ვინ არის ყველა დროის 10 საუკეთესო გოლეადორი

AutoSharing Option
ვინ არის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში? - მიუხედავად იმისა, რომ გოლების დათვლა შეიძლება და თითქოს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივი უნდა იყოს, არც მთლად ასეა საქმე.

გოლების გარდა, გასათვალისწინებელია ჩატარებული მატჩების რაოდენობა და იმასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუ რა დონეზე თამაშობდა ფეხბურთელი.

და მაინც, გავეცნოთ ყველა დროის 10 საუკეთესო გოლეადორს და არა ფეხბურთელს, ეს კი განსხვავებული ცნებებია.

10. მარკო ვან ბასტენი (ჰოლანდია, 1981-95)
353 მატჩი - 255 გოლი (საშუალოდ 0.72 გოლი 1 თამაშში)
მფრინავი ჰოლანდიელი, რომელიც ჯერ
"აიაქსის" და შემდეგ "მილანის" შემადგენლობაში ბრწყინავდა. თავად განსაჯეთ, ამსტერდამულ გუნდში ვან ბასტენმა 133 შეხვედრაში 128 გოლი შეაგდო, იტალიაში კი 147 მატჩში 90 შედეგიანი დარტყმა განახორციელა.

არანაკლებ შედეგიანი იყო ჰოლანდიის ეროვნულ გუნდში და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში თავისი ღირსეული ადგილი დაიკავა.

9. რონალდო (ბრაზილია, 1993-2011)
456 მატჩი - 320 გოლი (0.70 გოლი)
მარკო ვან ბასტენის მსგავსად, ტრავმებმა გატანჯეს ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა, ფენომენად წოდებული რონალდო, რომელმაც მიუხედავად ყველაფრისა, 320 გოლს მოუყარა თავი და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში დაიმკვიდრა ადგილი.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფენომენი ევროპის ტოპ-ლიგებში ბრწყინავდა და იქ გაჰქონდა გოლები, 2002 წლის მუნდიალზე კი ბომბარდირი გახდა.

Sportall.Ge

8. ლიონელ მესი (არგენტინა, 2004-დან)
435 მატჩი - 342 გოლი (0.78 გოლი)
ლიონელ მესი ჯერ მხოლოდ 28 წლისაა და გოლების რაოდენობას რომ საგრძნობლად გაზრდის, თქმა არ სჭირდება. თუმცა, არგენტინელი უკვე არის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორებში და მართლაც ფენომენალური შედეგი აქვს.

მესის "ბარსაში" 325 თამაში აქვს ჩატარებული და 291 გოლი გატანილი, არგენტინის ნაკრების მაისური კი 105-ჯერ მოირგო და 49 შედეგიანი დარტყმა განახორციელა.

7. ალფრედო დი სტეფანო (არგენტინა/ესპანეთი, 1945-66)
560 მატჩი - 414 გოლი (0.73 გოლი)
არგენტინელი ფეხბურთელი, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები მადრიდის "რეალში" გაატარა, სანაკრებო მატჩების უმრავლესობა კი ესპანეთის ეროვნულ გუნდში ჰქონდა. 560 შეხვედრაში 414 გოლი მართლაც საოცარი შედეგია და გარდა ამისა, უამრავი საგოლე პასი აქვს გაკეთებული.

ბევრი ამტკიცებს, რომ დი სტეფანო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, რადგან თუნდაც პელესგან და მარადონასგან განსხვავებით, ის მთელ მოედანზე მოქმედებდა და თანაბრად ძლიერი იყო როგორც დამაგვირგვინებელ ფაზაში, ისე თამაშის წარმართვაში.

6. გერდ მიულერი (გერმანია, 1963-81)
618 მატჩი - 556 გოლი (0.89 გოლი)
კაცი, რომელიც მიუნხენის "ბაიერნის" და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების შემადგენლობაში სასწაულებს სჩადიოდა. თავად განსაჯეთ, ნაკრებში მან 62 შეხვედრა გამართა და 68 გოლი გაიტანა, "ბაიერნში" კი 453 მატჩში 398 გოლი მიითვალა აქტივში.

მიულერი მეტოქის საჯარიმოში მოქმედებდა და კლასიკური დამგვირგვინებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლით არ გამოირჩეოდა, საგოლე ალღოსა და მაღალი ნახტომის წყალობით, მეორე სართულზეც შეუდარებელი გახლდათ.

5. ეუსებიო (პორტუგალია, 1957-79)
495 მატჩი - 464 გოლი (0.93 გოლი)
ლეგენდარული პორტუგალიელი, რომელმაც ლისაბონის "ბენფიკას" და ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში კოლოსალური რაოდენობის გოლები გაიტანა. არც სხვაგან შეურცხვენია თავი, თუნდაც მშობლიურ მოზამბიკში, სადაც იქაური "სპორტინგის" ღირსებას იცავდა და 42 შეხვედრაში 77 გოლს მოუყარა თავი.

ეუსებიომ 1966 წლის მუნდიალზე გაიბრწყინა და მთელი საფეხბურთო მსოფლიო მოხიბლა, მისი გოლები კი ისტორიას შემორჩა.

4. არტურ ფრეიდენრაიხი (ბრაზილია, 1909-35)
339 მატჩი - 367 გოლი (1.08 გოლი)
გერმანული წარმოშობის ბრაზილიელი თავდამსხმელი, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში ბრწყინავდა და ურიცხვი რაოდენობის გოლები გაჰქონდა. არაოფიციალური ვერსიით, სამოყვარულო ტურნირებში ფრეიდენრაიხს 1 000-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი, თუმცა ბრაზილიის შტატების ჩემპიონატში მის ანგარიშზე 355 შედეგიანი დარტყმაა, ეროვნულ გუნდში კი 10 გოლი შეაგდო.

მთავარი მაინც ის არის, რომ 367 გოლი არტურმა 339 მატჩში გაიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითო შეხვედრაში საშუალოდ გოლზე მეტი გაჰქონდა. მართლაც ფენომენალური შედეგია, ფრეიდენრაიხს კი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში გამორჩეული ადგილი უკავია.

3. ფერნანდუ პეიროტეუ (პორტუგალია, 1937-49)
217 მატჩი - 343 გოლი (1.58 გოლი)
ფერნანდო პეიროტეუს არ გაუმართლა, რადგან მისი საფეხბურთო კარიერა მეორე მსოფლიო ომს დაემთხვა და შესაბამისად, შედარებით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული. თუმცა, როდესაც ის მოედანზე იყო, მისი შეჩერება, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახლდათ.

როგორც ფერნანდუს თამაშის თვითმხილველები ამბობენ, ფერნანდუ იყო ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელი, რომლის მსგავსი არათუ უნახავთ, მომავალშიც არ დაიბადება.

პეიროტეუს სტატისტიკა მართლაც დაუჯერებელია: 217 თამაშში 343 გოლი იმას ნიშნავს, რომ ფერნანდუ ერთ შეხვედრაში საშუალოდ 1,5 გოლზე მეტს იტანდა.

2. ფერენც პუშკაში (უნგრეთი, 1943-66)
610 მატჩი - 592 გოლი (0.97 გოლი)
მიუხედავად იმისა, რომ ფერენც პუშკაშს საშუალოდ ერთ თამაშში 1,5 გოლზე მეტი ვერ გაჰქონდა, მის გოლებს მაინც განსაკუთრებული დაფასება სჭირდება.

ერთი, რომ უმაღლეს დონეზე გაჰქონდა ეს გოლები და მეორე, მართლაც ფენომენალური შედეგი ჰქონდა. თავად განსაჯეთ, ბუდაპეშტის "ჰონვედში" 341 შეხვედრაში 352 გოლი შეაგდო, მადრიდის "რეალში" კი 180 მატჩში 156 შედეგიანი დარტყმა შეასრულა.

საოცარი შედეგი ჰქონდა უნგრეთის ეროვნულ გუნდშიც, სადაც 85 პაექრობაში 84 გოლი მიითვალა აქტივში. ბევრის აზრით, ის ყველა დროის საუკეთესო ცენტრფორვარდია და თუ გოლების რაოდენობას გავითვალისწინებთ, პუშკაში უდავოდ იმსახურებს ამ ეპითეტს.

Sportall.Ge

1. პელე (ბრაზილია, 1956-77)
785 მატჩი - 727 გოლი (0.92 გოლი)
პირველ ადგილზე ფეხბურთის მეფეა, რომელსაც არაოფიციალური მონაცემებით, 1 000-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი, თუმცა ოფიციალურად მისი მონაგარი 727 გოლია. აქედან 619 გოლი პელემ "სანტოსში" შეაგდო, 31 - "ნიუ იორკ კოსმოსში", ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში კი - 77.

ამდენი გოლი სხვა არც ერთ ფეხბურთელს არ გაუტანია და თუ ამას პელეს ტიტულებს და მიღწევებს დავამატებთ, თქმა არ სჭირდება, რომ ლეგენდარული ბრაზილიელი არა მარტო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, არამედ საუკეთესო მეგოლეცაა.

თუმცა, გემოვნებაზე სწორედაც რომ დავობენ და მით უმეტეს, ამ ათეულში ისეთი ფეხბურთელები ვერ მოხვდნენ, როგორიც იოჰან კრუიფი, კრიშტიანო რონალდო და დიეგო მარადონა არიან...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
პელე მსოფლიოს ჩემპიონი ოთხჯერ კი არა სამჯერ იყო! 100 მეტრს 10 წამში მაშინ ამ სახეობის ოლიმპიური ჩემპიონები ვერ გარბოდნენ ყოველთვის
პელე რომ უდიდესი ფეხბურთელი იყო, სადაო არაა და ზედმეტები არ სჭირდება
რაც შეეხება სირბილს, პელეზე, მარადონაზე, კრუიფზე სწრაფად ბლოხინი და ევრუჟიხინი გარბოდნენ და რა მერე?
0
სად არის რომარიო???????????
mamuka1313
12:53 12-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული