდა ამერიკულ "ნიუ - იორკ სიტიში".

ბასტიან შვაინშტაიგერი
ჯერჯერობით ზაფხულის ყველაზე "ცხელი" ტრანსფერი. "ბაიერნის" 13-წლიანი ერთგულების შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგდა.

სებასტიან კელი
13,5 წელი გაატარა "დორტმუნდში". იყო გუნდის კაპიტანი. პერმანენტული ტრავმების გამო დაასრულა კარიერა.

დანიელე კონტე
"კალიარის" ლეგენდა. 16 წლის განმავლობაში ემსახურა გუნდს. მას შემდეგ, რაც კლუბი დაქვეითდა, თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო და ახალ გუნდს ეძებს.

იკერ კასილიასი
"ბერნაბეუ" შოკშია - "რეალში" გატარებული 16 დიდებული სეზონის შემდეგ იკერი "პორტუს" შეურთდა.

ჩავი
"ბარსელონას" და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა. 17 წლის განმავლობაში იყო კატალონიელთა ერთგული ჯარისკაცი. კარიერას ყატარულ "ალ სადში" გააგრძელებს.

სტივენ ჯერარდი
"ლივერპულის" ქომაგთა ჯილა. "ენფილდზე" მთელი ცხოვრება გაატარა და ამერიკაში წავიდა კარიერის დასასრულებლად.

როცა ფეხბურთელი არაფერ შუაშია...
ჩვენი წერილის სათაური ორაზროვანია. ამ შემთხვევაში მხოლოდ ფეხბურთელებს ვერ დავაკისრებთ პასუხისმგებლობას. მომხდარში კლუბებიც არიან "დამნაშავენი".

ავიღოთ სტივენ ჯერარდის მაგალითი. ბოლო სეზონების განმავლობაში "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ გუნდის თამაშში ლეგენდის როლი შეემცირებინა.

გავიხსენოთ, რა პოზიციაზე თამაშობდა ჯერარდი თუნდაც ბოლო სეზონის განმავლობაში. მცველების შემდეგ ის ყველაზე შორს იყო მოწინააღმდეგის კართან. არადა, სტივი ჯის ადგილი სწორედაც რომ შეტევაშია. იქ მეტად ბასრია მისი ჯადოსნური პასები თუ უძლიერესი დარტყმები...

როგორი იქნება "ლივერპული" მომავალ სეზონში, ამას ყველა ერთად ვნახავთ, მაგრამ საეჭვოა, უნაკლო იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჯერარდი გუნდს გამოადგებოდა. როგორც ჩანს, ბრენდან როჯერსი სხვანაირად ფიქრობს.

პეტრ ჩეხის შემთხვევა ცოტა სხვაა. ტიბო კურტუა დიდებული მეკარეა და ჟოზე მოურინიომ პერსპექტივის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი, მაგრამ ჩეხი "არსენალში" მივიდა და ეს უკვე ძალიან სახიფათოა "არისტოკრატებისათვის".

ბასტიან შვაინშტაიგერი ზედმეტი აღმოჩნდა პეპ გვარდიოლას ტაქტიკური სქემებისათვის და პეპმა ამით მთელი ბავარია გადაიკიდა. "შვაინი" არ შეიძლება, ზედმეტი იყოს. ის ბუნებით გამარჯვებული კაცია და ახლა "იუნაიტედში" უნდა მიიტანოს ტიტულები...

თუნდაც იკერ კასილიასი ავიღოთ, რომლის თაობაზეც უკვე საკმარისად დავწერეთ და ახლა სიტყვას აღარ გავაგრძელებთ.

Sportall.Ge
ფოტოზე: ბასტიან შვაინშტაიგერი
თანამედროვე ფეხბურთის თავისებურებანი
თანამედროვე ფეხბურთი წამიერ მოდუნებასაც კი არავის პატიობს. დაკარგავ სიფხიზლეს და ისე გაგთელავს "როგორც დიდოელი ლეკი - ნაბადს". ასეთ პირობებში კლუბები იძულებულნი არიან, რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას გაუწიონ ანგარიში.

შედარებით ასაკოვანი ფეხბურთელები ნელნელა უკლებენ თამაშს და ხელმძღვანელობას ეშინია, რომ გუნდის შედეგები არ გაუარესდეს.

თანამედროვე პირობებში ფეხბურთი დიდი ბიზნესია. ხანშიშესულ მოთამაშეს საჭიროების შემთხვევაში სარფიანად ვეღარ გაყიდი.

ეს არის ორი ძირითადი კომპონენტი, რის გამოც გუნდები ერიდებიან ასაკოვან ფეხბურთელებთან თანამშრომლოცის გაგრძელებას, მაგრამ არის რაღაც, რაც არც ფულით იყიდება და არც ასაკით იზომება.

ქარიზმა
წლები გავა და კარის ხაზიდან ვეღარავინ ულიდერებს ისე გუნდს, როგორც იკერ კასილიასი. ბევრი წყალი ჩაივლის და "კოპები" აღარავის მიესალმებიან იმხელა სიყვარულით, რამხელაც სტივენ ჯერარდს ერგო.

ამას ქარიზმა ჰქვია. ეს წლებსა და ფეხბურთელის სათამაშო კლასს მოაქვს. თანამედროვე ფეხბურთში ბევრის აზრით, მთავარი მილიონებია. ეს შეცდომაა - მთავარი ხალხის ტაში და ალალი ემოციაა.

სწორედ ამიტომ ენანება ხალხს კასილიასი, ჯერარდი, ჩეხი თუ შვაინშტაიგერი, თორემ სუფთა სპორტული თვალსაზრისით მათზე უარის თქმა, იქნებ, გამართლებულიც კი იყოს (ამაზე დავა შეიძლება).

Sportall.Ge
ფოტოზე: იკერ კასილიასი
იშვიათობა
ნებისმიერ შემთხვევაში ის ფეხბურთელები, რომლებზეც ზემოთ დავწერეთ, დაფასების ღირსნი არის, რადგან დღევანდელ ფეხბურთში ერთგულება გაიშვიათდა. დღეს პრაქტილულად აღარ არიან პაოლო მალდინის, რაიან გიგზისა და პოლ სქოულზის დარი ფეხბურთეები, რომელმაც მთელი კარიერა ერთ გუნდს ანაცვალეს.

ამიტომ, ცუდი არ იქნება, თუ კლუბები ცოტა მეტად დააფასებენ მათ ერთგულებას. კარგად გვესმის თანამედროვე ფეხბურთის მგლური კანონები, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ყველაფერი ფულით არ იზომება და გამონაკლისის დაშვებაც შეიძლება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული