ოქროს თასი 2015: მექსიკა ჩემპიონია

AutoSharing Option
"ოქროს თასს" მექსიკის ნაკრები დაეუფლა, რომელიც ამ ტურნირის ყველაზე წარმატებული გუნდია.

ჯამში, ეს ტურნირი მექსიკის ნაკრებს 10-ჯერ აქვს მოგებული, ხოლო უშუალოდ "ოქროს თასის" სახელით - მეშვიდედ.

მიგელ ერერას ბიჭებს არ გასჭირვებიათ, მათ შეჯიბრების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, ანდრეს გუარდადოს გოლით მოიგეს პირველი ტაიმი, ხოლო როდესაც მეორე ნახევრის დებიუტში სხვაობა გაზარდეს, ფაქტობრივად, ყოველგვარი ინტრიგა მოკვდა. "ოქროს თასის" ისტორიაში პირველად ფინალში გასულმა იამაიკელებმა მოგვიანებით, 0:3-ზე ერთი პრესტიჟის გოლი გაიტანეს. ვინფრიდ შეფერის ბიჭები აშკარად უფრო ძლიერ მეტოქესთან დამარცხდნენ.

იამაიკამ ნახევარფინალში აშშ-ს მოუგო სენსაციურად, არადა,
ამერიკელები შეჯიბრების ფავორიტებად მიიჩნეოდნენ. როგორც ჩანს, სწორედ ამით გულგატეხილმა ამერიკამ უნიათოდ ითამაშა პანამასთან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში.

მართალია, კლინტ დემპსის წყალობით აშშ პენალტების სერიამდე მივიდა, მაგრამ იქ არონ იოჰანსონისა და იმავე დემპსის ზუსტი დარტყმების მერე, ამერიკელებმა ზედიზედ სამი თერთმეტმეტრიანი გააფუჭეს - ფაბიან ჯონსონმა, მაიკლ ბრედლიმ და დამარკუს ბისლიმ. ასე რომ, პანამას შეუძლია მესამე ადგილით მოიწონოს თავი, რომელსაც მომავალ ჩემპიონ მექსიკასთან ნახევარფინალში სკანდალურ და საკამათო ვითარებაში წააგებინეს.

საუკეთესო ბომბარდირი 7 გოლით ჩვენი ძველი მეგობარი, უბერებელი დემპსი გახდა. გუარდადომ 6 ბურთი შეაგდო, ხოლო მისმა თანამემამულემ, ორიბე პერალტამ - 4. გუარდადო დამსახურებულად დაასახელეს ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად და მას "ოქროს ბურთი" გადაეცა, ხოლო კლინტ დემპსიმ "ოქროს ბუცი" ჩაიხუტა.

ფინალი
იამაიკა-მექსიკა 1:3
გოლები: 0:1 გუარდადო (31), 0:2 ხესუს კორონა (47), 0:3 პერალტა (61), 1:3 მატოკსი (80)

მე-3 ადგილისთვის
აშშ-პანამა 1:1 (2:3-პენ.)
გოლები: 0:1 ნურსი (55), 1:1 დემპსი (70)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული