ტრანსფერ ONLINE. 3 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
14:33. ზუსტად 4 წლის წინათ, პოლ პოგბა "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდა, ახლა კი მისი სავარაუდო ტრანსფერი ყველაზე "ცხელი" თემაა.

14:39. Times-ი წერს, რომ ამ ზაფხულს "არსენალის" სატრანსფერო ბიუჯეტი გაიზრდება, რადგან 82,5 მილიონი ევრო ვერაფრით ეყოფა იმ მიზნების შესრულებას, რომლებსაც კლუბის ხელმძღვანელობა ისახავს: შკოდრან მუსტაფისა და ალეკსანდრ ლაკაზეტის ყიდვას.

14:39. "ლიონმა" "არსენალის" წინადადება ლაკაზეტზე (34 მილიონი ევრო) იუარა.

14:49. ისევ ის წყარო - "ჩელსი" მზად არის, რომელუ ლუკაკუს დასაბრუნებლად "ევერტონს" 79 მილიონი ევრო გადაუხადოს. ამბობენ, რომ ეს "ლურჯების" ბოლო წინადადებაა, მაგრამ "ევერტონი"
გათავხედებულია - ბელგიელი ფორვარდის სანაცვლოდ 88 მილიონს ითხოვს.

14:53. Daily Mail-ი კი დარწმუნებულია, რომ 79 მილიონი ევრო ბოლო წინადადება სულაც არ არის. შესაძლოა, "ჩელსიმ" ლივერპულელებს 75 მილიონი და ლოიკ რემი შესთავაზოს.

15:00. გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი იულიან დრაქსლერი მზადაა, "ვოლფსბურგიდან" წავიდეს. "როცა "ვოლფსბურგში" მოვედი, ხელმძღვანელობამ აღმითქვა, რომ, როცა მომინდებოდა, კლუბის დატოვებას შევძლებდი. მე ახლა წასვლა მინდა, ოღონდ საზღვარგარეთულ ტოპ-კლუბში", - მოჰყავს დრაქსლერის სიტყვები Bild-ს.

15:13. გერმანელი ჟურნალისტები თანხმდებიან, რომ დრაქსლერს ლონდონის "არსენალში" სურს წასვლა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ უზრდიან არსენ ვენგერს სატრანსფერო ბიუჯეტს.

15:41. თურქული მედია ამტკიცებს, რომ "სპარტაკის" ფეხბურთელი ბოკეტი "ბეშიქთაშთან" 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, "სპარტაკი" 2 მილიონ ევროს მიიღებს, ბოკეტი - 1,5 მილიონს წელიწადში.

15:48. "სპარტაკს" ბოკეტის შეცვლა, რა თქმა უნდა, ხორვატი ვედრან ჩორლუკათი სურს. ჯანო ანანიძის გუნდი თანახმაა, "ლოკომოტივს" 7 მილიონი ევრო გადაუხადოს, მაგრამ რკინიგზელებს 15 მილიონი სურთ. თუ ეს ტრანსფერი არ გამოვიდა, სარეზერვო ვარიანტი "რუბინის" საბა კვირკველიაა.

15:53. "სპორტ-ექსპრესი" წერს, რომ "სპარტაკში" შესაძლოა, ლისაბონის "ბენფიკას" მცველი ჟარდელი გადავიდეს. ბრაზილიელი უკვე 30 წლისაა.

15:54. "შალკეს" სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ჰაიდელმა განაცხადა, რომ ლეროი სანეს გაყიდვისგან მიღებული 50 მილიონი ნაწილობრივ ფეხბურთელების საყიდლად დაიხარჯება, ნაწილობრივ კი - კლუბის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. მან ასევე განაცხადა, რომ მსოფლიოში არც ერთი ფეხბურთელი არ ღირს 50 მილიონი, მაგრამ ჩვენც, როგორც ყველა, ბაზრის დღევანდელი სიტუაციით ვსარგებლობთო.

16:02. "ბეშიქთაშის" წარმომადგენელმა უარყო, თითქოს, მარიო გომესი "ვესტ ჰემს" ელაპარაკება. გერმანელს ორი ვარიანტი აქვსო - "დორტმუნდი" და "ბარსა".

16:05. "ვესტ ჰემში" დავიდე სანტონი გადადის. ამ ინფორმაციის წყარო ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციოა. "ინტერი" მას იჯარით გაუშვებს, გამოსყიდვის უფლებით.

16:08. Sky Sports-ი უფრო შორს მიდის - სანტონის იჯარა წელიწადში 500 ათასი ევრო იქნებაო.

16:15. "ნიუკასლი" "რეალს" მუსა სისოკოს სანაცვლოდ 41,5 მილიონ ევროს სთხოვს. მოლაპარაკება ჩიხშია შესული.

16:20. არგენტინელი ფედერიკო ფასიო უკვე რომშია და ჟურნალისტებთან "რომას" შარფით პოზირებს.

16:27. დი მარციო გვატყობინებს, რომ "მილანი" "ვილიარეალიდან" იჯარით აიყვანს ურუგვაელ მატეო მუსაჩიოს.

16:32. "ევერტონს" "სუონსიდან" უარი შეუთვალეს - ეშლი უილიამსი არ იყიდება. ყოველ შემთხვევაში, 11,8 მილიონ ევროდ.

16:39. აი, დასრულებული ტრანსფერიც - "ჩელსიმ" გამოაცხადა, რომ მოჰამედ სალაჰი უკვე "რომას" სრულუფლებიანი ფეხბურთელია, არავითარი იჯარა.

16:53. "ასტონ ვილამ" გადაწყვიტა, 16,5 მილიონ ევროდ 29 წლის შოტლანდიელი როს მაკორმაკი იყიდოს. და ეს ხდება ჩემპიონშიპში!

16:57. იქვე მაკორმაკის ყოფილმა კლუბმა "ფულემმა" ტრანსფერი დაადასტურა.

17:02. ამბობენ, რომ მარუან ფელაინიმ გადაწყვიტა, დარჩეს და იბრძოლოს "იუნაიტედის" შემადგენლობაში მოხვედრისთვის.

17:11. Football Italia წერს, რომ ანტონიო კანდრევა მილანის "ინტერში" სამედიცინო შემოწმებაზე იმყოფება. ტრანსფერის თანხა 21 მილიონი ევრო, პლუს 4 მილიონის ბონუსებია.

17:17. გაბრიელ ჟესუსი "პალმეირასიდან" ძალიან ახლოსაა "სიტისთან" კონტრაქტის გაფორმებასთან.

17:39. "ლესტერმა" პოლონელი ბარტოშ კაპუსტკა წარადგინა. კაპუსტკა ხუთი წელი "მელა" უნდა იყოს.

17:49. Diario de Noticias-ი წერს, რომ "ევერტონი" ვილიამ კარვალიოთია დაინტერესებული.

17:52. ანდერსონ ტალისკა შესაძლოა, "ბენფიკადან" "ვულვერჰემპტონში" გადავიდეს.

17:54. L'Equipe-ი დარწმუნებულია, რომ ოლა ტოივონენი "რენიდან" "ტულუზში" გადავა. ის სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

18:05. ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ამტკიცებს, რომ პოლონელი ზიელინსკი დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის "ნაპოლიში".

18:20. "მილანს" ხუან კუადრადო აინტერესებს, მაგრამ სანამ ამ კლუბში ახალი მეპატრონე არ მოსულა, ძნელი წარმოსადგენია ასეთი მსხვილი ტრანსფერი.

18:27. Goal.com-ს მოჰყავს ზინედინ ზიდანის სიტყვები - "ნახევარდაცვაში ბევრი კარგი ფეხბურთელი მყავს და იქ დამკვიდრება ძნელია. დავბრუნდებით მადრიდში და მერე გადავწყვეტთ, ვინ რჩება და ვინ არა".

18:27. კირან კლარკი "ნიუკასლის" ფეხბურთელია.

18:33. "ლესტერი" კასპერ შმეიხელს ხელფასს უზრდის - დანიელი ამიერიდან კვირაში 118 ათას ევროს მიიღებს.

18:49. Goal.com-ი დარწმუნებულია, რომ მუსტაფის სანაცვლოდ "არსენალი" "ვალენსიას" 23,5 მილიონ ევროს შესთავაზებს.

19:21. "მანჩესტერ სიტიმ" ოფიციალურად დაადასტურა გაბრიელ ჟესუსის ტრანსფერი.

19:28. "სანდერლენდში" სამხრეთაფრიკელი სტივენ პიენაარი ვარჯიშობს. საინტერესოა, სად იპოვეს?

19:31. იონას ჰექტორისთვის მოკრძალებული "კიოლნი" უკვე პატარა კლუბია, "ლივერპული" მის სანაცვლოდ 23,5 მილიონ ევროს იხდის.

19:35. ტობიას ვერნერი "შტუტგარტის" ფეხბურთელია.

19:39. და აი, ისიც - ანტონიო კანდრევა უკვე არა "ლაციოს", არამედ "ინტერის" ფეხბურთელია, ოფიციალურად!

20:02. იმის მიუხედავად, რომ ფასიო სულ მალე "რომას" მცველი გახდება, "რომა" კიდევ ერთმა მცველმა შეიძლება შეავსოს - თომას ვერმალენმა.

20:12. "სტოკ სიტი" საიდო ბერაჰინოს არ ეშვება.

20:24. "სანდერლენდი" ხორვატ დომაგოი ვიდაში კიევის "დინამოს" 5,8 მილიონ ევროს უხდის.

20:33. "ვოლფსბურგი" განმარტავს, რომ დრაქსლერს საკუთარი ნებით წასვლის (გამოსასყიდი თანხის სანაცვლოდ) უფლება 2017 წლის ზაფხულისთვის მისცეს. ასე რომ, მან უნდა დაიცადოს, "არსენალმაც".

20:39. მოჰამედ დიამე "ნიუკასლის" ფეხბურთელია.

20:50. "უტრეხტის" ტიმო ლეტსჰერტი "სასუოლოს" ფეხბურთელი გახდა.

21:10. რობინ ვან პერსი "ტვიტერზე" ვარდისა და მაჰრეზის მიმდევარი გახდა. შესაძლოა, ეს "ლესტერში" ტრანსფერის წინაპირობაა?

21:19. ესპანელი ესპანეთს დაუბრუნდა - "ვერდერის" მცველი ალექს გალვესი "ეიბარში" ითამაშებს.

21:25. მარკო ბორიელო "კალიარიში" ითამაშებს.

21:34. დი მარციო ირწმუნება, რომ "ლაციოს" მორიტც ლაიტნერი აინტერესებს.

21:43. France Football-ი დარწმუნებულია, რომ სოფიან ბუფალი "ტოტენჰემის" ფეხბურთელი გახდება.

21:45. კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ დიდი შანსია, "ბაიერნი" გააქტიურებს კინგსლი კომანის გამოსყიდვის ოპციას და ახალგაზრდა ფრანგს დაიბრუნებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დინამოს გასაგონად ხომ ხედავთ ხალხი რა თანხებს ხარჯავს გუნდის გასაძლიერებლად ევროპაში. ასე უნდა მოიქცეთ თქვენც თუ გინდათ შედეგი.
kika
10:29 04-08-2016
0

სიახლეები პოპულარული