"ბარსელონამ" თბილისამდე "რომა" მოსრა

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლეო მესი და ნეიმარი ისე ჩაერთვნენ "ბარსას" მზადებაში, თითქოს, არც ყოფილა ჩამორჩენა - ჟოან გამპერის ტროფეისთვის მატჩში "რომას" წინააღმდეგ ისინი ერთ-ერთი საუკეთესოები იყვნენ მოედანზე, ხოლო ლუის ენრიკეს კრებულმა იოლად დაამარცხა "რომა" - 3:0.

თამაშის წინ "ბარსელონას" 2015/16 წლების ფორმაციის წარდგენა გაიმართა. შემდეგ კი ტროფეის რიგით 50-ე გათამაშება დაიწყო. ლუის ენრიკემ ეგრევე საქმეში ჩართო კოპა ამერიკაზე თამაშის გამო გვიან დაბრუნებული დანი ალვეში, ლეო მესი, ხავიერ მასკერანო და ნეიმარი. მასკერანო შუახაზში მოქმედებდა რაფინიასა და ივან რაკიტიჩთან ერთად.

ხორვატი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც შეუცვლელად
ითამაშა ორივე გუნდში და ყუმბარისებური დარტყმით წერტილი დაუსვა "რომას" განადგურებას. ეს მეორე ტაიმში იყო, მანამდე კი, მესის წყალობით, "ბარსამ" პირველი ტაიმი 2:0 მოიგო - ლეოს ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ ჟერემი მატიომ დაუგორა ნეიმარს და მან ანგარიში 26-ე წუთზე გახსნა, ხოლო 41-ე წუთზე არგენტინელმა თავად გაიტანა. "ბარსელონას" უპირატესობას აბსოლუტური ეთქმოდა. თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად კი რაკიტიჩი დასახელდა.

იყო ერთი ეპიზოდი, როცა არგენტინელ სუპერვარსკვლავს ნერვებმა უმტყუნა - პირველ ტაიმში ლეომ მაპუ იანგა-მბივას ყელში წაუჭირა ხელი, რის გამოც ყვითელი ბარათი მიიღო. ყვითელი ბარათი "რომას" მცველმაც მიიღო.

თუმცა "ბარსელონასთვის" ყველაფერი კარგად მაინც არ დასრულდა - მარცხენა მცველმა ჟორდი ალბამ მეორე ტაიმში ტრავმა მიიღო და ის შესაცვლელი გახდა. ექიმების პირველადი დასკვნა ასეთია - ალბა 10-15 დღეს გამოტოვებს, მისი თამაში თბილისში, უეფას სუპერთასზე გამორიცხულია.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ახლა ბევრად უკეთ გამოვიყურებით, ვიდრე 1-2 კვირის წინ. ვერაფერს მოიგებ, თუ დაცვაში კლდესავით გაუვალი არა ხარ. კარგია, რომ აქეთკენ მივდივართ. ამ ეტაპზე ზუსტად ისეთ მდგომარეობაშია გუნდი, როგორსაც ვვარაუდობდი, მაგრამ ეს ჯერ კიდევ შორია ოპტიმალურ ფორმასთან.

ბურთის კონტროლს დიდ ყურადღებას იმიტომ ვაქცევთ, რომ მომავალ თამაშებშიც ამის ხარჯზე გვსურს უპირატესობის მოპოვება. ბიჭები, რომლებიც გვიან შემოგვიერთდნენ, ნორმალურ ფორმაში არიან. ყველა მათგანი ინდივიდუალურად ემზადებოდა, რომ არ ჩამორჩენოდა გუნდს. ეს ძალიან მახარებს. "რომა" მაღალი დონის გუნდია, ასე რომ, მაყურებელმა კარგი ფეხბურთი იხილა".

თამაშის შემდეგ მესიმ მაისურა ფრანჩესკო ტოტის გაუცვალა, ხოლო სოციალურ ქსელში მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს მიაწერა: "დიადი ფეხბურთელი, ნამდვილი ფენომენი".

ამასობაში მასკერანოს აგენტმა უარყო ჭორი, თითქოს, მისი კლიენტი "ბარსელონადან" მიდის. მისი თქმით, ხავიერს არანაირი წინადადება არ მიუღია და ის "ბარსაში" თავს ბრწყინვალედ გრძნობს. შეგახსენებთ, რომ ახლახან მასკერანო გუნდის მე-4 კაპიტნად აირჩიეს.

"ბარსელონამ" ახალი სეზონისთვის მზადება ამით დაასრულა. ახლა გუნდი გამპერის საწვრთნელ კომპლექსში ვარჯიშს გააგრძელებს და 10-ში თბილისში ჩამოფრინდება "სევილიასთან" სათამაშოდ.

ბარსელონა-რომა 3:0
გოლები: 1:0 ნეიმარი (26), 2:0 მესი (41), 3:0 რაკიტიჩი (66)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი (61. ბრავო) - დანი ალვეში (61. ს. რობერტო), ბარტრა, ვერმალენი (46. ალბა (76. ჰალილოვიჩი)), მატიო (61. პედრო) - რაკიტიჩი, მასკერანო (60. ბუსკეტსი), რაფინია (61. პიკე) - მესი (60. ინიესტა), ლ. სუარესი (60. ელ ჰადადი), ნეიმარი (60. რამირესი)
რომა (4-4-1-1): შჩესნი - ფლორენცი (46. მაიკონი), იანგა-მბივა (72. რომანიოლი), კასტანი (46. მანოლასი (65. ტოტი)), ტოროსიდისი (65. ე. კოული) - პიანიჩი (65. უჩანი), კეიტა (65. დე როსი), ნაინგოლანი (71. პარედესი), დესტრო (46. იტურბე (90. სანაბრია)) - ფალკე - ჟერვინიო (65. ლიაიჩი (90. იბარბო))

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული