გამომდინარე იქიდან, რომ მწვრთნელი სწორედ გულშემატკივარებს პასუხობდა, ინტერვიუ არათანმიმდევრულია და კითხვებიც დროსა და სივრცეშია არეული...
- ერთხელ თქვით, რომ ღარიბ ოჯახში გაიზარდეთ და რთული ბავშვობა გქონდათ. რა ისწავლეთ იმ პერიოდში?
- ფული მართლაც ცოტა გვქონდა, მაგრამ ძალიან თბილ, კარგ და დიდ ოჯახში გავიზარდე. დედაჩემი პარმეზანს აკეთებდა და ყიდდა, რომლის რეცეპტი დღემდე მახსოვს,
- კარიერის დიდი ნაწილი "მილანში" ითამაშეთ. როგორ გრძნობდით თავს უამრავი ვარსკვლავის გარემოცვაში?
- კარგი დრო შევარჩიე "მილანში" გადასასვლელად და იქ ყველაფერი მოვიგე, რისი მოგებაც შეიძლებოდა. მართლაც ბრწყინვალე ფეხბურთელებთან მოვხდი და ეს წარმატებებიც სრულიად დამსახურებული იყო. გუნდი ერთ მუშტად იყო შეკრული, წარმატების მთავარი შემოქმედი კი მაინც არიგო საკი გახლდათ, რომელმაც ზუსტად იცოდა რა უნდოდა თითოეული ფეხბურთელისგან.
- რომელი უფრო ძლიერი გუნდია: 90-იანი წლკების "მილანი" თუ პეპ გვარდიოლას შექმნილი "ბარსელონა"?
- ძალიან რთული კითხვაა, რადგან ბოლო 20 წელიწადში ფეხბურთი ძალიან შეიცვალა. ვფიქრობ, "ბარსელონა" უფრო სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ რომელი გუნდია უფრო ძლიერი, ამის თქმა შეუძლებელია. მით უმეტეს, თამაშის წესებიც კი შეიცვალა და თანამედროვე გუნდები სულ სხვა სტილში თამაშობენ. ჩვენ დროს, ოფსაიდის ხაზი ზემოთ იყო აწეული, რადგან პასიური თამაშგარის ცნება არ არსებობდა, რაც ფეხბურთელებს სულ სხვა ამოცანების წინაშე გვაყენებდა. მაშინ, გოლის გატანა უფრო რთული იყო.
- ბევრმა არ იცის, რომ 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თქვენ იტალიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში იყავით და არიგო საკის ეხმარებოდით. რა ისწავლეთ იმ პერიოდში და დაამშვიდეთ თუ არა რობერტო ბაჯო ფინალში გაფუჭებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ?
- არიგო საკი უდიდესი მწვრთნელია და მისგან ბევრი რამ ვისწავლე. იტალიის ნაკრებში სამი წელი გავატარე და ეს მართლაც ფასდაუდებელი გამოცდილება იყო. იქიდან დაიწყო ჩემი სამწვრთნელო კარიერა, რომელიც წამატებით გაგრძელდა. რაც შეეხება რობერტო ბაჯოს, არაფერი მითქვამს, ან რა იყო სათქმელი. გუნდში ყველაზე კარგად თერთმეტმეტრიანებს რობერტო ბაჯო და ფრანკო ბარეზი ასრულებდნენ და სწორედ მათ ვერ გაიტანეს. პენალტების სერია ლატარეაა, სადაც ტექნიკაზე მეტად ფსიქოლოგიური მდგომარეობაა მნიშვნელოვანი.
- ორი სეზონი "იუვენტუსში" იმუშავეთ, თუმცა ტურინელ გულშემატკივრებს ვერ შეაყვარეთ თავი. ჩემპიონთა ლიგის 2003 წლის ფინალში, თქვენმა "მილანმა" სწორედ "იუვეს" მოუგო. ეს თქვენთვის რევანში იყო?
- "იუვენტუსის" გულშემატკივრები არ იყვნენ ჩემდამი კარგად განწყობილნი, რადგან კარიერა "რომასა" და "მილანში" გავატარე, ეს გუნდები კი სწორედ "ვეკია სენიორას" კონკურენტები იყვნენ სკუდეტოსთვის ბრძოლაში. 1983 წელს, "რომასთან" ერთად მოვიგე სკუდეტო და ფანტასტიკურ "იუვენტუსს" ვაჯობეთ, სადაც პლატინი, ბონეკი, ტარდელი, შირეა და ძოფი თამაშობდნენ. შემდეგ უკვე "მილანის" და "იუვენტუსის" კონკურენციის ჯერი დადგა. 2003 წელს, ჩემი პირველი ლიგა მოვიგე მწვრთნელის რანგში და უბედნიერესი ვიყავი, რევანშზე კი ნამდვილად არ მიფიქრია.
- მწვრთნელის რანგში, ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგეთ, სკუდეტო კი მხოლოდ ერთხელ. რას უნდა მივაწეროთ ასეთი სტატისტიკა?
- მართლა უცნაური სტატისტიკაა და საწყენია, რომ სკუდეტო მხოლოდ ერთხელ მაქვს მოგებული. 8 წლის განმავლობაში, ჩემმა "მილანმა" არაერთხელ დაიკავა მეორე ადგილი, მაგრამ ჩემპიონობამდე ყოველთვის რაღაც გვაკლდებოდა. 1997 წელს, "პარმასთან" ერთად ვიყავი მეორე და იქაც შეგვეძლო გაპირველება. რას ვიზამთ, ეს ფეხბურთია.
- როგორ ხსნით 2005 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპულთან" განცდილ მარცხს და დრო რომ უკან დაბრუნდეს, რას შეცვლიდით გუნდის თამაშში?
- ხშირად ვიხსენებ იმ შეხვედრას და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არაფერს შევცვლიდი. ჩვენ ბრწყინვალედ ვითამაშეთ 114 წუთის განმავლობაში, მეტოქემ კი მხოლოდ 6 წუთი ითამაშა და მოიგო. ჩემი თავკაცობით, "მილანმა" სამჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, საიდანაც ორი მოვიგეთ, თუმცა არც ერთ შეხვედრაში ისე კარგად არ გვითამაშია, როგორც წაგებულ მატჩში. ფეხბურთი გენიალური სპორტია, თუმცა ხშირად აუხსნელი და ამოუცნობი.
- შესვენებისას თქვენი ფეხბურთელები უკვე ზეიმობდნენ გამარჯვებას?
- არა, არა და კიდევ ერთხელ, არა. ასეთი ხმები მეც მომივიდა, მაგრამ სრული სისულელეა და მეტი არაფერი. ძალიან გახარებულები ვიყავით, რადგან პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩავატარეთ და სოლიდური უპირატესობა მოვიპოვეთ, მაგრამ კარგად გვესმოდა, რომ ბრძოლა ჯერ არ იყო დასრულებული.
- 2009/10 წლების სეზონში, თქვენი "ჩელსი" პრემიერლიგის გამარჯვებული გახდა და ჩემპიონატში 100-ზე მეტი გოლი შეაგდო. რით იყო განპირობებული ეს წარმატება?
- რაც არ უნდა გააკეთოს მწვრთნელმა, შედეგს მოედანზე ფეხბურთელები დებენ. ამიტომ, იმ "ჩელსის" წარმატების ფორმულა უმაღლესი კლასის მოთამაშეები იყვნენ, რომლებმაც იცოდნენ, რა უნდა ეკეთებინათ მოედანზე. ნიკოლა ანელკა, დიდიე დროგბა, მიხაელ ბალაკი, ფრენკ ლამპარდი და კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო...
- ცნობილია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედთან" განცდილი მარცხის შემდეგ, გასახდელში რომან აბრამოვიჩი შემოვიდა. ხომ არ ანერვიულდით იმ მომენტში?
- ნორმალურია, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის შემდეგ, ფეხბურთელებთან გასაუბრება კლუბის პრეზიდენტს სურს. გასახდელში მკვდარი სიჩუმე იყო, რომელიც მე დავარღვიე და რამდენიმე წინადადება ვთქვი.
- პრემიერლიგის 2010/11 წლების სეზონის ბოლო მატჩი სულ ახალი დასრულებული იყო, როდესაც "ჩელსიდან" თქვენი გათავისუფლების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ნაწყენმა დატოვეთ ლონდონი?
- ნამდვილად არა, რადგან ვიცოდი, რომ მომდევნო სეზონიდან "ჩელსის" ახალი მწვრთნელი ეყოლებოდა. ამიტომ, ეს ინფორმაცია ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. არ მახსენდება მწვრთნელი, რომელიც ერთხელ მაინც არ გაეთავისუფლებინოთ დაკავებული პოსტიდან და ამიტომ, ამაში საწყენი არაფერია.
- პსჟ-ში თქვენი შეგირდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი იყო, რომელზეც ამბობენ, რომ რთული ხასიათი აქვს...
- იბრა მხიარული ბიჭია და უყვარს ხუმრობა, თუმცა ამასთან, ის ყოველთვის რჩება პროფესიონალად. ზლატანი ინდივიდუალურად უძლიერესი ფეხბურთელია, მაგრამ მუდმივად მუშაობს გუნდზე. ამით, ის კრიშტიანო რონალდოს ჰგავს.
- რთულია კრიშტიანო რონალდოსთან გაწვრთნა?
- პირიქით, ძალიან ადვილია, რადგან პროფესიონალია და ყოველთვის იცის, რა უნდა აკეთოს როგორც ვარჯიშზე, ისე თამაშზე. რონალდოს შეგიძლია არაფერი უთხრა და ის თავისით მიხვდება ყველაფერს. ძალიან გამიმართლა, რომ ასეთ დიდ ფეხბურთელს ვწვრთნიდი. ვფიქრობ, რონალდოს და მესის ძალიან დაეხმარათ ერთმანეთთან კონკურენცია.
- როდესაც "რეალში" დაინიშნეთ, თქვენი პრიორიტეტული მიზანი ჩემპიონთა თასის მეათედ მოგება იყო?
- დიახ, ასეა, რადგან მადრიდში ყველა ამაზე ოცნებობდა. "რეალს" დიდი ხანი არ ჰქონდა მოგებული ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირი და ბუნებრივია, რომ პრიორიტეტულ მიზნად იყო ქცეული. საბედნიეროდ, ჩვენ ეს შევძელით და ლიგა მეათედ მოვიგეთ.
- შემდეგი სეზონი "რეალში" ნაკლებად წარმატებული გამოვიდა. ხომ არ გამოიწვია ჩავარდნა ხაბი ალონსოს და ანხელ დი მარიას გასხვისებამ?
- უნდა ვაღიარო, რომ ჩაბი ალონსო და ანხელ დი მარია ძალიან დაგვაკლდნენ და მათ გარეშე გაგვიჭირდა მწვერვალზე ადგილის შენარჩუნება. სეზონის სტარტი ბრწყინვალე გვქონდა, რადგან ზედიზედ 22 მატჩი მოვიგეთ, შემდეგ კი ლუკა მოდრიჩი და სერხიო რამოსი დაგვიშავდნენ, რამაც გუნდში ბალანსი დაარღვია. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავედით და ესპანეთის პირველობაზე ჩემპიონ "ბარსელონას" მხოლოდ ერთი ქულით ჩამოვრჩით.
- ფიქრობთ, რომ "რეალში" თქვენთვის მეტი დრო უნდა მოეცათ?
- როდესაც კონტრაქტს ვაფორმებდი, მაშინვე მითხრეს, რომ ტიტულის გარეშე დარჩენა ჩემი გათავისუფლების ტოლფასი იქნებოდა. "რეალი" მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბია და ნებისმიერი მწვრთნელი ისურვებდა იქ მუშაობას. ამიტომ, არაფერს ვნანობ და მადრიდში გატარებულ დროს სიამოვნებით ვიხსენებ.
- ვისთან უფრო კომფორტული იყო მუშაობა, სილვიო ბერლუსკონისთან "მილანში", ფლორენტინო პერესთან "რეალში", თუ რომან აბრამოვიჩთან "ჩელსიში"?
- თავის დროზე, თითოეულმა მათგანმა ჩემი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათზე ნაწყენი ვარ. სილვიო ბერლუსკონისთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს და ამიტომ, მასთან ურთიერთობა ჩემთვის ყველაზე კომფორტული იყო. მე ძველი მილანელი ვარ და ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს. ფლორენტინო პერესთან და რომან აბრამოვიჩთან კარგი ურთიერთობა მქონდა, თუმცა რაც ეს კლუბები დავტოვე, მათთან შეხება არ მქონია.
- ალექს ფერგიუსონმა დანანებით აღნიშნა, რომ მისი წასვლის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" თქვენ არ ჩაიბარეთ...
- ფერგიუსონი პირადად მესაუბრა და მანჩესტერში ჩასვლა შემომთავაზა, მაგრამ იმ დროს, მე უკვე სიტყვა მქონდა მიცემული ფლორენტინო პერესისთვის და ჩემი "რეალში" დანიშვნა გადაწყვეტილი იყო. სერ ალექსს, რომ ცოტა უფრო ადრე დაერეკა, მანჩესტერულ ვარიანტზე კარგად დავფიქრდებოდი.
- იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, რომელთა გადაბირება გსურდათ და არ გამოვიდა?
- რა თქმა უნდა, იყვნენ. "მილანში" ძალიან მინდოდა სტივენ ჯერარდის გადაყვანა, მაგრამ მას "ლივერპულის" დატოვება არ სურდა. ასევე, მინდოდა ფრანჩესკო ტოტისთან მუშაობა, მაგრამ ეს არარეალური იყო, რადგან ის რომს არასდროს დატოვებდა, მე კი "ჯალოროსიში" არ მიმუშავია. თუმცა, ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ "პარმაში" ყოფნისას, რობერტო ბაჯო ვერ გადმოვიყვანე. მას სურდა ჩვენთან თამაში, მაგრამ არა იმ პოზიციაზე, რომელსაც მე ვთავაზობდი. ამიტომ, ჩვენი მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. დღეს რომ იგივე სიტუაციაში ვიყო, ბაჯოს აუცილებლად გადმოვიყვანდი და მოედანზე სრულ თავიუფლებას მივცემდი.
- რით ახსნით "ლესტერის" ტრიუმფალურ სეზონს პრემიერლიგაში?
- კლაუდიო რანიერის ნამუშევარი აქვს იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში და ინგლისში, ამ გამოცდილებამ კი მისი "ლესტერი" ისტორიულ გამაჯვებამდე მიიყვანა. რანიერის გუნდი ერთ მუშტად იუყო შეკრული და ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებული. ამასთან, გუნდში არაერთი მაღალი კლასის ფეხბურთელი შეიკრიბა კანტეს, მაჰრეზის და ვარდის მეთაურობით. ისიც ვთქვათ, რომ "ლესტერის" ფეხბურთელები ტრავმებს აცდნენ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
- როგორ ფიქრობთ, წარმატებით იმუშავებს "ჩელსიში" ანტონიო კონტე?
- კონტე ნამდვილი მებრძოლი და, რაც მთავარია, პროფესიონალია. იტალიის შემდეგ, ინგლისი ნამდვილ სამოთხედ მოეჩვენება, რადგან იქ ნაკლები სტრესი, წნეხი, აგრესია და ისტერიული ფონია, რაც იტალიური ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. ინგლისური და იტალიური ფეხბურთი რადიკლურად განსხვავდება ერთმანეთისგან და მთავარია, ანტონიომ ადაპტაცია მალე გაიაროს. "ჩელსის" იტალიელ მწვრთნელებში უმართლებდა და იმედია, ამჯერადაც ასე იქნება.
- რომელი ჩემპიონატის მოგებაა უფრო რთული, სადაც თქვენ გიმუშავიათ?
- ევროასპარეზზე ესპანური გუნდები დომინირებენ და აქედანაც ჩანს, რომ იქ საერთო დონე ყველაზე მაღალია. იტალიაში მწვრთნელი მუდმივად კონცენტრირებული უნდა იყოს, რადგან შესაძლოა, თამაშში სამი-ოთხჯერ მოგიწიოს ტაქტიკური სქემის შეცვლა. ერთი თამაში 4-4-2-ით უნდა ჩაატარო, მეორე 3-5-2-ით, მესამე 4-3-3-ით და ა.შ. საფრანგეთში მარტო ერთი გუნდია და ეს პსჟ-ია.
- რატომ ჩაიბარეთ "ბაიერნი" და რა შეიძლება გააუმჯობესოთ გუნდში, რომელმაც 4-ჯერ ზედიზედ მოიგო ბუნდესლიგა?
- კარგი დამთხვევა იყო, რადგან კლუბს სჭირდებოდა მწვრთნელი, მე კი მჭირდებოდა სამუშაო. ჩემპიონთა ლიგის ბოლო ხუთ გათამაშებაში, "ბაიერნი" ხუთჯერ გავიდა ნახევარფინალში, თუმცა თასი მხოლოდ ერთხელ მოიგო. მიზანი ნათელია და ჩვენ ვეცდებით, რომ ავიდეთ ევროპის მწვერვალზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"