ფეხბურთი? ბექემი თამაშობდა "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "რეალში", მოიგო ჩემპიონთა ლიგა. მოდელი? სხვადასხვა დროს იყო "არმანისა" და "ადიდასის" სახე. დევიდს ჯერაც აქტიურად ეძახიან ფილმებში სათამაშოდ.
დევიდ ბექემი კიდევ ერთ ცხოვრებისეულ გამოწვევას შეეჭიდა. მისი "ოქროს ხანა" ახლა მაიამიში უნდა დადგეს. როგორ? რატომ? სწორედ ამას ეძღვნება ჩვენი
იმ კონტრაქტში, რომელიც ბექემმა 2007 წელს გააფორმა "ლოს ანჟელეს გალაქსისთან", იყო პუნქტი, რომლის მიხედვითაც მას შემდეგ, რაც კარიერას დაასრულებდა, მას შეეძლო დაბალ ფასად შეეძინა MLS-ის (ამერიკის საფეხბურთო ლიგა) ერთ-ერთი კლუბი.
2014 წლის თებერვალში ბექემმა გამოაცხადა, რომ მაიამიში აპირებს ახალი გუნდის ჩამოყალიბებას. მან შექმნა კომპანია "მაიამი ბექემ იუნაიტედი". მისი კომპანიონები ამ საქმეში იყვნენ ერთ-ერთი შოუს წამყვანი მაიკ ფულერი და მობილური ოპერატორების ბიზნესში ჩართული მარსელო კლაურე.
მაიამიში ფეხბურთის გუნდის გაკეთება ძალიან დიდი რისკია. ამ მზიურ ქალაქში საუბრის მთავარი თემა ჯერაც ბეისბოლია. ადგილობრივი გუნდის, "მარლინსის" სტადიონი ქომაგებს ვერ აგროვებს. ქალაქის მთავარი ჯილა საკალათბურთო კლუბი "მაიამი ჰითია".
ბექემის წამოწყებისადმი მიდგომა თავიდანვე ასეთი იყო - ვიღაც მდიდარი ბიჭები აპირებენ სტადიონის აშენებას? როგორც ჩანს, მათ საქმე გამოელიათ. ფეხბურთზე ვინ მივა. ასე ფიქრობდა და ფიქრობს ბევრი მაიამელი.
თავდაპირველად ბექემმა გამოაცხადა, რომ ახალ სტადიონს ააშენებდა მაიამის პორტში, რომელიც ძალიან ხალხმრავალი ადგილია. დევიდმა ვერ გათვალა - მისი და მსხვილი ბიზნესორგანიზაციების ინტერესები გადაიკვეთა. ვის უნდა სტადიონი იქ, სადაც მილიონობით დოლარის შოვნა შეიძლება?!
კონკურენტები მაგრად ამუშავდნენ. მათ მრავალი მილიონი დოლარი გადაიხადეს იმისათვის, რომ მაიამელები დაერწმუნებინათ ერთადერთ რამეში: სტადიონის მშენებლობა არის ძალიან ცუდი იდეა. ჯერ ერთი, მას შეუძლია, ადგილის ისტორიული სახე დაამახინჯოს და მეორეც, ფეხბურთს ამ ქალაქში პერსპექტივა არ აქვს. ტელეეთერი მსგავსი ხასიათის რეკლამებით აივსო.
ბოლოს გაირკვა, რომ ბექემის მოწინააღმდეგე ორივე ფირმას ერთი და იმავე პიროვნება ხელმძღვანელობდა. ბინძური იყო თუ არა ეს კამპანია, ფაქტი ისაა, რომ მაშინ ბექემმა მარცხი აღიარა.
ბექემმა და კომპანიამ მეორე, არანაკლებ ამბიციური პროექტი შეიმუშავა. ახალი სპორტული არენა უნდა განლაგებულიყო ფეშენებელურ ადგილას, "მაიამი ჰითის" ასპარეზის ახლოს.
ადგილობრივი მთავრობა ელოდა, რომ დევიდი მიწის იჯარით აღების სანაცვლოდ 12-14 მილიონ დოლარს გადაიხდიდა, მაგრამ მისი თავდაპირველი წინადადება "ძლიერთა ამა ქვეყნისათვის" შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ბექემი მზად იყო, 500 ათასი გირვანქა გადაეხადა ამ საქმის მოსაკვარახჭინებლად.
მთავრობის წარმომადენლები იმდენად შეურაცხყოფილნი დარჩნენ ამ წინადადებით, რომ ბექემთან მოლაპარაკება ეგრევე შეწყვიტეს. გარდა ამისა, მაიამიში მცხოვრები მილიარდერების დელეგაციამ პროტესტით მიმართა ქალაქის მერს. მათი თქმით, სტადიონი, აშენების შემთხვევაში, მათი ფანჯრებიდან ხედს გააფუჭებდა.
არსებობდა კიდევ ერთი იდეა, რომლის თანახმადაც ახალი სტადიონი უნდა აშენებულიყო "მარლინსის" სტადიონის ახლოს. ამ შემთხვევაში ბექემი და კომპანია უკვე მიწის ადგილობრივ მფლობელებს ვეღარ მოელაპარაკა.
საბოლოოდ დადგინდა, რომ ბექემი თავისი გუნდისათვის ახალ სტადიონს ოვერტუანის რაიონში ააშენებს. ქალაქის ხელმძღვანელობამ სპეციალური გეგმა შეიმუშავა, რომელიც ამ რაიონის განვითარებას გულისხმობს, თუმცა მდიდრები ჯერ კიდევ გაურბიან იქ გამოჩენას.
დევიდმა თქვა, რომ ოცნებობს ნახოს, თუ როგორ მიედინება ქომაგთა დიდი არმია სტადიონისაკენ. ოვერტუანში ამის ნახვა ძალიან ძნელი იქნება. საბოლოო ჯამში ბექემმა გამოაცხადა, რომ "მაიამისათვის" აშენდება 25-ათასიანი სტადიონი და ამ მშენებლობის ღირებულება იქნება 250 მილიონი დოლარი.
"ჩვენ ახალ სტადიონს 2018 წელს გავხსნით და ეს იქნება დიდი დღესასწაული." - თქვა ბექემმა. პრობლემების მიუხედავად, დევიდი, საბოლოო ჯამში, აქაც იმარჯვებს. ის შეგვიძლია მისიონერს შევადაროთ,რომელსაც ფეხბურთი არასაფეხბურთო ალაგას მიაქვს.
ისე, დევიდი ცოტა ფრთხილად უნდა იყოს. ამბობენ, იმ ადგილს, სადაც სტადიონი უნდა აშენდეს, დატბორვა ემუქრებაო...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"