კოპა ამერიკა სენტენარიო. D ჯგუფი: არგენტინის საოცარი 86 [VIDEO]

AutoSharing Option
* არგენტინას ახლა უკვე ზედიზედ 7 მოგება აქვს და ამ შეხვედრებიდან 5-ში "ალბისელესტეს" გოლი არ გაუშვია.
* ბოლივიის ნაკრებს ბოლო 13 მატჩიდან 12 წაგებული აქვს.
* პანამის მონაწილეობით, ბოლო 3 მატჩში 14 გოლი გავიდა.
* ალექსის სანჩესს ახლა უკვე 33 გოლი აქვს გატანილი ჩილეს ნაკრების მაისურით. იგი 1 ბურთით ჩამორჩება ივან სამორანოს და 4-ით მარსელო სალასს.

აშშ-ში დასრულდა კოპა ამერიკის საიუბილეო გათამაშების ჯგუფური ეტაპი. ყველა მეოთხედფინალური წყვილი ცნობილია.

კოპა ამერიკის მოქმედი გამარჯვებული ჩილე და მოწვეული სტუმარი პანამა ერთმანეთში მეორე ადგილს
ათამაშებდნენ. იქამდე ორივე არგენტინამ იმსხვერპლა, მაგრამ პანამელები უფრო დიდი სხვაობით და ამიტომ ჩილეს ფრეც აძლევდა ხელს, მაგრამ გარისკვა არ შეიძლებოდა. ჩილელები არც აპირებდნენ ფრეზე თამაშს და ისედაც იძულებულნი გახდნენ, შეტევაში წასულიყვნენ მას მერე, რაც სწრაფი გოლი გაუშვეს.

ეს აშკარად არ იყო კლაუდიო ბრავოს დღე, რომლის ორ შეცდომასაც ორი გოლი მოჰყვა მის კარში, მაგრამ განსაკუთრებით სწორედ პირველი გოლი უნდა გამოვარჩიოთ, როდესაც კამარგოს არც ისე ძლიერი დარტყმის მერე მას ბურთი აუსხლტა.

ჩილეს სათამაშო სტილი კარგად იცით და ჩილელებს რა გააჩერებდათ, ისინი ისედაც სულ ფაციფუცში არიან. ამ ფაციფუცში შეცდომა არ დაუშვიათ და პირიქით, მალევე გაათანაბრეს - ედუ ვარგასმა დამატებაზე ყველას დაასწრო.

დიახ, თუ ბრავოს დღე არ იყო, სწორედ ვარგასის დღე გახლდათ, მან გამოიღვიძა. 43-ე წუთზე ედუმ ბოსეჟურის ჩაწოდებულს "ურქინა" და ჩილემ ტაიმი, რომელსაც აგებდა, მოიგო. მეორე ნახევრის დებიუტში კი მანვე ალექსის სანჩესს უპასა, რომელმაც ცხოველური დარტყმით გოლი გაიტანა.

შეცვლაზე შესული აროიოს თავურისას ბრავო ისევ ცოტა არადამაჯერებელი იყო და ამ გოლმა მოჩვენებითი დაძაბულობა შექმნა, მაგრამ სანჩესის თავური ფუენსალიდას პასს მოჰყვა. ამ უკანასკნელს კარგი ტურნირი გამოსდის.

ჩილე მეოთხედფინალში მექსიკაზე გავიდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

***
"ყოჩაღ" ბოლივიას, მართლაც "ყოჩაღ". დააკვირდით, რამდენი ჰქონდა ბურთის ფლობა არგენტინას? 86%! ამის კვალობაზე ბოლივიელთა 3 დარტყმა კარისკენ და 1 კარში მიღწევაა.

ჭეშმარიტი ქება და დიდება კი ხერარდო მარტინოს გუნდს ეკუთვნის, რომელიც გადახალისებული შემადგენლობით თამაშობდა და მიუხედავად ამისა, დაფრინავდა. მე-13 წუთზე ერიკ ლამელამ ჯარიმა შეასრულა და რიკოშეტით ბურთი ლამპეს კარში აღმოჩნდა. 2 წუთში ესეკიელ ლავესიმ გონსალო იგუაინის დარტყმულს დაამატა. 32-ე წუთზე კი "ინდეპენდიენტეს" მცველმა ვიქტორ ლეანდრო კუესტამ ლავესის პასით შეაგდო. არგენტინელებს თავი აღარ მოუკლავთ, მომენტები კიდევ ოხრად იყო. შეცვლაზე შემოსულ მესისაც არ გაუტანია, მაგრამ ლეომ რამდენიმე ძალიან ლამაზი მომენტი ჩაამატა თავის გიგანტურ ყულაბაში.

"ტატამ" ყველაფერი კარგად გააკეთა, ლიონელ მესის თამადობით, ნაკრების სხვა გამორჩეული ფეხბურთელები ზომიერად დატვირთა, შანსი თითქმის ყველას მისცა და ჯგუფური ეტაპი მაინც ერთი ამოსუნთქვით გაიარა. არგენტინა დასვენებული და ამავდროულად, მრისხანე გავიდა მეოთხედფინალში, სადაც ვენესუელა ელოდება. ვენესუელელებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, მაგრამ შემდეგ ეტაპზე, ალბათ, ყველაზე არასასურველ მეტოქესთან მოუწევთ ჭიდილი.

"ვენესუელა ძალიან კარგი ნაკრებია და ახლა ზეწოლაც გაზრდილია, რადგან ან იგებ, ან ვარდები. ის ფაქტი, რომ ბრაზილია და ურუგვაი ნაადრევად გაემგზავრნენ შინ, ჩვენთვის არაფერს ცვლის. ჩვენ საკუთარ თავზე და ჩვენი თამაშის გაუმჯობესებაზე უნდა ვიფიქროთ. ახლა უკვე თამაშებისადმი სხვაგვარი მიდგომაა საჭირო. თუ ვენესუელა გადაწყვეტს, რომ ლიონელ მესის პერსონალური მეურვე მიუჩინოს, ჩვენ კონტრნაბიჯი გვექნება და ლეოს ცენტრფორვარდად დავაყენებთ" - განაცხადა მარტინომ.

როგორც ხედავთ, "ტატამ" ერთგვარ ხრიკს მიმართა და თითქოს წინასწარ გათქვა ვენესუელასთან მატჩისწინანდელი გეგმის ნაწილი. ვნახოთ, წამოეგება თუ არა ანკესზე მისი ვიზავი.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

P.S. წუხელ ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიის ნაკრების თავკაცის პოსტზე დუნგას ნაცვლად "კორინთიანსის" მწვრთნელი ტიტე დაინიშნა.

ჩილე-პანამა 4:2
გოლები: 0:1 კამარგო (5), 1:1 ვარგასი (15), 2:1 ვარგასი (43), 3:1 სანჩესი (50), 3:2 აროიო (75), 4:2 სანჩესი (89)
ჩილე (4-3-3): ბრავო - ისლა, მედელი (90. როკო), ხარა, ბოსეჟური (60. პუში) - არანგისი, დიასი, ვიდალი (90. ერნანდესი) - ფუენსალიდა, სანჩესი, ვარგასი
პანამა (4-4-2): პენედო - მაჩადო, კამინგსი, მილერი, ენრიკესი - კამარგო, გომესი, ენრიკესი, კინტერო (71. ბუიტრაგო) - ტეხადა (46. ტორესი), ნურსე (46. აროიო)
გაფრთხილება: ისლა - კამარგო, კამინგსი, ენრიკესი
კუთხური: 10-1 ჯარიმა: 11-12 თამაშგარე: 2-4 კარში დარტყმა: 23(9)-12(3) ბურთის ფლობა: 76%-24%
მაყურებელი: 27 260

არგენტინა-ბოლივია 3:0
გოლები: 1:0 ლამელა (13), 2:0 ლავესი (15), 3:0 კუესტა (32)
არგენტინა (4-3-3): რომერო - რონკალია, ოტამენდი (75. მაიდანა), კუესტა, რამირო ფუნეს მორი - ბანეგა (46. ბილია), კრანევიტერი, ლამელა - ლავესი, იგუაინი (46. მესი), აგუერო
ბოლივია (5-4-1): ლამპრე - საავედრა, მელეანი, სენტერო, კაბრერა, გუტიერესი - ასოგუე, კამპოსი, შმედბერგი (85. ალგარანასი), არსე (46. მაჩადო) - დუკი (24. დ. ბეხარანო)
გაფრთხილება: ბანეგა, კუესტა - სენტერო, კამპოსი, მელეანი
კუთხური: 2-0 ჯარიმა: 11-15 თამაშგარე: 4-0 კარში დარტყმა: 14(6)-3(1) ბურთის ფლობა: 86%-14%
მაყურებელი: 45 753

თ მ ფ წ ბ ქ
1. არგენტინა 3 3 0 0 10-1 9
2. ჩილე 3 2 0 1 7-5 6
3. პანამა 3 1 0 2 4-10 3
4. ბოლივია 3 0 0 3 2-7 0

1/4-ფინალი
16 ივნისი
აშშ-ეკვადორი 05:30
17 ივნისი
პერუ-კოლუმბია 04:00
18 ივნისი
არგენტინა-ვენესუელა 03:00
მექსიკა-ჩილე 06:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული