უეფას სუპერთასის წინ: ჯადოსნური ტრიო დაიშალა

AutoSharing Option
საერთოდ, ავადმყოფობისაგან არავინაა დაზღვეული. ასე განსაჯეთ, არც ფეხბურთის უპირველესი ვარსკვლავები. მაინცდამაინც თბილისური სუპერთასის წინ "ბარსელონას" ბრაზილიელ ვარსკვლავ ნეიმარს ყბაყურა შეეყარა და რა თქმა უნდა, ის "დინამო არენაზე" ვერ ითამაშებს.

ფაქტი თავისთავად სამწუხაროა. მეტადრე, ქართველი გულშემატკივრებისათვის. მართალია, "ბარსელონას" თამაშს ბრაზილიელის გარეშე ბევრი დააკლდება, მაგრამ სრული საფუძველი გვაქვს, ვივარაუდოთ - ყველაზე მეტად ჩვენი ქომაგი დაზარალდა.

მართლაც, არავინ იცის, როდის მოგვეცემა ან მოგვეცემა თუ არა საერთოდ კიდევ ცოცხლად ბრაზილიელი ვარსკვლავის ნახვის საშუალება. საიდუმლო არავისთვისაა - ქართველი ქომაგი ბილეთების უგრძეს რიგში, ძირითადად, "ბარსელონას" ვარსკვლავების
სანახავად იდგა.

ამ ვარსკვლავთაგან უნდა გამოვარჩიოთ სამი - მესი, სუარესი და ნეიმარი. მესი ამ თანმიმდევრობაში პირველი უნდა იყოს. დანარჩენი ორის თანმიმდევრობის განსაზღვრა ქომაგისათვის მიგვინდვია.

ჯადოსნური ტრიო მაინცდამაინც თბილისური შეხვედრის წინ დაიშალა. დაიშალა, მაგრამ დარჩნენ მესი და სუარესი, რაც მომავალი შეხვედრის მოლოდინს მაინც ძალიან მძაფრად გვაგრძნობინებს.

...ეს წერილი 2013 წელს რომ დაწერილიყო, ასეთი კატეგორიული ვერაფრით იქნებოდა. მაშინ ბრაზილიელი ვარსკვლავი "ბარსელონაში" ახალგადასული გახლდათ. ნეიმარს ჯერაც ადაპტაციის პერიოდი ედგა ევროპულ ფეხბურთში და ვერ იყო ისეთი, როგორიც დღეს არის.

ამაში გასაკვირი არაფერია და ეჭვქვეშ არც ფეხბურთელის სათამაშო კლასი დგება. რა ნიჭის, გაქანების და შესაძლებლობებისაც უნდა იყოს დღეს ფეხბურთელი, მას ევროპულ ფეხბურთთან ადაპტაციისათვის მაინც სჭირდება გარკვეული დრო.

სხვათა შორის, ნეიმარის ტრანსფერის განხორციელების დროს სკეპტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ "ბარსელონამ" ძალიან გარისკა, როცა ბრაზილიელ ფეხბურთელში დიდზე დიდი თანხა გადაიხადა.

ბრაზილიის პირველობაზე ტემპი ყოველთვის დიდი არ არის. იქ ხშირად ნეიმარი იდგა და ისე იგებდა თამაშებს. იქ ნეიმარი ღმერთი იყო და მას ბურთს ვერავინ ართმევდა. რა იქნება ესპანეთში? სკეპტიკოსები ამ კითხვას შიშნარევი მოლოდინით სვამდნენ.

თავდაპირველად ნეიმარს გაუჭირდა და ეს მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. როცა შენ მიდიხარ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში, რომელიც წლების განმავლობაში ქადაგებს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ სათამაშო სქემას, ჰყავს თავისი ლიდერები...

იოლი საქმე ნამდვილად არ არის - მიდიხარ ასეთ გუნდში და შენგან ეგრევე ლიდერობას ითხოვენ. რა თქმა უნდა, ნეიმარს დასჭირდა გარკვეული დრო ადაპტაციისათვის, მაგრამ ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნეიმარი "ბარსელონას" ლიდერია.

ესპანეთის თასი, პრიმერადივიზიონი, ესპანეთის სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა - ეს იმ ტიტულების ჩამონათვალია, რომლებიც ნეიმარმა კატალონიურ გრანდთან ერთად მოიგო. რაც მთავარია, ბრაზილიელი ვარსკვლავი არა რიგითი, არამედ ერთ-ერთი მთავარი მონაწილე გახლდათ "ბარსელონას" ზეობებისა!

...ყველა დიდ მოთამაშეს განსაკუთრებული ბედი დაჰყვება ხოლმე. ასევეა ნეიმარიც. თბილისურ სუპერთასს რომ თავი დავანებოთ, მან უკვე გამოტოვა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალი და ბრაზილიის ნაკრების საქმეები ახლახან დასრულებულ კოპაზე ცუდად მას შემდეგ წავიდა, რაც გუნდი "ბარსელონას" ვარსკვლავის გარეშე დარჩა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიასთან განადგურება (1:7) ბრაზილიამ ძალიან რთულად გადაიტანა. ფეხბურთზე შეშლილ ამ ქვეყანაში დღემდე ითხოვენ, რომ დღე და რიცხვი, როცა ბრაზილია ბუნდესნაკრებთან განადგურდა, კალენდარში შავად იყოს აღნიშნული.

რა თქმა უნდა, ბრაზილიის ნაკრების კრახს გერმანიასთან მხოლოდ ნეიმარის არყოფნას ვერ დავაბრალებთ. იქ იყო მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორებისა, მაგრამ ფაქტია - ნეიმარი შემადგენლობაში რომ ყოფილიყო, ბრაზილიას ლიდერი რომ ჰყოლოდა, "სელესაო" სხვანაირად ითამაშებდა.

სულ სხვანაირად იყო საქმე კოპა ამერიკაზე. ნეიმარის არყოფნის პირობებში ბრაზილიამ პარაგვაისთან წააგო.

ცუდი ისაა, რომ თანამედროვე ბრაზილიის ნაკრები ისეა დამოკიდებული ნეიმარზე, როგორც ძუძუთა ბავშვი - დედაზე. ადრე ბრაზილიის ნაკრებში რამდენიმე სუპერვარსკვლავი ერთად თამაშობდა, ახლა კი ასეთი მხოლოდ ერთია და, როცა ის მინდორზე არ არის, "სელესაო" ერთ რიგით ნაკრებს ჰგავს...

როცა ჩვენი წერილის მთავარი გმირი ეროვნულ ნაკრებს ვერ ეხმარება, ბრაზილიელები საკუთარი თავის რწმენას კარგავენ. მათ შორის არ ჩანს ფეხბურთელი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებს. 

ბრაზილიის ნაკრები იქით იყოს, ისევ "ბარსელონას" მივუბრუნდეთ. "ბარსელონასათვის" ნეიმარის არყოფნა გვარიანი დანაკლისია, მაგრამ ტრაგედია არ არის. "ბარსას" ჰყავს მესი, სუარესი, ინიესტა და სხვები.

დამაინც, ნეიმარის ავადმყოფობამ "ბარსას" გეგმები აურია. როგორც ევროპული მედია წერს, სწორედ ამ გარემოებამ გადადო პედროს უკვე გაჩარხული ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში".

ჩვენ თბილისში ვერ ვნახავთ ნეიმარს. ჩვენ ვნახავთ "ბარსელონას" და ეს უკვე საქმეა. არ იქნება ნეიმარი, მაგრამ "დინამო არენაზე" იქნება დიდი ფეხბურთი.

წავიდეთ სტადიონზე!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული