ჯენიფერ ენისტონის მეზობლად: როგორ ცხოვრობენ ფეხბურთის ვარსკვლავები ოკეანეს გაღმა

AutoSharing Option
ბოლო დროს ფეხბურთის არაერთმა ვარსკვლავმა მიაშურა ამერიკას. საინტერესოა, როგორ ცხოვრობენ ისინი ოკეანეს გაღმა. ჩვენი წერილი სწორედ ამ თემას ეძღვნება.

კაკა
6,6 მილიონი დოლარი წელიწადში (სარეკორდო მაჩვენებელი)
ბრაზილიელ ვარსკვლავს ამერიკაში ყველაფერი წესრიგში აქვს. თავიდანვე გახდა "ორლანდოს" ლიდერი და პირველივე შეხვედრაში დიდებული გოლი გაიტანა საჯარიმო დარტყმით.

კაკამ ყველაფერი მოასწრო - მათ შორის, კარიერის განმავლობაში პირველი წითელი ბარათის მიღება. კაკასთან დაკავშირებით საინტერესო შემთხვევა გაიხსენა "ორლანდოს" ტრინიდადელმა ნახევარმცველმა, კევინ მოლინომ.

"მინდორს მძიმე ტრავმის შემდეგ დავუბრუნდი და გატანას ვერაფრით ვახერხებდი. "პორტლენდთან" მატჩში ჩვენ პენალტი უნდა
დაგვერტყა. კაკას უნდა შეესრულებინა ეს სტანდარტი. ის მომიახლოვდა და მითხრა: "შენ ეს შეგიძლია. შენ ამ თერთმეტმეტრიანს დაარტყამ და გაიტან. მართლაც გავიტანე." - ყვება ტრინიდადელი.

სხვათა შორის, შარშან მაისში მოლინომ კიდევ ერთი მძიმე ტრავმა მიიღო. კაკამ მორიგი გოლი გაიტანა. გახარებულმა კლუბის ერთ-ერთ თანამშრომელს მაისურა გამოართვა, რომელსაც ზურგზე მოლინოს გვარი ეწერა და ის მაისურა ჩაიცვა.

როგორ ერთობა: უყურებს ბალეტს, ხვდება რიანას, დადის სუპერბოულზე, ესაუბრება კობი ბრაიანტსა და ჰიუ ჯეკმანს, ქომაგობს საკალათბურთო "ორლანდოს".

რას ამბობს: მე მინახავს არაერთი ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც ჩადის უცხო ქვეყანაში და იმის მაგივრად, რომ იქაურ კულტურას მოერგოს, თვითონ იწყებს თავისი ცხოვრების წესის თავს მოხვევას სხვისათვის. მე ასეთი არ ვარ. როცა იტალიაში ვცხოვრობდი, ვცდილობდი მეცხოვრა, როგორც იტალიელს. ესპანეთში როგორც ესპანელს და ასეა აქაც. მიყვარს ნაციონალური საკალათბურთო ლიგა, დავდივარ სტუდენტების მატჩებზე. მოკლედ, ბედნიერი ვარ.

ფრენკ ლამპარდი
6 მილიონი დოლარი წელიწადში
ფრენკ ლამპარდს "ნიუ იორკ სიტის" გულშემატკივრები თავიდანვე გაუბრაზდნენ. ფრენკმა მაშინ უცნაური ნაბიჯი გადადგა. ის "მანჩესტერ სიტიში" მას შემდეგ გადაბარგდა, რაც ნიუიორკელებთან კონტრაქტი გააფორმა.

მას შემდეგ, რაც ამერიკულ კლუბში გადავიდა, ლამპარდმა მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა. ცოტა ხნის წინათ, "ტელეგრაფმა" ფრენკის ტრანსფერს ამერიკლული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ცუდი უწოდა.

ფოტოსესია: მონაწილეობა მიიღო "ნიუ იორკ მეგეზინის" მიერ ორგანიზებულ ფოტოსესიაში.

როგორ ერთობა: იღებს სურათებს თაიმ სქვერზე, ქომაგობს ჰოკეის კლუბ "რეინჯერსს". მონაწილეობს სხვადასხვა შოუში, სეირნობს ცენტრალურ პარკში, იქვე ვარჯიშობს, ესაუბრება პოლიციელებს, მონაწილეობას იღებს ავტობუსის პრეზენტაციაში.

რას ამბობს: ინგლისში ჩვენ ერთმანეთს არ ვეუბნებით "დილა მშვიდობისა". ჩვენ ვხედავთ ნაცნობ ადამიანებს და არც ვიმჩნევთ, ისე ჩავუვლით - ხოლმე მათ გვერდს. ამერიკაში ასე არ არის და ეს მე ძალიან მომწონს. "ჩელსიში" ბევრი ლეგიონერი გვყავდა. მე ვაკვირდებოდი, თუ როგორ ეჩვეოდნენ ისინი ინგლისს. ახლა მე აღმოვჩნდი მათ ადგილას.

ანდრეა პირლო
2 მილიონი წელიწადში
ლამპარდზე უკეთესად თამაშობს, მაგრამ აშკარად მეტი შეუძლია. ანდრეა პირლომ 21 მატჩი ისე ჩაატარა ამერიკულ ლიგაში, რომ მოწინააღმდეგის კარში გოლი საერთოდ არ გაუტანია. ბევრი ამბობს, რომ ანდრეა უინტერესოდ თამაშობს. ამაზე პირლოს თავისი პასუხი აქვს.

"გასულ სეზონში, როცა მე აქ ჩამოვედი, სეზონის ნახევარი გასული იყო. ახლა თანდათან ვეჩვევი აქაურობას და 6 საგოლე გადაცემაც შევარსულე. მჯერა, შორს აღარ არის ის დრო, როცა გავიტან." - ამბობს იტალიელი ვარსკვლავი.

ჩავიდა თუ არა პირლო ამერიკაში, "ნიუ იორკ სიტის" მთავარი მოწინააღმდეგის, "რედ ბულსის" ქომაგებმა დახატეს ბანერი, რომელზეც მტერი გუნდის ორი მთავარი ვარსკვლავი, პირლო და ფრენკ ლამპარდი ყავარჯნებით არიან გამოსახულნი. აქაოდა, ჩვენმა მეტოქემ მოხუცთა თავშესაფარი გახსნაო...

როგორ ერთობა: ვახშმობს კარლო ანჩელოტისთან და ფრენკ ლამპარდთან ერთად, სეირნობს ნიუ იორკში და იღებს ფოტოებს ქომაგებთან ერთად, რთავს ნაძვის ხეს, ხვდება მომღერლებს.

რას ამბობს: მე ნიუ იორკში ტურისტად არ ჩამოვსულვარ.
Sportall.Ge

დიდიე დროგბა
1,6 მილიონი დოლარი წელიწადში
დიდიე დროგბა დიდებულ ფორმაშია. მას უამრავი გოლი გააქვს მოწინააღმდეგეთა კარში. დროგბა უმოკლეს ხანში იქცა ადგილობრივ გულშემატკივართა ნამდვილ კუმირად. ის უდიდესი პატივისცემით სარგებლობს თანაგუნდელებს შორის.

"დროგბა დიდი ვარსკვლავია და როცა ასეთები ჩამოდიან სათამაშოდ, ხშირად თავი ცოტა შორს უჭირავთ ადგილობრივი ფეხბურთელებისგან. არაფერი ამის მსგავსი. დიდიე ყველაზე უბრალო ადამიანია ჩვენს შორის." - ამბობს "მონრეალის" მეკარე ევან ბუში.

"მონრეალის" ქომაგებს გული გადაუტრიალდათ "ჩელსი" გუს ჰიდინკმა "ჩელსი" რომ ჩაიბარა, ასისტენტად კინაღამ ფრენკი წაიყვანა, თუმცა ბოლო წამს დროგბა ისევ აქტიურ ფეხბურთელად დარჩა.

როგორ ერთობა: ძირითადად კალათბურთს უყურებს.

სტივენ ჯერარდი
6,2 მილიონი წელიწადში
სტივენ ჯერარდი ისე ვერ თამაშობს, როგორც ამას მისგან ელიან. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამის მთავარი მიზეზი "ლივერპულის" მონატრებაა. ის სოციალურ ქსელში სულ "ლივერპულზე" წერს და მის ფოტოებს აქვეყნებს.

მიმდინარე სეზონში თამაში ცოტა გამოასწორა. მაინც ერთი სული აქვს, როდის დაიწყება არდადეგები, ინგლისში რომ გაიქცეს.

სად ცხოვრობს: მისი ბინა ბევერლი ჰილზზე მდებარეობს და 18 მილიონ დოლარადაა შეფასებული. ექვსი საძინებელი, აუზები, კინოთეატრი - მოკლედ, სრული კომფორტი. ადრე ეს სახლი მერაია ქერის ეკუთვნოდა. ახლა ჯერარდს ბევრი ცნობილი მეზობელი ჰყავს. მათ შორის - ჯენიფერ ენისტონი.

როგორ ერთობა: ხვდება კობი ბრაიანტს, უსმენს ჯასტინ ბიბერს, მეგობრობს ჯეიმი კარაგერთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კომენტარს რატომ არ დებთ?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული