ევროუქმეების შემდეგ. სტატისტიკა და ფაქტები: არამხოლოდ კლასიკო...

AutoSharing Option
რომელ გუნდს არ წაუგია მოწინავე ჩემპიონატებში შინ ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში? ალბათ, გაგიჭირდებათ გამოცნობა.

რა შედეგით გაუთანაბრდა "გლადბახის" დებიუტანტი მწვრთნელი უგო ლატეკს? რომელი გუნდი იყენებს სტანდარტულებს უკეთ? რომელ გუნდს ჰყავს საუკეთესო დაცვა "ბაიერნთან" ერთად? "ბარსას" ბოლო 21 გოლიდან რომელ დუეტზე მოდის 20?

ყველა პასუხი კი ქვემოთაა...

ბუნდესლიგა
* "ჰამბურგს" არასოდეს წაუგია მატჩი, რომელსაც პირველი ტაიმის მერე ორბურთიანი სხვაობით იგებდა. პიერ-მიშელ ლასოგას კი პარასკეობით ჩატარებულ 4 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი.

* მატს ჰუმელსისთვის 20 ნოემბერი დათარსული დღეა: მან კარიერაში პირველი ავტოგოლი
2010 წლის 20 ნოემბერს გაიტანა, ხოლო მეორე 2015 წლის 20 ნოემბერს.

* 2012/13 წლების სეზონიდან დღემდე, "დორტმუნდმა" 5 მატჩი წააგო "ჰამბურგთან". ამდენი მარცხი ბორუსიელებს ამ პერიოდში სხვა არც ერთ გუნდთან არ განუცდიათ.

* ბრემენის "ვერდერი" "ვოლფსბურგთან" განადგურდა (0:6). ბოლოს "ბრემენელ მუსიკოსებს" "მგლები" 2011 წელს ჰყავთ დამარცხებული.

* "აუგსბურგს" "შტუტგარტთან" ბოლო 5 მატჩი აქვს მოგებული. აუგსბურგელებს ამდენჯერ ბუნდესლიგაში სხვა არც ერთი გუნდი არ დაუმარცხებიათ.

* "ვოლფსბურგს" "ვერდერის" კარში ბუნდესლიგაში 69 გოლი აქვს გატანილი, "მგლებს" ამდენი არც ერთი სხვა გუნდის კარში არ გაუტანიათ.

* "ლევერკუზენს" "აინტრახტთან" მოგებაში ხავიერ ერნანდესის დუბლი დაეხმარა. ჩიჩარიტოს ბოლო 6 შეხვედრაში მინიმუმ 1 გოლი გააქვს (სულ 8). მას ბუნდესლიგის ბოლო 10 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი და გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში უკვე ყველაზე შედეგიანი მექსიკელია.

* "ვოლფსბურგს" ბუნდესლიგაში უკვე 28 საშინაო მატჩია, არ წაუგია - 21 მოგება და 7 ფრე. ეს ამჟამად საუკეთესო შედეგია ევროპის 5 წამყვან ჩემპიონატში. ბოლოს "მგლები" შინ 2014 წლის 8 მარტს "ბაიერნთან" დამარცხდნენ - 1:6.

* ანდრე შუბერტი "გლადბახის" მთავარი მწვრთნელის რანგში ბუნდესლიგის პირველ 8 შეხვედრაში დაუმარცხებელია - 7 მოგება, 1 ფრე. მსგავსი შედეგი აქამდე მხოლოდ უგო ლატეკს ჰქონდა.

* "შალკეს" "ბაიერნი" უკვე 10 მატჩია, არ დაუმარცხებია - 8 წაგება, 2 ფრე. ბოლოს გელზენკირხენელებმა მიუნხენელების ძლევა ბუნდესლიგაში 2010 წელს შეძლეს, თასზე კი 2011 წელს.

* მანუელ ნოიერისთვის ყოფილი გუნდის, "შალკეს" წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრა 222-ე გახლდათ "ბაიერნის" მაისურით.

* ბუნდესლიგაში გატანილი ბოლო 4 გოლიდან დავიდ ალაბამ ყველა საჯარიმოს გარედან გაიტანა.

* ხავი მარტინესმა გერმანის ჩემპიონატში 917-დღიანი პაუზის მერე გაიტანა.

* თომას მიულერმა "ბაიერნის" რიგებში 83-ე ბუნდესლიგური გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში ამ მხრივ მე-10 ადგილზე მყოფ პაულ ბრაიტნერს გაუთანაბრდა.

* "ბაიერნს" პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით გამართულ 128 შეხვედრაში 333 გოლი უგროვდება, საშუალოდ 2,6 გოლი მატჩში.

* "ჰერტასა" და "ჰოფენჰაიმის" შეხვედრის პირველ ტაიმში მხოლოდ 3 დარტყმა იყო, რაც მიმდინარე ბუნდესლიგის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

* "დარმშტადტს" გოლების 50% სტანდარტული მდგომარეობებიდან აქვს გატანილი, რაც ჩემპიონატის საუკეთესო მაჩვენებელია.

ლა ლიგა
* წინა 9 "ელ კლასიკოში" ორივე გუნდს მინიმუმ ერთი გოლი გაჰქონდა. ეს იყო ყველაზე დიდი სერია 1946-52 წლების მერე, როდესაც ზედიზედ 13 "კლასიკოს" დროს ორივე გუნდს გაჰქონდა.

* ლიონელ მესიმ კარიერაში პირველად ითამაშა "კლასიკოში" შეცვლაზე, იქამდე 30 შემთხვევაში იგი სასტარტოში იყო.

* ნეიმარი "ბარსელონას" ბოლო 19 გოლიდან 16-ში მონაწილეობდა - 10 თავად გაიტანა, ხოლო 6-ჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა.

* უშუალოდ ლა ლიგაში სერხი რობერტოს 4 საგოლე პასი უგროვდება, რაც "ბარსას" ბანაკში, ნეიმართან ერთად, საუკეთესო შედეგია.

* კეილორ ნავასს "ბარსელონას" წინააღმდეგ ჩატარებულ 5 მატჩში 14 გოლი აქვს გაშვებული. ამდენი ბურთი ლა ლიგაში ამ გოლკიპერს არც ერთი გუნდისგან არ მიუღია.

* "ბარსელონას" ბოლო 20 "ელ კლასიკოში" მინიმუმ 1 გოლი გააქვს. ასეთი ხანგრძლივი სერია კატალონიელებს მადრიდელთა წინააღმდეგ აქამდე არ ჰქონიათ.

* ჩემპიონატში გატანილი "ბარსას" ბოლო 21 გოლიდან 20 ნეიმარსა და სუარესზე მოდის - 10 ბრაზილიელმა შეაგდო, 10-იც ურუგვაელმა. დარჩენილი ერთი გოლი კი ანდრეს ინიესტას ანგარიშზეა.

* "ელ კლასიკოს" პირველ ტაიმში "რელმა" "ბარსელონას" მხოლოდ ერთხელ დაურტყა, რაც ამ სეზონში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მადრიდელებისთვის.

* ანდრეს ინიესტამ "კლასიკოში" პირველად მოახერხა გატანაც და საგოლე პასის გაკეთებაც.

* ლუის სუარესის პირველი გოლი 24-პასიან კომბინაციას მოჰყვა. ამ სეზონში არც ერთ ფეხბურთელს არ გაუტანია ასეთი ხანგრძლივი კომბინაციის შემდეგ.

* "რეალს" 7 ან მეტი დარტყმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" 2013 წლის მერე არ მიეღო, მაშინ "ოსასუნამ" "სამეფო გუნდს" 13-ჯერ დაურტყა.

* "ესპანიოლის" მარკო ასენსიოს მიმდინარე ლა ლიგაში 5 საგოლე პასი აქვს, რაც ამ წუთისთვის საუკეთესო მაჩვენებელია.

* 21-ე საუკუნეში ეს იყო მხოლოდ მეორე "ელ კლასიკო", რომელშიც არც ჩავის უთამაშია და არც იკერ კასილიასს.

* ევროპის 5 წამყვან ჩემპიონატში "მალაგას" დარტყმების რაოდენობისა და მათი გოლად გარდასახვის პროცენტული მაჩვენებელი ყველაზე დაბალი აქვს - 4,4%.

* "ვალენსიას" ლა ლიგაში 18 საშინაო მატჩია არ წაუგია - 13 მოგება და 5 ფრე. ეს გუნდის საუკეთესო სერიაა 2006 წლის მერე (19 შეხვედრა).

* "ლევანტემ" პრიმერა დივიზიონის ისტორიაში პირველად შეძლო პირველ ტაიმში 3 გოლის გატანა და სტუმრად "ხიხონიც" პირველად დაამარცხა.

* "ატლეტიკოს" არასოდეს წაუგია მატჩი, რომელშიც კოკემ გაიტანა - 12 მოგება, 5 ფრე.
* მხოლოდ მიუნხენის "ბაიერნს" აქვს გაშვებული უფრო ცოტა (5) გოლი ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში, ვიდრე მადრიდის "ატლეტიკოს" (6).

სერია A
* "ვერონასა" და "ნაპოლის" შეხვედრაში ჟორჟინიო ბურთს 201-ჯერ შეეხო, რაც წამყვან ჩემპიონატებში 2006/07 წლების სეზონის მერე საუკეთესო მაჩვენებელია.

* რობერტო დონადონის ხელში "ბოლონიამ" 3 მატჩში 7 გოლი გაიტანა, ანუ იმდენი, რამდენიც იქამდელ 10 შეხვედრაში ერთად.

* იტალიური ფეხბურთის კლასიკაში "იუვენტუსმა" "მილანი" მიჯრით მეექვსედ დაამარცხა, რაც ამ გუნდების დაპირისპირებაში სარეკორდო მაჩვენებელია. პლუს, აქედან 4 შემთხვევაში ტურინელებმა კარი მშრალად შეინახეს.

* "მილანს""იუვესთან" მატჩის პირველ ტაიმში ბურთის ფლობა მხოლოდ 37,5% ჰქონდა, რაც "როსონერის" ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მიმდინარე სეზონში.

* "ნაპოლის" "ვერონასთან" მატჩის პირველ ტაიმში ბურთის ფლობა 73,3% ჰქონდა, რაც ამ გუნდისთვის რეკორდია.

* შემტევი დომენიკო ბერარდი ბოლო სამი სეზონია ყველაზე მეტ ბარათს იღებს - 27 ყვითელი, 3 წითელი.

* ტოსკანურ დერბიში "ფიორენტინამ" "ემპოლისთან" 2:2 ითამაშა. ეს "იების" პირველი ფრე იყო ჩემპიონატში 22-თამაშიანი პაუზის მერე.

* მიმდინარე ჩემპიონატში რობერტო მანჩინის "ინტერი" მინდორზე ერთი და იგივე თერთმეტეულით არც ერთხელ არ გამოუყვანია.

* მაურო იკარდიმ ჩემპიონატში თავის მე-100 შეხვედრაში 45-ე გოლი გაიტანა.

* 2009 წლის მერე "ინტერმა" პირველად მოახერხა ზედიზედ 4 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა.

* სამირ ჰანდანოვიჩმა მე-9 შეხვედრაში არ გაუშვა გოლი, რაც წამყვანი ჩემპიონატების საუკეთესო მაჩვენებელია.

Sportall.Ge

პრემიერლიგა
* "ტოტენჰემი" პირველი ტურის მერე ისევ დაუმარცხებელია და პრემიერლიგის ბოლო 20 საშინაო მატჩიდან მხოლოდ 2 აქვს წაგებული.

* სერხიო აგუერომ თავისი 85-ე გოლი შეაგდო და პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო სამხრეთამერიკელი გოლეადორი გახდა.

* "ლივერპულმა" ბოლო ორ საგარეო მატჩში 7 გოლი გაიტანა, იმდენივე, რამდენიც წინა 11 შეხვედრაში.

* "არსენალში" გადასვლის მერე, ანუ 2012 წლის მერე, ოლივიე ჟირუს პრემიერლიგაში ყველაზე მეტი თავური აქვს გატანილი - 16.

* მესუთ იოზილმა ზედიზედ მე-7 ტურში გააკეთა საგოლე გადაცემა, რაც პრემიერლიგის რეკორდია.

* "ვესტ ბრომვიჩის" კრის ბრანტს წინა სეზონიდან დღემდე სტანდარტული სიტუაციებიდან 11 საგოლე პასი აქვს გაკეთებული, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.

* ჯეიმს მორისონს ყველაზე მეტი გოლი "არსენალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში აქვს გატანილი - სამ-სამი.

* სანტი კასორლამ პრემიერლიგაში წინა 6 პენალტის წარმატებით გარდასახვის მერე, თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან პირველად ვერ გაიტანა.

* "ლესტერს" ზედიზედ 14 პრემიერლიგური მატჩია, გოლი გააქვს.

* ჯეიმი ვარდიმ მიჯრით მეათე ტურში გაიტანა და რუდ ვან ნისტელროის რეკორდი გაიმეორა.

* ლეონარდო ულოამ პრემიერლიგაში 44-ე შეხვედრა ჩაატარა და პირველად შეძლო ერთ მატჩში გატანაც და ასისტენტობაც.

* "უოტფორდმა" საშინაო შეხვედრაში პირველ ტაიმში გოლი იანვრის მერე პირველად გაუშვა.

* ანდერ ერერამ ბოლო 6 პრემიერლიგურ შეხვედრაში 4 გოლში მიიღო მონაწილეობა - 2 გოლი, 2 პასი.

* "ასტონ ვილას" 13 ტურის მერე 5 ქულა აქვს. პრემიერლიგის ისტორიაში არც ერთი გუნდი არ გადარჩენილა გავარდნას, რომელსაც ამ ეტაპისთვის 5 ან ნაკლები ქულა ჰქონია.

* "ევერტონის" 24-ივე გოლი ამ სეზონში თამაშიდან გავიდა. "კანფეტებს" სტანდარტული მდგომარეობის მერე ჯერ არ გაუტანიათ, მეტი ასეთი გუნდი კი მიმდინარე პრემიერლიგაში არ არის.

* რომელუ ლუკაკუს პრემიერლიგის ბოლო 7 შეხვედრაში ამდენივე გოლი აქვს გატანილი.

* როს ბარკლიმ ამ ჩემპიონატში უკვე 9 გოლში მიიღო მონაწილეობა - 5 გაიტანა, 4-ჯერ ასისტენტად მოგვევლინა. არც ერთ წინა სეზონში ის ამდენ გოლში "გარეული" არ ყოფილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული