ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 24 აგვისტო

AutoSharing Option
13:05 დავიწყოთ ფეხბურთელით, რომელმაც უკვე ყველას მოაბეზრა თავი. კევინ დე ბრუინი "სიტიში" ტრანსფერს სამშაბათს დაასრულებს, - ამის შესახებ წერს Sky Germany. მანჩესტერელები და "ვოლფსბურგი" 70 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ. ბელგიელის ხელფასი წელიწადში 14.5 მილიონი ევრო იქნება.

13:12 "რეალის" მცველი ფაბიო კოენტრაო ამ კვირას იჯარის წესით გადავა პსჟ-ში, - ამტკიცებს Le Parisien-ი.

13:15 კოენტრაო ხელ-ფეხს გაუხსნის ლუკა დინს, რომელიც იჯარით "რომაში" უნდა გაემგზავროს.

13:35 "იუვენტუსი" თმობს სიმონე ძაძას, რომელიც სულ ახლახან გამოისყიდა " სასუოლოდან". La Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ ფორვარდი არ
მოეწონა მასიმილიანო ალეგრის. წყარო ირწმუნება, რომ ძაძა "ვესტ ჰემში" გადავა. არენდა ლონდონელებს 3 მილიონი ევრო დაუჯდებათ, სეზონის ბოლოს გამოსყიდვა - 15 მილიონი.

13:52 როგორც ჩანს, ბალოტელის იჯარა უფასო არ იქნება - როგორც წინა დღეს ამტკიცებდნენ. AC Milan News-ი იტყობინება, რომ "როსონერის" ერთი წლით ფორვარდის გამოყენება 3 მილიონი ევრო დაუჯდება. "მილანს" მარიოს 18 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნება. იჯარის დროს, "ლივერპული" და "მილანი" სანახევროდ გადაუხდიან ხელფასს ფეხბურთელს.

14:02 talkSport-ი წერს, რომ "ვესტ ჰემი" უახლოეს პერიოდში მიმართავს წინადადებით "მანჩესტერ იუნაიტედს" ადნან იანუზაის იჯარაზე.

14:18 "მანჩესტერ იუნაიტედს" მორიგი ნახევარმცველი აინტერესებს. Calciomercato-ს ინფორმაციით, "წითელმა ეშმაკებმა" 50 მილიონი ევრო შესთავაზეს "ლაციოს" ფელიპე ანდერსონში. ინგლისელებს მიაჩნიათ, რომ "ლაციოს" ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფიდან გამოვარდნის შემთხვევაში, ბრაზილიელის შეძენა იოლი გახდება.

14:42 "ქარიმს ყველაფერი მოსწონს "რეალში". ის ათასი პროცენტით დარჩება გუნდში. ბენზემა არ აპირებს ამ სატრანსფერო ფანჯრისას სხვაგან წასვლას", - განაცხადა ფრანგი ფორვარდის აგენტმა.

14:52 Metro წერს ედინსონ კავანის სურვილზე - გადავიდეს "არსენალში". ჟურნალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ "მეთოფეები" უკვე მოელაპარაკნენ პარიზელებს, თავად ურუგვაელი კი მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის ლონდონში.

14:56 ხოაკინ სანჩესი "ბეტისში" ბრუნდება, - წერს Marca. 34 წლის ნახევარმცველი ვერ მოხვდა "მილანის" მატჩში "ფიორენტინას" განაცხადში და უკვე გამართა მოლაპარაკებები ესპანურ კლუბთან.

15:00 მატიას ზამერმა განაცხადა, რომ თომას მიულერი დანამდვილებით არ დატოვებს "ბაიერნს" ამ ზაფხულს. "თითოეული მოთამაშე გვჭირდება", - აღნიშნა ზამერმა.

15:10 ასიერ ილიარამენდის შეძენაში "ლივერპულს" კონკურენციას გაუწევს "რეალ სოსიედადი". ბასკები ყოფილი ფეხბურთელის დასაბრუნებლად გადაფარავენ "წითლების" წინადადებას - 15 მილიონ ევროს.

15:24 ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ ჯონათან დე გუზმანი ერთ ნაბიჯშია "სანდერლენდში" გადასვლასთან. "ნაპოლის" ჰოლანდიელს ერთი ვარიანტი ინგლისშიც აქვს - "ბორნმუთი".

15:43 იანუზაიზე პრეტენდენტებს "ევერტონიც" დაემატა, - ამის შესახებ წერს Liverpool Echo.

15:48 Express-ი წერს, რომ "ვესტ ბრომვიჩი" ორ ახალწვეულს გაიფორმებს. პირველი იქნება "კარდიფის" მეკარე დევიდ მარშალი (7 მილიონი ევრო), მეორე - "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი ჯონი ევანსი (11 მილიონი).

15:58 ყველა ელოდება ხუან კუადრადოს სამედიცინო შემოწმებას "იუვენტუსში". ერთი დღით ადრე ტურინელთა გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ დაადასტურა შეთანხმება "ჩელსისთან".

16:27 "შალკეს" ხელმძღვანელობა უარზე არაა, გაუშვას იულიან დრაქსლერი "იუვეენტუსში", მაგრამ მხოლოდ 30 მილიონ ევროდ.

16:44 "რეალის" ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, რომ ქარიმ ბენზემა დაუბრუნდა ვარჯიშებს საერთო ჯგუფში.

16:50 ESPN-ის ცნობით, იესპერ სილესენი "აიაქსში" კიდევ ერთი წლით დარჩება, "მანჩესტერ იუნაიტედის" მხრიდან ძლიერი ინტერესის მიუხედავად.

16:52 Croydon Advertiser-ის ინფორმაციით, "ტოტენჰემი" უახლოეს საათებში გამოაცხადებს "კრისტალ პალასიდან" იანიკ ბოლაზის ტრანსფერს. გარიგების თანხა 28 მილიონი ევროა. სამი წლის წინ "პალასმა" ეს ფეხბურთელი 500 ათასად შეიძინა.

17:02 ჰენრიხ მხითარიანი "იუვენტუსში" არ გადავა. "ხვალ კუადრადო "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდება და ეს ავტომატურად უკეტავს კარს მხითარიანს. ტურინელებს აღარ აქვს ადგილი არაევროკავშირის ქვეყნების ფეხბურთელებისთვის", - განაცხადა ნობელ არუსტამიანმა.

17:07 "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე ანდერს ლინდეგორი "ბეშიქთაშში" გადავა, - ამტკიცებს Sabah. უფრო ადრე თურქული კლუბი "მანჩესტერიდან" მეორე მეკარის - ვიქტორ ვალდესის შეძენას აპირებდა, მაგრამ გარიგება პირადად "ბეშიქთაშის" მთავარმა მწვრთნელმა შენოლ გიუნეშმა დაბლოკა.

17:30 პაოლო დე ჩელიე დატოვებს "იუვენტუსს". ტურინელებს აღარ სჭირდებათ კიდევ ერთი ფეხბურთელი დაცვის მარცხენა ფლანგზე: უკვე ჰყავთ ევრა, ასამოა და ახალბედა ალექს სანდრო. ტანკრედი პალმიერის ინფორმაციით, დე ჩელიეზე მთავარი პრეტენდენტი "სამპდორიაა", რომელიც იჯარით აიყვანს 28 წლის მცველს.

17:38 თავის მხრივ, "სამპდორია" მზად არის, "მილანში" გაუშვას რობერტო სორიანო. გენუელებს უნდათ 11 მილიონი ევრო და ანტონიო ნოჩერინო.

17:46 "ვესტ ჰემი" დაუბრუნდა ადებაიორის იჯარის ვარიანტს, რომელიც ადრე ფეხბურთელის მაღალი ხელფასის გამო უარყო, - იტყობინება Mirror-ი.

17:51 "ვესტ ჰემი" ძალიან აქტიურია. Standard-ი წერს, რომ ლონდონელთა ინტერესის სფეროში შევიდნენ: ჯოი ბარტონი, აარონ ლენონი, ვიქტორ მოზესი და ადნან იანუზაი. ასევე, გაჩნდა ინფორმაცია "ტულუზას" ფორვარდის, ბენ ედერის მიმართ დაინტერესებაზე. Gazzetta dello Sport-ი კი ამატებს, რომ "ვესტ ჰემს" სურს, "რომადან" იყიდოს ხუან იტურბე. ამისთვის "მეთოფეები" 20 მილიონ ევროს არ იშურებენ.

18:40 "ლესტერის" დამრიგებელმა კლაუდიო რანიერიმ გამოაცხადა, რომ ფორვარდი რიაზ მაჰრეზი არ იყიდება. გასაგებიცაა - ამ ბიჭმა პრემიერლიგაში სამ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.

18:45 "რეინჯერსმა" "არსენალიდან" იანვრამდე იჯარით აიყვანა გედიონ ზელალემი.

18:57 როგორც ჩანს, ივან პერიშიჩის ტრანსფერი "ინტერში" ჩაშლის პირასაა. "მე ახალი ცნობები მაქვს პერიშიჩის მომავლის შესახებ. ვფიქრობ, ის "ვოლფსბურგში" დარჩება", - განაცხადა "მგლების" მთავარმა მწვრთნელმა დიტერ ჰეკინგმა. ადრე წერდნენ, რომ "ინტერი" დღეს 18 მილიონად გააფორმებდა ხორვატის ტრანსფერს.

19:07 "ვესტ ბრომვიჩმა" ყველა წინადადება უარყო ფორვარდ სეიდო ბერაჰინოზე.

19:15 ჯეისონ დენაიერი უკვე სტამბოლშია. "მანჩესტერ სიტის" მცველი "იჯარით "გალათასარაიში" გაემგზავრა.

19:21 Marca წერს, რომ ასიერ ილიარამენდის მესამე მყიდველი გამოუჩნდა - "ლივერპულსა" და "რეალ სოსიედადს" კონკურენციას გაუწევს "ტოტენჰემი".

19:26 ამბობენ, "რომა" უკვე მოელაპარაკა "პარი სენ-ჟერმენს" ლუკა დინეს ტრანსფერზე.

19:31 "ვესტ ბრომვიჩი" ჯოლეონ ლესკოტს გუნდის დატოვების ნებას დართავს. ახალი ცენტრალური მცველის ძიება უკვე დაწყებულია.

19:39 ხიხონის "სპორტინგი" ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიეძალა. თავიდან "ბარსელონადან" იჯარით აიყვანეს ალენ ჰალილოვიჩი, ახლა დროებით გადაიბირებენ მილოშ ველკოვიჩს "ტოტენჰემიდან".

19:52 Sky Sports-მა განავრცო ბალოტელის თემა. მარიო "მილანში" დაბრუნების სანაცვლოდ, ხელფასის შემცირებას დათანხმდა.

19:58 O'Globo-ს ჟურნალისტმა სენსაციური და დაუჯერებელი ცნობა გაავრცელა: "მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის, 190 მილიონი ევრო შესთავაზოს "ბარსელონას" ნეიმარის სანაცვლოდ.

20:03 "ინტერი" წინააღმდეგი არ არის, გამოეთხოვოს დანილო დ'ამბროზიოს. "მარსელი" მზად არის, "ნერაძურის" 2 მილიონი ევრო გადაუხადოს იჯარისთვის, შემდეგ კი 6 მილიონად გამოისყიდოს ფეხბურთელი.

20:21 L'Equipe-ი წერს, რომ "ბაიერნი" ბოლო მომენტში ჩაება დე ბრუინისთვის ბრძოლაში.

20:28 ალჟირელი რაის მ'ბოლი სამუელ ეტო'ოს თანაგუნდელი გახდა "ანტალიასფორში". კონტრაქტი სამწლიანია.

20:41 "რივერ პლეიტის" მცველის, რამირო ფუნეს მორის კონტრაქტი "ევერტონში", შესაძლოა, ჩაიშალოს. არგენტინელ მცველს პრობლემები შეექმნა ინგლისში მუშაობის უფლების მიღების მხრივ, - წერს Daily Mirror-ი.

20:52 როგორც ჩანს, "რომა" მალე გამოაცხადებს ამ ზაფხულს მერვე იჯარის შესახებ. ლუკა დინესთვის რომაელები 1.5 მილიონ ევროს გაიღებენ და ფეხბურთელის 16.5 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებას მიიღებენ.

20:55 Sky Sports-მა უარყო ინფორმაცია "ლივერპულში" ჰენრიხ მხითარიანის შესაძლო გადაბარგების შესახებ. მერსისაიდელები არ არიან დაინტერესებულნი შეძენით, დორტმუნდელები - გაყიდვით.

21:00 ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ "რომა" იჯარით უშვებს ვიქტორ იბარბოს სერიას A-ს დებიუტანტ "ფროზინონეს" შემადგენლობაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული