როგორ მოვიდნენ "ბარსელონა" და "სევილია" ევროპის სუპერთასამდე

AutoSharing Option
საინტერესო იქნება, გავიხსენოთ, როგორ მოვიდა ორი ესპანური გრანდი თბილისურ მატჩამდე...

ბარსელონა
"ბარსელონა" ყოველთვის და ყველა ტურნირის გამოკვეთილ ფავორიტად ითვლება, თუმცა სპეციალისტები ერთგვარი სკეპტიციზმით უცქერდნენ კატალონიური გუნდის შანსებს ჩემპიონთა ლიგაზე.

ამას ჰქონდა თავისი ახსნა. ბოლო დროს გუნდი ჩვეულად ლაღად ვერ ირჯებოდა. წარუმატებლად დასრულდა "ბარსაში" არგენტინელი სპეციალისტის, ხერარდო მარტინოს მმართველობის ხანა.

"ბლაუგრანას" ახალ თავკაც ლუის ენრიკეს ბევრი რამ ჯერ კიდევ დასამტკიცებელი ჰქონდა. მან "რომასა" და "სელტაში" ცუდად არ იმუშავა, მაგრამ "ბარსელონა" სულ სხვა განზომილება და სიმაღლეა.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ჯგუფი "ბარსას" იოლი შეხვდა.
მართალია, იქ იყო ერთი გრანდი (ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი"), მაგრამ "აიაქსი" და, მით უმეტეს, კვიპროსული აპოელ-ი, ის გუნდები არ იყვნენ, რომლებიც კატალონიელებს დიდ წინააღმდეგობას გაუწევდნენ.

ჩემპიონთა ლიგის მომავალმა გამარჯვებულმა ჯგუფური ტურნირი ისე ჩაატარა, არანაირი პრობლემა არ შექმნია. "ბარსელონამ" 15 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა - 2 ქულით გაუსწრო პარიზულ კლუბს.

მერვედფინალში "ბარსა" აღმავლობის გზაზე მყოფ "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდა. ბევრი ამ წყვილში დიდ ბრძოლას ელოდა, თუმცა ის არ შედგა - ლუის ენრიკეს ბიჭებმა ორივე შეხვედრა მოიგეს - 2:1 და 1:0.

მოხდა ისე, რომ ლიგის მეოთხედფინალში "ბარსას" ჯგუფში კარგად გაცნობილი მოწინააღმდეგე - "პარი სენ-ჟერმენი" შეხვდა. კატალონიელთა უპირატესობა აქაც საგრძნობზე მეტი იყო - 3:1 და 2:0. "ბარსას" უპირატესობა თვით პარიზელებმაც კი აღიარეს.

მერე იყო ნახევარფინალი მიუნხენის "ბაიერნთან". პეპ გვარდიოლა მისი მშობლიური გუნდის წინააღმდეგ ვერას გახდა. პირველი მატჩი გვიან "გაიხსნა" - კატალონიაში "ბარსამ" 3 გვიანი გოლი უთავაზა მეტოქეს. საპასუხო შეხვედრაში მინიმალურმა გამარჯვებამ (3:2) გერმანელებს მხოლოდ გული მოფხანა.

დაბოლოს, იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე. ივან რაკიტიჩმა მეოთხე წუთზე შეაგდო. "იუვენტუსი" შოკიდან მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფორვარდმა ალვარო მორატამ გამოიყვანა, თუმცა კვლავ კატალონიელებმა იძალეს - სუარესმა და ნეიმარმა "ბარსას" ჩემპიონთა ლიგა მეხუთედ მოაგებინეს.

ალბათ, თვით "ბარსას" მოძულეებიც კი დაგვეთანხმებიან - კატალონიელთა ტრიუმფი აბსოლუტურად დამსახურებული იყო. ყველაზე შემტევი, ლამაზად მოთამაშე, ინდივიდუალურიც და კოლექტიურიც - ასეთი იყო "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ბოლო ბატალიებში.

სევილია
"სევილია" ევროპალიგას ხშირად იგებს. ის ტურნირის მოქმედი გამარჯვებულის რანგში ამჯერადაც ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა. ისე კი, ამ ტურნირში ფავორიტის გამოცნობა ურთულესია. ზოგი ბოლომდე არ იხარჯება, ზოგიც თავს არ ზოგავს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შემდეგ ტურნირს ძლიერი გუნდები ემატებიან...

ჯგუფში ანდალუსიელებს არანაირი პრობლემა არ შექმნიათ. მათ მეორე ადგილი დაიკავეს, მაგრამ პლეი ოფის სტადიაზე მაინც დამაჯერებლად გააღწიეს. "სევილია" მხოლოდ როტერდამის "ფეიენოორდს" ჩამორჩა ქულით. ესპანელებმა 11 ქულას მოუყარეს თავი და მესამეადგილოსან "რიეკას" 4 ქულით გაუსწრეს.

პლეი ოფის პირველ სტადიაზე "სევილიამ" შემტევი ფეხბურთის ზეიმში დაჯაბნა "გლადბახი" (1:0, 3:2). ეს უკვე სერიოზული განაცხადი იყო ტიტულის მოპოვებაზე, რადგან გერმანული კლუბი ერთ-ერთი ფავორიტთაგანი გახლდათ.

შემდეგი მეტოქე იყო კარგად ნაცნობი "ვილიარეალი". სწორედ ამ ორრაუნდიანი შეხვედრის შემდეგ დაიწყო "ყვითელი წყალქვეშა ნავის" დაღმასვლა. 5:2 - ასეთი ანგარიშით იმარჯვა ორი მატჩის ჯამში უნაი ემერის გუნდმა.

ყველაზე მეტად "სევილიას" მეოთხედფინალში გაუჭირდა სანკტ-პეტერბურგის "ზენიტთან". ესპანელებმა ურთულეს ორრაუნდიან ჯახში გამოჰგლიჯეს მეტოქეს გამარჯვება - 2:1, 2:2.

ნახევარფინალში ბრძოლა არ შედგა - "ფიორენტინა" ორი მატჩის ჯამში 5:0 განადგურდა.

ფინალში დიდი ბრძოლა კი იყო, თუმცა მეტად გამოცდილმა "სევილიამ" მაინც გატეხა თავდაუზოგავი "დნიპრო" და ჩვენებური ჯაბა კანკავა.

გადავხედოთ ფინალური შეხვედრის სცენარს. ანგარიში უკრაინელთა ხორვატმა ლეგიონერმა - ნიკოლა კალინიჩმა გახსნა. გჟეგოჟ კრიხოვიაკმა გაათანაბრა, თუმცა როტანმა ისევ დააწინაურა "დნიპრო". "სევილიამ" ტიტული კარლოს ბაკას დუბლის წყალობით მოიგო.

"სევილიამ" დამსახურებულად დაიპყრო ევროპალიგა. უნაი ემერის გუნდს მთელი სეზონის განმავლობაში ორ ფრონტზე უწევდა ბრძოლა. "სევილიამ" ამოცანას თავი წარმატებით გაართვა. გუნდმა მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის საგზური და მოიგო ევროპის ლიგა.

ნუ დაგვავიწყდება, რომ "სევილიამ" ამ წარმატებას მიაღწია განსაზღვრული რესურსით, რომელიც ამოუწურავი სულაც არ ყოფილა. ემერის ხელმძღვანელობით დაწინაურდნენ ფეხბურთელები, რომლებიც თვისობრივად ახალ დონეზე ავიდნენ - თუნდაც კრიხოვიაკი და ბაკა ავიღოთ...

ასე რომ, "სევილია" ჩვენი დედაქალაქის დამსახურებული სტუმარია.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული