ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 29 ივლისი

AutoSharing Option
"ევერტონი" 37 მილიონ ევროდაც არ გაყიდის სტოუნსს, ხოლო კეილორ ნავასი შესაძლოა, "მანჩესტერ იუნაიტედში" აღმოჩნდეს. ვნახოთ დღის ყველაზე საინტერესო სატრანსფერო სიახლეები.

ანხელი ძალიან სურთ
Sun Sport-მა დაწერა, რომ "პარი სენ-ჟერმენი" ანხელ დი მარიას სანაცვლოდ "მანჩესტერ იუნაიტედს" 73,5 მილიონ ევროს უხდის. როგორც ჩანს, არგენტინელი მართლაც ძალიან სურთ პარიზულ კლუბში, რომ მის შეძენაზე არც ძალებს იშურებენ და არც თანხებს.

აი, "მანჩესტერში" კი მშვიდად არიან და ელიან მაქსიმალურად მათთვის მომგებიან წინადადებას. თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ ეს წინადადება, რომელსაც გამოცემა იმოწმებს, უკვე ძალიან მომგებიანი უნდა იყოს
"წითელი ეშმაკებისთვის". პარიზელებს აღარ აღელვებთ უეფას ფინანსური ფეარ პლეი, მათ შეზღუდვა მოუხსნეს. ასე რომ, ამ თანხის გადახდა დი მარიას სანაცვლოდ თავისუფლად შეუძლიათ.

იანგი ბოლასის ნაცვლად
"ტოტენჰემს" ძალიან სურდა იანიკ ბოლასი, ხოლო "კრისტალ პალასს" - ფული, მაგრამ ეს გარიგება არ შედგა, "კრისტალ პალასმა" 35,5 მილიონი ევრო მოითხოვა ბოლასის სანაცვლოდ და "დეზებს" ეს თანხა ეძვირათ, არცთუ უსაფუძვლოდ.

Mirror-ი იუწყება, რომ "ტოტენჰემი" სხვა ფრონტზე გადაერთო - მათ "მანჩესტერ იუნაიტედის" გარემარბი ეშლი იანგი მოუნდათ.

ჰა, თქვენ ნავასი!
მადრიდის "რეალს" იკერ კასილიასის შემცვლელად დავიდ დე ხეა სურს, ეს უკვე აღარავისთვის არაა საიდუმლო, მაგრამ "სამეფო კლუბი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ვერაფრით თანხმდებიან - ესპანელებს გაცვლა სურთ, ინგლისელებს კი - გაყიდვა.

აი, "რეალის" უკანასკნელი შეთავაზება დღეისათვის - 25 მილიონი ევრო და კეილორ ნავასი დე ხეას სანაცვლოდ. რაც შეეხება, სერხიო რამოსის ამ გარიგებაში ჩართვას, ეს უკვე საბოლოოდ გამოირიცხა - "რეალი" უარზეა და მალე კაპიტანთან ახალ ხელშეკრულებასაც გააფორმებს.

ინგლისში ზომიერების შეგრძნება დაკარგეს
ინგლისურმა კლუბებმა საბოლოოდ დაკარგეს ზომიერების შეგრძნება, როცა საქმე ტრანსფერებს ეხება - "ევერტონს" "ჩელსი" ინგლისის ნაკრების მცველ ჯონ სტოუნსში 37 მილიონ ევროს უხდიდა, მაგრამ მერსისაიდულმა კლუბმა "ლურჯები" ცივი უარით გაისტუმრა. "ევერტონის" კონტრწინადადება ასეთია - გინდათ სტოუნსი? მაშინ გადაიხადეთ 42,5 მილიონი ევრო და დაამატეთ ვიქტორ მოზესი. 21 წლის მცველში ამხელა თანხა მეტისმეტი ხომ არ არის?

ელდერის პენსია
პორტუგალიელი ფორვარდი ელდერ პოშტიგა ინდოეთში წავიდა სათამაშოდ, 32 წლის პოშტიგა "ატლეტიკო კალკუტას" ღირსებას დაიცავს. პოშტიგას ბოლო კლუბი ლა კორუნიის "დეპორტივო" იყო (14 თამაში, 1 გოლი), მაგრამ ის უკვე გადაბერდა ბებერი კონტინენტისთვის.

"წმინდანი" კოლკერი
სტივენ კოლკერი "საუთჰემპტონში" ითამაშებს - ის ქპრ-ს ფეხბურთელად რჩება, მაგრამ "წმინდანებში" იჯარის წესით ითამაშებს. "ბედნიერი ვარ, რომ შევთანხმდით. ძალიან მეამაყება, რომ წარსულში დიდი ფეხბურთელის, რონალდ კუმანის თავკაცობით უნდა ვითამაშო", - განაცხადა კოლკერმა პრეზენტაციაზე.

* კრისტიან ნობოა რუსეთში დაბრუნდა, ის "როსტოვში" ითამაშებს.

* "რომამ" დაადასტურა მეკარე ვოიცეხ შჩესნის იჯარა ლონდონის "არსენალიდან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული