ამბები მთელი ევროპიდან: დანი ალვეში "იუვენტუსის" ფეხბურთელია, ბლანი წავიდა

AutoSharing Option
ევრო 2016-მა და კოპა ამერიკამ ფეხბურთის გულშემატკივართა ყურადღება ლამის მთლიანად წაიღო. არადა, საფეხბურთო ამბები ამ კონტინენტური ბატალიების გარეთაც ხდება. საინტერესო ინფორმაციები, ძირითადად, ტრანსფერებს შეეხება.

იტალია: არის ალვეში
გუშინ ტურინის "იუვენტუსმა" ბრაზილიის ნაკრების მცველი დანი ალვეში გაიფორმა. 33 წლის ექსბარსელონელმა ახალ კლუბთან 2018 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი. ამის შემდეგ კონტრაქტი ერთი სეზონით შეიძლება გაგრძელდეს, ოღონდ ეს უკვე კლუბის პრეროგატივაა.

დანი ალვეში 2008 წლიდან "ბარსელონაში" თამაშობდა და კატალონიური გრანდის მნიშვნელოვანი ფიგურაც იყო, მაგრამ ის "იუვენტუსში" გადასვლამდე დაშორდა "ბარსას", ტურინში კი თავისუფალი აგენტის სტატუსით
ჩავიდა.

ალვეში ტურინში კვირას ჩაფრინდა. გუშინ მან სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. შემტევი ტიპის მცველი ალვეში ევროპამ "სევილიის" წყალობით გაიცნო, როცა 19 წლის ასაკში შეიძინა "ბაიასგან". დანიმ ანდალუსიაში 5 წელიწადი გაატარა და შემდეგ "ბარსელონაში" დაწინაურდა. ეს ტრანსფერი მსოფლიოში მცველებს შორის მესამე ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი იყო. "იუვენტუსში" ალვეში შტეფან ლიხტშტაინერის ალტერნატივა იქნება მარჯვენა ფლანგზე. 32 წლის შვეიცარიელს არცთუ წარმატებული ევრო ჰქონდა.

* * *
იტალიაში ბევრს მსჯელობენ, თუ ვინ იქნება "მილანის" თავკაცი 2016/17 წლების სეზონში. მილანური კლუბი ახალი თავკაცის ძიებაშია, რადგან კრისტიან ბროკიმ უკვე განუცხადა სილვიო ბერლუსკონის, რომ თანამდებობის დატოვება სურს. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ასეთ ვერსიას აქვეყნებს - "მილანი" ვინჩენცო მონტელას დანიშნავს. მონტელას კანდიდატურას "მილანის" ჩინელი ინვესტორებიც მხარს უჭერენ და თავად ბერლუსკონიც მომხრეა. ასევე, "სამპდორია" მზადაა, გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ გაუშვას მწვრთნელი "მილანში".

"გაძეტა დელო სპორტს" კი სხვა ვერსია აქვს, რომლის მიხედვითაც, "მილანში" ფაბიო კაპელო ბრუნდება, რომელიც 1991-96 წლებში უკვე წვრთნიდა გრანდს. ამ პერიოდში "მილანმა" ოთხი სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მედიაში აქტუალურია სხვა ვერსიებიც: "ემპოლის" ყოფილი თავკაცი მარკო ჯამპაოლო, ლუი ვან გაალი, ფრანკ დე ბური და ანდრე ვილაშ-ბოაში.

ესპანეთი: ლა ლიგა და ლა ლიგა 2
მადრიდის "რეალის" ფორვარდი ხესე "სამეფო კლუბთან" უახლოეს დღეებში გააგრძელებს კონტრაქტს, მაგრამ თამაშით სხვა კლუბში ითამაშებს იჯარით. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ "რეალი" ალვარო მორატას არ გაყიდის. თუ მორატა წავა, მაშინ ხესე "ლევერკუზენიდან", "ესპანიოლიდან" ან "ლას პალმასიდან" ერთ-ერთს აარჩევს და სეზონს იჯარით იქ გაატარებს.

ბასკური "ალავესი", რომელიც პრიმერა დივიზიონში სეგუნდადან აღზევდა, არგენტინელმა მაურისიო პელეგრინომ ჩაიბარა. 44 წლის პელეგრინოსთან 1-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ადრე პელეგრინოს "ვალენსიასა" და "ესტუდიანტესში" უმუშავია. 2005/06 წლების სეზონში პელეგრინო "ალავესის" ფეხბურთელი გახლდათ.

რახან სეგუნდაზე ჩამოვარდა საუბარი, ვიტყვით, რომ მალე ამ ტურნირს სახელი შეეცვლება და ლა ლიგა 2 დაერქმევა. ლა ლიგას კი ოფიციალურ დასახელებაში სპონსორის სახელი ჩაეხსნა (BBVA).

Sportall.Ge

საფრანგეთი: ბლანი წავიდა, ემერი მოდის
უნაი ემერიმ უკვე რამდენიმე დღეა, რაც "სევილია" დატოვა. ესპანური და ფრანგული მედია იტყობინება, რომ მას დღე-დღეზე წარადგენენ "პარი სენ-ჟერმენში". ეს უფრო ადრეც გაცხადდებოდა, მაგრამ ემერის ანდალუსიელებთან კონტრაქტის გაწყვეტის დეტალები არ ჰქონდა მოგვარებული. პსჟ "სევილიიდან" პოლონელი გჟეგოჟ კრიხოვიაკის წაყვანასაც გეგმავს და მის სანაცვლოდ ანდალუსიელებს 25 მილიონ ევროს სთავაზობს.

გუშინ პარიზულმა გრანდმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ლორან ბლანთან კონტრაქტი გაწყვეტილია. ბლანმა სამი სეზონი უხელმძღვანელა პარიზულ კლუბს და 11 ტიტული მოაგებინა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას ვერ მიაღწია.

"პსჟ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. მადლობას ვუხდი ლორან ბლანს ამ სამი წლის განმავლობაში გაწეული შრომისთვის, მადლობა კარგი საფეხბურთო სტილის დამკვიდრებისა და შედეგებისთვისაც", - განაცხადა პსჟ-ის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ.

გერმანია: მატება პირდაპირ ევრო 2016-დან
გელზენკირხენის "შალკემ" შვეიცარიელი ბრის ემბოლოს ტრანსფერი გამოაცხადა. 19 წლის ფორვარდი, რომელიც ევრო 2016-ზე თამაშობდა, "ბაზელიდან" გადავიდა. მასთან კონტრაქტი 2021 წლამდე გაფორმდა. კლუბებმა არ გამოაცხადეს, რა დაჯდა ემბოლოს ტრანსფერი.

მატებაა "ვოლფსბურგშიც", "მგლებმა" პსვ-სგან თითქმის 15 მილიონ ევროდ მცველი ჯეფრი ბრუმა იყიდეს, რომელიც 24 წლისაა.

"გლადბახმა" კონტრაქტი გაუგრძელა ფორვარდ რაფაელს, რომელმაც ბოლო სეზონში 13 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი მიითვალა. ახალი ხელშეკრულება 2019 წლამდეა გათვლილი, წინას კი ვადა 2018-ში ეწურებოდა.

Sportall.Ge

ინგლისი: მხითარიანი, მერე იბრა და ვიდა
გერმანული Ruhr Nachrichten-ი ირწმუნება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჰენრიხ მხითარიანთან კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა, უახლოეს დღეებში სომეხი ნახევარმცველი "წითელ ეშმაკებთან" 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და წელიწადში 12 მილიონ ევროს მიიღებს, "დორტმუნდი" კი მხითარიანის გაყიდვით 32-36 მილიონი ევროთი იხეირებს.

"გარდიანი" იტყობინება, რომ მხითარიანს მალე შეუერთდება ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომლის სანაცვლოდაც არაფერია გადასახდელი - იბრა თავისუფალი აგენტია. "ტრანსფერ მარკეტ ვების" ინფორმაციით, "მანჩესტერი" ხორვატ დომაგოი ვიდასაც დაიმატებს, რომლის თამაში ევრო 2016-ზე ჟოზე მოურინიოს ძალიან მოსწონებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული