ზეპ ბლატერი: არასოდეს აიღო ფული, რომელიც არ გამოგიმუშავებია! [დასასრული]

AutoSharing Option
დასასრული

თავს კრივის მსხალივით ვგრძნობ
- ყატარის გამარჯვება თქვენთვის შენელებული მოქმედების ნაღმივით იქცა?
- არავითარ შემთხვევაში. ყატარის გამარჯვების შემდეგ ამ ქვეყანასთანაც ისე დავიწყე მუშაობა, როგორც რუსეთთან. დოჰაში რამდენჯერმე ვიყავი. ნამდვილი დარტყმა კი 27 მაისს მივიღე, როდესაც შვეიცრიაში ამერიკელები ჩამოვიდნენ, თანაც ფიფას მთავარ ოფისში. ეს შოკისმომგრელი იყო. ჯერ ბოლომდე არ გამოვფხიზლებულვარ.

- 5 წლის მერე რატომ გაგახსენდათ და მხოლოდ ახლა რატომ აღნიშნეთ, რომ ყატარისთვის მუნდიალის ჩატარების უფლების მინიჭებაში ნიკოლა სარკოზი ჩაერია?
- მთლად 5 წლის მერე არა.
ეს ისედაც საყოველთაოდ ცნობილი ისტორიაა. ეს ყველაფერი უკვე დაიწერა და ითქვა პრესაში. ხანდახან წარსულის გახსენება საჭიროა, სხვადასხვა რაღაცებში გარკვევის მხრივ.

- თავისი ჩარევით საფრანგეთმა მართლა ასე შეცვლაა ისტორია? ყატარმა ხომ 14 ხმა დააგროვა არჩევნებში აშშ-ს კი 8 ხმა ერგო.
- ჩემი აზრით, ფეხბურთი ისტორიაზე ცუდ გავლენას არასდროს ახდენს. თუმცა, ამჟამად, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ყველა თავისებურად იყენებს, ამერიკაც, აღმოსავლეთიც, დასავლეთიც... ყველა. მე კი შუაში ვარ გაჩხერილი, თავს კრივის მსხალივით ვგრძნობ. ეს გლობალური პოლიტიკური თამაშებია. ჩემი დრო კი, ალბათ, მართლაც წავიდა. ამიტომაც გადავწყვიტე წასვლა. თუმცა სანამ არჩევნები არ ჩატარდება, ვინც, რა არ უნდა თქვას, მე ფიფას არჩეული პრეზიდენტი ვარ.

ფეხბურთი - უნივერსალური ენა
- 2018 და 2022 წლების მუნდიალების მასპინძლობის საქმესთან დაკავშირებით შვეიცარიის სასამართლოში 133 ეპიზოდია, რომლებშიც სხვადასხვა საეჭვო ფინანსური ოპერაციები ფიგურირებს. საბოლოო ჯამში, ჩატარდება ეს ჩემპიონატები რუსეთსა და ყატარში?
- ყველაფერი ისე იქნება, როგორც აღმასკომმა გადაწყვიტა. ჩემპიონატები ჩატარდება. თუ ვინმე შესაბამისად არ მოიქცა არჩევნებამდე ან მის მერე, პასუხი უნდა აგოს, ეს ცალკე თემაა. არის უცნაური გადარიცხვები და ეჭვები, ალბათ, ყველაფერი გაირკვევა. ადრე შვეიცარულ ბანკებს ყველა ენდობოდა, ახლა ეს ავტორიტეტი ცოტა შეილახა.

- რატომ არ გამოაქვეყნა ფიფამ მაიკლ გარსიას გამოძიების დეტალები ამ ჩემპიონატებთან დაკავშირებით?
- ალბათ, გამოქვეყნდებოდა ეთიკის კომიტეტი სერიოზულად რომ დაინტერესებულიყო ამ საქმით და ყველა ის ადამიანი დაეკითხა ვინც საქმეში ფიგურირებდა. სამაგიეროდ, ჩემი და პლატინის საქმე ელვის სისწრაფით განიხილეს. სხვებზე რომ ყოფილიყო საქმე, 3-4 წელიწადს მოანდომებდნენ. ისე კი არც გვქონდა ამ გამოძიების შედეგების გამოქვეყნების უფლება, პირადად მე ის არც წამიკითხავს, შვეიცარიის მთავრობას გადავეცი. ამით ჩვენ გამოვაჩინეთ, რომ დასამალი არაფერი გვაქვს და ღიად ვთამაშობთ.

- როგორ ფიქრობთ, რა გაკვეთილის მიღება შეიძლება მთელი ამ ისტორიიდან?
- როდესაც ბატონმა აველანჟმა (ფიფას პრეზიდენტი 1974-1998 წლებში) სამუშაოდ მიმიწვია, მან მითხრა: "საჭიროა, რომ ფეხბურთი უნივერსალურ ენად იქცეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში".

1975 წელს აქცენტი უფრო სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში მუშაობაზე კეთდებოდა, მაგრამ მალევე აფრიკას და აზიას მივაქციეთ დიდი ყურადღება. ამ მიმართულებით ბევრი ვიმუშავე და საბოლოო ჯამში, ფეხბურთი იქცა კიდეც უნივერსალურ ენად. ფინანსური მდგომარეობა ფიფაში სტაბილური და ძალიან კარგია. მთავარ სპონსორებთან 2026-2028 წლამდე გვაქვს კონტრაქტი. როდესაც ეს აურზაური გადაივლის, ისევ კონკრეტულად და მხოლოდ ფეხბურთზე ვიზრუნებთ და ვიფიქრებთ.

ბლატერი სულაც არ არის ცუდი ბიჭი
- ამბობენ რომ წიგნს წერთ. როდის უნდა გამოუშვათ? ეს მემუარებია?
- დიახ, ვწერ. ეს უფრო სხვადასხვა ისტორიების კრებული იქნება და არა ბიოგრაფია ან აღსარება. იმედი მაქვს, რომ ფიფას კონგრესის (2016 წლის 26 თებერვალი) შემდეგვე მოხერხდება წიგნის დაბეჭდვა. ბერ უცნობ ფაქტს და ისტორიას გაიგებთ, სახალისოსაც.

ეს ფორმატი მაშინ ავირჩიე, როდესაც ყოფილი კანცლერის გერმანელი ჰელმუტ შმიდტის წიგნი წავიკითხე "მოწევის პაუზისას". იგი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა, 96 წლის იყო. ვიფიქრე, რამე ასეთ სტილში უნდა დავწეროთქო, მაგრამ მე ხომ არ ვეწევი, ამიტომაც ვფიქრობ, სათაურად ეს უფრო გამოდგება: "ჩემი მისია - ფეხბურთი".

- რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ თქვენ მშვიდობის დარგში ნობელის პრემია დაიმსახურეთ...
- მან თქვა, რომ სპორტი იმსახურებს მსგავს ჯილდოს. მშვენივრად ვიცი, როგორ გადასცემენ ნობელის პრემიას და დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში საფეხბურთო ოჯახიდან მას ვერავინ მოიპოვებს. ისე კი, მომავალში, ცუდი არ იქნებოდა. კარგი იქნებოდა, რომ ეს ცუნამი არ დაგვტეხოდა.

ფეხბურთი მშვიდობისთვის მუშაობს. არაერთი ქვეყნის ხელისუფალს შევხვედრივარ და ბევრი მიიჩნევს, რომ ბლატერი სულაც არ არის ცუდი ბიჭი.

- შვეიცარიაში თქვენზე კიდევ ერთი სერიოზული საქმე აღიძრა, არა მხოლოდ მიშელ პლატინისთვის თანხის მიცემის გამო, არამედ ჯეკ უორნერთან კონტრაქტის გამოც და კარბიბებზე 2010 და 2014 წლების მსოფლიო ჩემპიონატების ტრანსლირების უფლებების გაცემისას გარკვეული მაქინაციების გამოც...
- დიახ, არის ასეთი საქმეც. თუმცა განაჩენამდე ჯერ შორია. მე კი ვერავინ გადამარწმუნებს, რომ სინამდვილეში ყველაფერი 27 მაისის მოვლენებს უკავშირდება (იმ დღეს ციურიხში ფიფას რამდენიმე ჩინოვნიკი დაიჭირეს).

- რას გააკეთებთ 26 თებერვლის ანუ პოსტიდან საბოლოოდ და ოფიციალურად წასვლის მერე?
- ახლა საკუთარ ჯანმრთელობაზე ვზრუნავ. გარკვეული პრობლემა მქონდა, ახლა უკეთესობა იგრძნობა. უბრალოდ ცხოვრება მინდა. ვფიქრობ, რომ წინ კიდევ მთელი ცხოვრებაა. ჩემ საყვარელ მეგობართან ქალბატონთან და ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა მსურს. რადიოში ჟურნალისტადაც ვიმუშავებ. რადიო "ფრანს ინტერნასიონალმა" უკვე შემომთავაზა საფრანგეთის თასის მატჩი წაყვანა.

- ახლა რომ თქვენს წინ მიშელ პლატინი იჯდეს რას ეტყოდით?
- ვეტყოდი: "ხედავ? ჩვენ მათთვის ზედმეტად გავლენიანი ფიგურები ვიყავით. ჰოდა, ორივეს ერთდროულად გაგვისწორდნენ". ჩვენ ხანდახან გვქონდა განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ გავიმეორებ - პლატინი პატიოსანი ადამიანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული