ზაფხულის ათი სუპერტრანსფერი

AutoSharing Option
ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა. განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერი. მკითხველის სამსჯავროზე გამოგვაქვს 10 ყველაზე მნიშვნელოვანი გარიგება.

კევინ დე ბრუინი
ვოლფსბურგი - მანჩესტერ სიტი
ზაფხულის ყველაზე ძვირი ტრანსფერი. ის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ ცოტა ხნით ადრე გაფორმდა. 30 აგვისტოს დე ბრუინმა გერმანული ბუნდესლიგა ოფიციალურად გაცვალა ინგლისურ პრემიერლიგაზე.

24 წლის ბელგიელი გამთამაშებლის სანაცვლოდ "ვოლფსბურგმა" 75 მილიონი ევრო მიიღო. კევინი ბრუნდება ინგლისში, სადაც უკვე იყო და არცთუ წარმატებით ითამაშა "ჩელსიში". მაშინდელისგან განსხვავებით, ბელგიელი ახლა უფრო გამოცდილია.

მან ბუნდესლიგაში გასულ სეზონში 34 მატჩი ჩაატარა, 10
გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა გააკეთა. დე ბრუინი გერმანიაში წლის ფეხბურთელად აღიარეს. ფაქტია - "სიტიში" ბენილუქსელს დიდი კონკურენცია ელის.

ანხელ დი მარია
მანჩესტერ იუნაიტედი - პსჟ
"მანჩესტერ იუნაიტედში" დი მარიას ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდა. ის პსჟ-ში ითამაშებს. სიმართლე უნდა ითქვას - დი მარიას კარიერა "მანჩესტერში" არ აეწყო. როგორც თავად სამხრეთამერიკელმა აღიარა, მას ვან გაალის სათამაშო ფილოსოფიასთან შეგუება გაუჭირდა.

2014 წლის ზაფხულში მის ტრანსფერში "რეალმა" 75 მილიონი ევრო მიიღო. ახლა კი ფრანგებმა ფეხბურთელში 63 მილიონი ევრო გადაიხადეს. "მონაკოსთან" გასვლაზე მოგებულ შეხვედრაში (3:0) ანხელმა უკვე მიითვალა საგოლე გადაცემა.

რაჰიმ სტერლინგი
ლივერპული - სიტი
იმისათვის, რომ "სიტის" მიეღო ინგლისის ნაკრების წარმოშობით იამაიკელი შემტევი, "ქალაქელებმა" საკმაოდ დიდი თანხა გადაუხადეს "ლივერპულს" - 43,75 მილიონი გირვანქა. ჯერჯერობით, რაჰიმი ბოლომდე ამართლებს გაცემულ ავანსებს.

ამხელა თანხა ინგლისელ ფეხბურთელში ადრე არასოდეს გადაუხდიათ. გოლი და საგოლე გადაცემა - ასეთია სტერლინგის მონაგარი მას შემდეგ, რაც პრემიერლიგა დაიწყო.

"თუ სტერლინგი მინდორზეა, ჩვენი გუნდი სულ სხვა სისწრაფეზე თამაშობს" - თქვა "სიტის" ჩილელმა დამრიგებელმა მანუელ პელეგრინიმ.

ნიკოლას ოტამენდი
ვალენსია - სიტი
კიდევ ერთი " ხმამაღალი" ტრანსფერი "სიტის" მონაწილეობით. მიუხედავად იმისა, რომ ოტამენდი გასულ სეზონში ესპანური პრიმერას საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, მისი ღირებულება მაინც ძალიან "გაბერილი" მოჩანს. "ვალენსიამ" მისი გაყიდვით 44,6 მილიონი ევრო მიიღო.

ინგლისურ კლუბს უყვარს გაცემა. მხარეები საბოლოო შეთანხმებამდე ჯერ კიდევ 20 აგვისტოს მივიდნენ, მაგრამ ოტამენდის ახალ გუნდში ჯერაც არ უთამაშია.

არტურო ვიდალი
იუვენტუსი - ბაიერნი
მთელი გასული ზაფხული პრემიერლიგაში განხორციელებულ ტრანსფერებთან როდი იყო დაკავშირებული. არტურო ვიდალი "იუვენტუსიდან" "ბაიერნში" გადავიდა 37 მილიონ ევროდ. 3 მილიონს "იუვე" ბონუსის სახით მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ ვიდალი "ბებერ ქალბატონში" კარგად აეწყობა.

ვიდალს გერმანიაში კარგად იცნობენ. თავის დროზე ჩილელმა სახელი "ლევერკუზენში" გაიკეთა. მან "ბაიერნის" რიგებში ბუნდესლიგაში უკვე ითამაშა 3 მატჩი. ჯერ მას თავი არაფრით გამოუჩენია, თუმცა "ბაიერნი" იგებს და იგებს...

რადამელ ფალკაო
მონაკო - ჩელსი
დი მარიასი არ იყოს, რადამელ ფალკაოც სიამოვნებით ამოშლიდა მახსოვრობიდან გასულ სეზონს, რომელიც მან "მანჩესტერ იუნაიტედში" გაატარა. მას ლუი ვან გაალის გუნდში არაფერი გამოუვიდა. ამიტომაც "იუნაიტედმა" არ გამოისყიდა მისი ტრანსფერი "მონაკოდან".

ჟოზე მოურინიო და რომან აბრამოვიჩი ამ გარემოებამ ვერ შეაშინა. ეგაა, პორტუგალიელი სპეციალისტი ფალკაოში სათადარიგო ფეხბურთელს ხედავს. პრემიერლიგის ოთხ ტურში რადამელმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. ფალკაო "ჩელსიში" იჯარითაა.

პედრო
ბარსელონა - ჩელსი
თბილისურ სუპერთასზე პედრომ გამარჯვების გოლი გაიტანა, რის შემდეგაც "ბარსელონას" დაემშვიდობა. ლონდონში მისი გამოჩენა დიდი მოულოდნელობა გახლდათ. ის "მანჩესტერ იუნაიტედში" უნდა გადასულიყო, თუმცა, როგორც ჩანს, "წითელი ეშმაკები" წამით მოეშვნენ და სატრანსფერო ინიციატივა "არისტოკრატებს" გადაულოცეს.

ამ დროს საქმეში ჩაერთო რომან აბრამოვიჩი და მან ყოყმანის გარეშე გადაიხადა ფეხბურთელში 27 მილიონი ევრო. "ბარსა" მსოფლიოში საუკეთესო გუნდია, მაგრამ მე "ჩელსიში" მეტს ვითამაშებ" - ასე ახსნა ლონდონში გადასვლა პედრომ. გოლი და საგოლე პასი - ესაა პედროს აქტივი სამ პრემიერლიგურ შეხვედრაში.

ბასტიან შვაინშტაიგერი
ბაიერნი - მანჩესტერ იუნაიტედი
ბევრს ეგონა, რომ შვაინშტაიგერი კარიერას მშობლიურ კლუბში დაასრულებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. 31 წლის ასაკში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი პრემიერლიგის დასაპყრობად გაემგზავრა. გვარდიოლას ხელში "შვაინი" შეუცვლელი აღარ იყო "ბაიერნისათვის". "იუნაიტედმა" ფეხბურთელის სანაცვლოდ 9 მილიონი ევრო გადაიხადა.

შვაინშტაიგერი პრემიერლიგას ჯერ კიდევ ეგუება. ჩემპიონთა ლიგაზე კი მან "ბრიუგესთან" საგარეო შეხვედრაში საგოლე პასი მიითვალა. აუცილებლად მოუმატებს და იქნებ გუნდის ლიდერადაც ჩამოყალიბდეს.

პეტრ ჩეხი
ჩელსი - არსენალი
მას შემდეგ, რაც დიდებულმა ჩეხმა მეკარემ, ბელგიელი ტიბო კურტუას გამოისობით, სათადარიგოთა სკამზე გაატარა წინა სეზონი, ის მივიდა დასკვნამდე, რომ "ჩელსიდან" უნდა წასულიყო. ლონდონელთა უპრინციპულესი მეტოქის ბანაკში ჩეხის მისვლამ დიდი ხმაური გამოიწვია.

"ჩელსის" რამდენიმე ულტრასი ჩეხს დაემუქრა კიდეც, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. საბოლოოდ, არსენ ვენგერს მეკარე 9,8 მილიონი გირვანქა დაუჯდა. დებიუტი პეტრს შესანიშნავი ჰქონდა - ინგლისის სუპერთასზე "არსენალმა" "მშრალად" (1:0) მოუგო "ჩელსის".

ორი არცთუ კარგი მატჩის შემდეგ პრემიერლიგაში ჩეხმა ამდენივე გოლგაუშვებელი თამაში ჩაატარა.

ანტონი მარსიალი
მონაკო - მანჩესტერ იუნაიტედი
ჩვენს სატრანსფერო ჩამონათვალს შემოდგომის პირველ დღეს განხორციელებული ტრანსფერი ასრულებს. "იუნაიტედმა" სამთავროს წარმომადგენელი "მონაკოდან" იყიდა ძალიან პერსპექტიული და იმედისმომცემი ანტონი მარსიალი.

საფრანგეთის ნაკრების 19 წლის კანდიდატში ინგლისელებმა 48 მილიონი ევრო გადაიხადეს, თუმცა მარსიალის კარგმა თამაშმა ეს თანხა 80 მილიონ ევრომდეც კი შეიძლება გაზარდოს. მარსიალმა რადამელ ფალკაო და რობინ ვან პერსი უნდა შეცვალოს. "მონაკოში" ახალგაზრდა ფეხბურთელმა 70 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სიტი მე მგონი რაღაცას ემსგავსება,იქნებ ლიგაზეც გაიწიონ
jaba
17:32 04-09-2015
0
პედრიტო!!!!!!!!!1
junior
15:51 04-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული